TI საქართველო: მთავრობამ განკარგულებებზე, მათ შორის სახელმწიფო ქონების გადაცემაზე ინფორმაცია დამალა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 24 იანვარს განაცხადა, რომ 2023 წელს მთავრობის მიერ განხილული მინიმუმ 531 განკარგულების პროექტიდან, რომელთა თითქმის მეოთხედი (122 განკარგულება) სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ეხებოდა, დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა. ამასთან, მთავრობამ არ გამოაქვეყნა 48-დან 4 სხდომის დღის წესრიგი. ორგანიზაციის თქმით, დოკუმენტების მიღება შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზითაც.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ აღნიშნა, რომ ამ მიდგომით, მთავრობა, არამხოლოდ ამცირებს მისდამი ნდობას, არამედ აჩენს ეჭვს, რომ მიზანი პრობლემური გადაწყვეტილებების დამალვა შეიძლება იყოს. „უკვე 3 წელზე მეტია მთავრობა გადაწყვეტილებებს დახურულ რეჟიმში იღებს“, – აცხადებს ორგანიზაცია.
მისივე თქმით, გასული წლის განკარგულებების 23% კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ან მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე აღებული პირობების გადახედვას ეხებოდა, რაც „კორუფციული რისკის შემცველია“. „ამ რისკს ამყარებს სახელმწიფო ქონების სავარაუდო უკანონო გადაცემასთან დაკავშირებით გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ წარსულში გამოვლენილი შემთხვევების არსებობაც“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მთავრობას სხვა საჯარო დაწესებულებებისთვის ცუდ მაგალითის მიცემასა და ერთდროულად რამდენიმე სამართლებრივ აქტის, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობის ადმინისტრაციას, „უარი თქვას განკარგულებების დამალვის მავნე პრაქტიკაზე“ და კანონის შესაბამისად ყველა დოკუმენტი გაასაჯაროვოს.
ასევე წაიკითხეთ:
- 24/11/2023 – TI საქართველომ წიაღის მომპოვებელი კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში ჩართულობა და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა მიმოიხილა
- 17/08/2023 – „TI საქართველო“: პოლიტიკური შემოწირულებების უმეტესობა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ მიიღო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)