ახალი ამბები

პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების მიზნით ნიდერლანდებს მიმართა

საქართველოს პროკურატურამ ნიდერლანდების კომპეტენტურ უწყებებს საქართველოში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაუსწრებლად გასამართლებული ყოფილი მთავარი პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით მიმართა. ინფორმაცია ამის თაობაზე პროკურატურამ „სამოქალაქო საქართველოს“ მიაწოდა. ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, ზურაბ ადეიშვილი ამჟამად ჰააგაში იმყოფება.

პროკურატურის თქმით, ნიდერლანდების კომპეტენტური უწყებებისთვის მიმართვის გადაწყვეტილება საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას ეფუძნება.

მანამდე, 12 მარტს, პროკურატურამ იგივე თხოვნით გერმანიას და ბელგიას მიმართა.

ცოტა ხნის წინ, ზურაბ ადეიშვილი უკრაინის დელეგაციების ფარგლებში ბრიუსელსა და ბერლინს სტუმრობდა, რასაც „ქართული ოცნებისა“ და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის, გერმანიისა და ევროკავშირის მწვავე კრიტიკა მოყვა.

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა, ზურაბ ადეიშვილმა ქვეყანა 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვა და იგი ამ დრომდე უცხოეთში ცხოვრობს. საქართველოს პროკურატურას 2013 წლიდან ზურაბ ადეიშვილზე, არაერთი ბრალდებით, ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა მის ექსტრადირებას ვერ მიაღწია. 2015 წელს ინტერპოლმა ადეიშვილის წითელი ცილკულარით საერთაშორისო ძებნა, მისი გამოცემიდან ორი წლის თავზე შეწყვიტა. უკრაინის მაიდნის შემდეგ, ადეიშვილი, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში გადასახლდა, სადაც იგი ამჟამად უკრაინის ხელისუფლებისთვის მუშაობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button