ლეჩხუმის მაზრაში სახალხო გვარდია დაარსდა
ლეჩხუმის გვარდია
“ერთობა” 1919 წლის 22 აგვისტო
ლეჩხუმის მაზრაში სახალხო გვარდია დაარსდა და მუშაობა დაიწყო გვარდიის შტაბმა ამა წლის მარტის შუა რიცხვებში. ამ ხნის, ე. ი. ექვსი თვის განმავლობაში შტაბის წევრების მხნე მუშაობის წყალობით ლეჩხუმის გლეხობამ იგრძნო გვარდიის მნიშვნელობა და ყველა ისინი, ვინც შარშან მთავრობისა და გვარდიის წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძოდენ, დღეს ისინი აშკარათ ამბობენ: აი, ეხლა რომ გვარდია არის, სწორეთ ჩვენც ეს გვინდოდაო, მაგრამ ხულიგანებმა გადაგვძალეს და თავიანთ სასარგებლოთ გვაბრძოლესო.
დღეს ლეჩხუმის მაზრის მშრომელი ხალხი ერთიანათ შემოერთებულია გვარდიის ირგვლივ და ერთათ-ერთ თავის მხსნელათ მას გვარდია მიაჩნია, ყოველივე ეს რომ აშკარა და ნათელია, სჩანს შემდეგი გარემოებით: როგორც კი გაიგო ლეჩხუმის გლეხობამ შტაბის მოწოდება მამისონის უღელტეხილთან დენიკინის შემოსევის გამო, მიუხედავათ იმისა, რომ სწორეთ იმ დროს ლეჩხუმში ყველგან მკა იყო პურისა, ყველა გვარდიელებმა ნამგლები ყანებში მიატოვეს და ისე მიაშურეს ცაგერში გვარდიის შტაბისკენ, სადაც თავი მოეყარათ ბევრ არა გვარდიელებსაც და თხოულობდენ გვარდიაში ჩაწერას; გვარდიის შტაბს მოახდინა განკარგულება, სოფლის გვარდიელები შეგვაერთა მუდმივ გვარდიელებს, დაგვირიგეს ვისაც არ გვქონდა თოფები, ერთი პულემიოტი; გადმოგვცეს გვარდიის დროშა და კაპიტან გურულის ხელმძღვანელობით გავსწიეთ ონისაკენ.
ჭრებალოში მისვლისას იქ დაგხვდენ ჭყვიშის საზოგადოების გვარდიელები, რიცხვით 25 კაცი, სწორეთ ამავე დროს მოგვივიდა ქუთაისის შტაბიდან გამოგზავნილი ტანისამოსი, ამ ტანისამოსის მიღების და ჩაცმის შემდეგ 28 ივლისს საღამოს უკვე ორპირი სიმღერით გადავედით რაჭის საზღვრებში. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რაჭის ხალხი განსაკუთრებულ ყურადღებით უყურებდენ ლეჩხუმელ გვარდიელებს, გზა და გზა ყველანი აღფრთოვანებით გვიყურებდენ, გვლოცავდენ და გვისურვებდენ გამარჯვებით დაბრუნებას, ამავე დროს ხშირათ გაიგონებდით ლეჩხუმის გვარდიელები რა „ზდაროვი“ ბიჭები ყოფილანო.
ასე ამ რიგათ 30 ივლისს მივედით ონში, იქ აღტაცებით მიგვიღო რაჭის გვარდიის შტაბმა, რომელმაც დიდი მადლობა გამოგვიცხადა ასე ჩქარი დახმარებისათვის, მეორე დღეს დილით ადრიან გაგვამგზავრეს სოფ. კვაჟისაკენ, იქ მივედით საღამოს, სწორეთ ვახშმის ჭამას ვაპირებდით, რომ შემოგვესმა ყვარილი: არიქა, გვიშველეთ კაჯიხოხის მაღლობიდან მტერი შემოგვესია, ჩვენები ყველანი ამოხოცესო, ჩვენ მაშინვე მივატოვეთ ვახშამი, საჩქაროთ გავსწიეთ წინ, იქ მისვლისას კი გამოირკვა, რომ მტერს ძალები მომატებია და რაჭველ გვარდიელებს სტრატეგიული მოსაზრებით უკან დაუხევიათ, რაჭის გვარდიელებიდან არც ერთი მკვდარი არ აღმოჩენილა, ხოლო ის მატყუარა კაცი კი აღმოჩნდა ონელი ჯანუაშვილი.
ჩვენმა მისვლამ რაჭველ გვარდიელებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია და შეერთებული ძალით გადაწყდა იერიშით სიმაღლე კაჯიხოხის უკან დაბრუნება. ამ დროს მივიღეთ ცნობა ონის შტაბიდან, რომ ლეჩხუმიდან გამოვიდა გუშინ ასამდე გვარდიელი, რომელსაც მოჰყვება თვით გვარდიის თავმჯდომარეცო. ამ გარემოებამ დიდი სიხარული გამოიწვია გვარდიელებში და ამბობდენ, რომ იმათ მოსვლამდე უნდა ავილოთ კაჯიხოხიო, მართლაც მიუხედავათ სასტიკი წინააღმდეგობისა, რაჭისა და ლეჩხუმის გვარდიელებმა კაჯიხოხიდან გავრეკეთ დენიკინელები და დავიკავეთ ეს მაღლობი ჩვენ, ამის შემდეგ რაჭის შტაბიდან მივიღეთ განკარგულება, რომ ლეჩხუმის გვარდიელები უკან დავბრუნებულიყავით. ამ განკარგულებამ ცოტა უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ყველას სურდა წინ ოსეთისკენ წასვლა, მაგრამ თანახმად შტაბის განკარგულებისა, ჩვენ დავბრუნდით ონისკენ, იქ შტაბში გავიგეთ, რომ ლეჩხუმის გვარდიელების მეორე ნაწილი რაჭის შტაბს დაუბრუნებია წესის საზოგადოებიდან, ცაგერიდან 53 ვერსზე.
ონში ლეჩხუმის გვარდიას სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა როგორც რაჭის შტაბმა, აგრეთვე პოლკოვნიკ ინწკირველმა, დილით კი ჩვენი დროშით და სიმღერით გამარჯვებულები წამოვედით ლეჩხუმისაკენ.
დასასრულ, მინდა დაუმატო, რომ არას დროს ლეჩხუმის მაზრაში ისეთი სიმშვიდე და მშვიდობიანი ცხოვრება მუშა ხალხისთვის არ ყოფილა, როგორც წელს; ლეჩხუმში წელს ყაჩაღობას და ცარცვა-გლეჯას არავითარი ადგილი არა აქვს.
ლეჩხუმელი გვარდიელი.