skip to content
ახალი ამბები

კავკასიის უნივერსიტეტის დეკანი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის გამო გაათავისუფლეს

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა 14 მაისს ფეისბუქზე დაწერა, რომ იგი „ოფშორების“ კანონის გამო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკისთვის სამსახურიდან გაუშვეს.

„29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან “ბიძინას ვაგინებდი” (ეს ტყუილია, არ მიგინებია, უბრალოდ მკაცრად გავაკრიტიკე “ოფშორების კანონის” გამო, თუმცა მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა)“, – დაწერა ბერიკაშვილმა. მისი თქმით, 7 მაისს გამოიცა ბრძანება და გაუიშვეს სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით.

კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ უარყო ბრალდება და აღნიშნა, რომ ბერიკაშვილი იყო „ყველაზე სუსტი დეკანი კავკასიის უნივერსიტეტში და ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი“. მისი თქმით, ის, რაც ბერიკაშვილმა „იკადრა არის ღალატი“.

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მასთან მქონდა რთული ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტის გამო, ბოლოსდაბოლოს იძულებული გავხდი სამსახურიდან გამეშვა, სამწუხაროდ დაემთხვა იმ დროს, რაც მან შესანიშნავად გამოიყენა“, – დაწერა შემნგელიამ ფეისბუქზე.

დღესვე უნივერსიტეტის კიდევ რამდენიმე ლექტორმა, მათ შორის ლევან ბერძენიშვილმა, დავით ქაშიაშვილმა, ნიკო ნერგაძემ, ნინო რობაქიძემ, სალომე უგულავამ, დათო ჭუმბურიძემ, რუსიკო კობახიძემ და ლევან მოსეშვილმა, თანამდებობები დატოვეს. მათ გააპროტესტეს რექტორის გადაწყვეტილება, რომ ხელი მოეწერა 38 რექტორის წერილზე, რომელიც სტუდენტურ ბოიკოტს გმობდა.

ერთ-ერთმა ლექტორმა, ნიკო ნერგაძემ დაწერა: „კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება. ჯერ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გააგდო ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი, შემდეგ კი ხელი მოაწერა განცხადებას, რომლის სულისკვეთებასაც ეწინააღმდეგება სტუდენტებისა და ლექტორების დიდი ნაწილი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button