ახალი ამბები

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს სტუმრობს

სომხეთის დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით 26 იანვარს საქართველოში ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი თავის ქართველ კოლეგას, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც ღარიბაშვილმა და ფაშინიანმა პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.  

მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა გაიმართა. სხდომაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს; ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალზე როგორც ეკონომიკური ურთიერთობების და ვაჭრობის, ისე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების მიმართულებით.

ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის სომხეთი ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს და უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში იმყოფება. მისი თქმით, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის.

სხდომაზე საუბარი შეეხო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ძალისხმევას სამშვიდობო პროცესის ხელშესაწყობად და მზად არის, ამ მიმართულებით ჩართულობა მომავალშიც გააგრძელოს.

სხდომის დასრულების შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. ასევე გაფორმდა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი. მხარეებმა ხელი მოაწერეს ჯანდაცვის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმს; ასევე, შეთანხმებას ორი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების საქმიანობის პირობების გაუმჯობესების შესახებ. დოკუმენტებს ხელი სომხეთისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მოაწერეს.

ერთობლივი პრეს-კონფერენცია

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს, სადაც კომისიის სხდომაზე განხილული საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობას, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოსალოდნელი სამშვიდობო შეთანხმებით რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის პროცესს, ასევე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.

პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რეგიონზე, მათ შორისაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება მიულოცა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: „ბატონ ღარიბაშვილთან განხილვების დროს ასევე გადავწყვიტეთ, უწყებებს დავავალოთ ქმედითი ნაბიჯები გადადგან სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button