პრეზიდენტი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ „არ მიეცა შესაძლებლობა“ შეხვედროდა ფაშინიანს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 იანვარს სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ არ მიეცა შესაძლებლობა შეხვედროდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მისი საქართველოში ვიზიტის დროს.
საქართველოს პრეზიდენტმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა: „საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში“.
„ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ“, – დასძინა მან.
პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი საქართველოში 26 იანვარს ჩამოვიდა. სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
ასევე წაიკითხეთ:
- 13/12/2023 – კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ დასრულების შემდეგ ზურაბიშვილმა ხელმოწერები ევროკავშირის ელჩს გადასცა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)