ახალი ამბები

არასამთავრობოები ანრი ოხანაშვილს ოპოზიციის გასაჩუმებლად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ

ოცმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 29 აპრილს ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი „ბოროტად იყენებს უფლებამოსილებას და ზღუდავს დეპუტატების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გარანტირებულ შესაძლებლობას – ოპონირება გაწიონ, დასვან მწვავე კითხვები და მიიღონ პასუხები“.

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენის დროს, ანრი ოხანაშვილმა ათზე მეტი ოპოზიციონერი დეპუტატი დარბაზიდან გააძევა. „კითხვის დასმის შესაძლებლობა ეზღუდებათ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის სიტყვის ჩამორთმევის და გაძევების პრაქტიკა „არღვევს წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს“. განცხადების თანახმად, ოხანაშვილის ეს ქმედება არ შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის ნორმებს.

„ამასთანავე, ოხანაშვილი უხეშად ერევა პარლამენტის წევრების უფლებაში, თავად განსაზღვრონ კითხვის შინაარსი და არ აძლევს სათანადო დროს მის დასასმელად, რითაც იხშობა კრიტიკული აზრი და ხელოვნურად იქმნება „რუსული კანონის” ერთპარტიულად განხილვის გარემო“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოები მოუწოდებენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სხდომაზე მყოფ პირებს, მაქსიმალურად მისცეს კითხვების დასმისა და საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button