ახალი ამბებიდაწვრილებით

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მთავრობას ფემიციდის წინააღმდეგ პრევენციული ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ბოლო პერიოდში ფემიციდის მზარდ შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მთავრობას ქალთა მიმართ ძალადობის სისტემურ პრევენციაზე მიმართული პოლიტიკის რადიკალური გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის მიუხედავად, ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების მაჩვენებელი მაინც მაღალია“, – ნათქვამია 15 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში. „2024 წლის დასაწყისში ფემიციდის მძიმე შემთხვევები დაფიქსირდა. მედია წყაროებით ცნობილი გახდა, რომ ახალი წლის ღამეს ბათუმში, 36 წლის ქალი მოკლა მეუღლემ, ხოლო 9 იანვარს, თბილისში ქმარმა 27 წლის ცოლი მოკლა“.  

„2018 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების 183 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 66 შემთხვევას ფემიციდის კვალიფიკაცია მიენიჭა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც მითითებული 66 საქმიდან 34 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგინდა. ორგანიზაციის თქმით, ფემიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში (23 შემთხვევა) და ქვემო ქართლში (14 შემთხვევა) ფიქსირდება. 37 შემთხვევაში ფემიციდის მსხვერპლი ეთნიკური ქართველი, 17 შემთხვევაში ეთნიკური აზერბაიჯანელი, ხოლო 4 შემთხვევაში ეთნიკური სომეხი იყო. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის მსხვერპლთა ასაკი 18-დან 60 წლამდე შუალედში მერყეობს, თუმცა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 30-დან 40 წლამდე კატეგორიაში ფიქსირდება (28 შემთხვევა). მონაცემებით აგრეთვე დგინდება, რომ ფემიციდის მსხვერპლი და ბრალდებული უმეტეს შემთხვევაში მეუღლეები ან ყოფილი მეუღლეები არიან. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ქალთა მიმართ ძალადობის უახლეს ეროვნულ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ქალების 18.2%-ს გამოუცდია ქალთა მიმართ ძალადობის რომელიმე ფორმა მაინც ბოლო 12 თვის მანძილზე, ხოლო ქალების 50.1%-ს განუცდია ქალთა მიმართ ძალადობის ერთი ფორმა მაინც.

„ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების მაღალი მონაცემების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობებზე ეფექტური სამართლებრივი რეაგირება, ხოლო ამ დანაშაულის პრევენციისთვის ადეკვატური მექანიზმები შექმნა, დანაშაულის ჩადენის მიზეზების, გარემოებების სისტემური კვლევა და გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოში ფემიციდის მთავარ გამოწვევებს ასახელებს. მათ შორისაა:

ძალადობის პრევენცია

განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო დონეზე არსებობს ფემიციდის პრევენციული მექანიზმები, მათ შორის დამცავი, შემაკავებელი ორდერები, მოძალადეების ელექტრონული მონიტორინგის სისტემები, მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამები, 112-ის მობილური აპლიკაცია, რომელსაც გააქტიურებული აქვს ჩატის და SOS ღილაკის ფუნქცია, ასევე სათანადო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიების წარმოება და სხვა. „თუმცა მექანიზმების გამოყენება ხშირად არ ხდება, ან დაგვიანებით ხდება და არაეფექტურია“, – აღნიშნავს ორგანიზაცია.  

განცხადების თანახმად, 2018-2022 წლების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ფემიციდის 11 შემთხვევაში ბრალდებული მამაკაცი უკვე ნასამართლევი იყო დაზარალებულზე ძალადობის გამო, ან მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი. „თუმცა, შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემის ერთადერთ მიზანს მოძალადისა და მსხვერპლის დროებითი განცალკევება წარმოადგენს და იგი მიზნად არ ისახავს მოძალადის ქცევის კორექციას“, – აცხადებს ორგანიზაცია და დასძენს, რომ „ამ დრომდე არ არის შემუშავებული ქცევის კორექციის პროგრამები, იმ მოძალადეებისთვის რომელთა მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასევე აცხადებს, რომ ძალადობის გამოცდილების მქონე ქალები ხშირად არ მიმართავენ სისტემას დაცვისთვის და ამის დასტურად  საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა მოყავს, რომლის თამახმადაც ქალების 38.2%-ს არავისთვის უთქვამს პარტნიორის მხრიდან ძალადობის გამოცდილების შესახებ. ამის გათვალისწინებით, „არსებითია, სახელმწიფომ გაზარდოს ძალისხმევა პოლიციის მიმართ ქალთა ნდობის გასაზრდელად“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება და სასამართლო განხილვა

„პრევენციული მექანიზმების სისუსტესთან ერთად, ფემიციდის შემთხვევებზე გაზრდილი სამართლებრივი რეაგირების მიუხედავად კვლავ ადგილი აქვს გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის ხარვეზებს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მომხდარი შემთხვევების ადეკვატური სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია. „სახალხო დამცველის კვლევის მიხედვით, ხშირია შემთხვევა, როდესაც ფემიციდის მცდელობის ნაცვლად შემთხვევა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებად კვალიფიცირდება“, – აღნიშნავს სოციალური სამართლიანობის ცენტრი და დასძენს, რომ ხშირად გამოძიება სათანადო გულისხმიერებით არ მიმდინარეობს, რის გამოც მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვება ან გამოყენება ვერ ხერხდება და საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დგება.

ძალადობა გამოვლილი ქალების გაძლიერებაზე მიმართული პროგრამები

ორგანიზაცია აცხადებს, რომ სუსტია ძალადობა გამოვლილი ქალების მხარდამჭერი სერვისები. მისი თქმით, დღესდღეობით სახელმწიფოს ბაზაზე ფუნქციონირებს შვიდი კრიზისული ცენტრი და ხუთი თავშესაფარი და მათგან მხოლოდ თბილისის კრიზისული ცენტრი ითავსებს სადღეღამისო საცხოვრისის ფუნქციას. შედეგად, სოფლად მცხოვრები ქალების დიდ ნაწილს არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ სერვისები უწყვეტად მიიღონ. „კრიზისულ ცენტრებში პრობლემურია სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები. სამედიცინო მომსახურების პაკეტი, რომლის ფარგლებშიც ძალადობის მსხვერპლს ამ სერვისის მიღება შეუძლია, ხშირად არასაკმარისია. კრიზისული ცენტრებში არ არსებობს გრძელვადიანი სერვისები მხარდაჭერისთვის, რაც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს მსხვერპლის ძალადობრივ გარემოში დაბრუნებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია სოციალური მუშაკების დეფიციტზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ 2019 წლის აუდიტის ანგარიშის  მიხედვით საქართველოში 100 000 მოსახლეზე 7 სოციალური მუშაკი მოდიოდა, მაშინ როცა ეს მონაცემი ევროკავშირის ქვეყნებში – 1850-ია. „ცხადია, რომ ეს რეალობა პირდაპირ აისახება ძალადობა გამოვლილი ქალების უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

გენდერულ ძალადობასთან გამკლავების სისტემური პოლიტიკის არარსებობა

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევათა უმეტესი ნაწილი ქალების ინტიმური პარტნიორების ან  ოჯახის წევრების მხრიდან ხდება. „ძალადობის შემთხვევის შემდეგ, ქალებისთვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს ამგვარი შემთხვევების გამჟღავნება, მათზე ღიად საუბარი, ოჯახის წევრების, და საზოგადოების მხრიდან თანმდევი უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ვინაიდან საზოგადოებაში სამწუხაროდ ხშირია მსხვერპლის დადანაშაულების პრაქტიკა“, – აცხადებს ორგანიზაცია.

მისი თქმით, ცუდი ეკონომიკური მდგომარეობის მქონე შინამეურნეობებში მცხოვრები ქალები უფრო ხშირად განიცდიან პარტნიორის მხრიდან ძალადობას. „შესაბამისად, მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის პოლიტიკამ დაინახოს ოჯახების სოციალური და ეკონომიკური მოწყვლადობის საკითხები, როგორიც მნიშვნელოვანი სტრუქტურული მიზეზი ძალადობისა“.

განცხადების თანახმად, არსებული პატრიარქალური სისტემა ქალთა მიმართ ძალადობის ნორმალიზებას ახდენს. „სწორედ ამის გამო მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის პოლიტიკამ კაცებთან და ბიჭებთან მუშაობა ასევე გაითვალისწინოს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის“.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს მთავრობას:

  • გააძლიეროს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოს ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და პრევენცია, პოლიციის მიმართ ძალადობის გამოცდილების მქონე ქალების ნდობის გაზრდა, გამოძიების დროულობა და ეფექტიანობა და გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულება; ძალადობა გამოვლენილი ქალების გრძელვადიანი სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება; მოძალადე პირების ქცევის კორექციის ეფექტიანი და გრძელვადიანი პროგრამები.
  • გაიაზროს ქალთა მიმართ ძალადობის სტრუქტურული სოციალური და კულტურული მიზეზები და მას გრძელვადიანი და მდგრადი სოციალური, საგანმანათლებლო და საინფორმაციო პოლიტიკით უპასუხოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button