skip to content
ახალი ამბები

შარლ მიშელი: გაფართოების გადაწყვეტილება იმედისა და ნდობის სიგნალია

ევროკავშირის სამიტი 15 დეკემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის ერთობლივი პრესკონფერენციით დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გაფართოების პაკეტზე მისთვის „ემოციური“ იყო და კანდიდატ ქვეყნებს მოუწოდა, სწრაფად განახორციელონ საჭირო რეფორმები, რათა გააგრძელონ სვლა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგი ისეთ საკითხებს მოიცავდა, როგორიცაა გაფართოება, უსაფრთხოება და თავდაცვა, ასევე სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, უკრაინის ომი, უკრაინის აღდგენა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და სხვა.

სამიტის პირველ დღეს, უკრაინის მიმართ უნგრეთის პოზიციის გამო მოსალოდნელი სირთულეების მიუხედავად, ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ იმ პირობით, რომ გადაიდგემა შესაბამისი ნაბიჯები ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციების შესაბამისად. მათ ასევე გადაწყვიტეს გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყონ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც ის წევრობის აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

სამიტის დასასრულს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრესკონფერენცია ევროკავშირის სამიტის გადაწყვეტილებების მიმოხილვით გახსნა: „რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ უკვე მნიშვნელოვნად გარდაქმნა ევროკავშირი“. მისი თქმით, „ჩვენ ვეყრდნობით მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ღირებულებებს. სამიტს ისტორიული განზომილება აქვს, რადგანაც ჩვენ გადავწყვიტეთ მოლაპარაკებების დაწყება მოლდოვასთან და უკრაინასთან და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“.

მან ამ გადაწყვეტილებას „იმედისა და ნდობის სიგნალი“ უწოდა და განაცხადა: „ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ გაფართოება არის ინვესტიცია მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ეს არის ძალიან ძლიერი პოლიტიკური გზავნილი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით ჩვენს ევროპელ მოქალაქეებს, კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეებს და დანარჩენ მსოფლიოს“.

საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას გაწევრიანების გზაზე შემდეგი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილების კომენტირებისას, შარლ მიშელმა განაცხადა: „ეს ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტად დარჩება ჩემთვის, რადგან იმ მომენტში მე ყველა კოლეგის სახელით ვაცხადებდი: ჩვენ გავაკეთეთ ეს, გავხსენით პერსპექტივა… რაც ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რადგანაც ის შეცვლის ევროკავშირის სახეს მომავალი წლებისა და ათწლეულების განმავლობაში, და ასევე შეცვლის რეალობას იმ ქვეყნებისთვის, რომლებზეც ვსაუბრობთ“.

რაც შეეხება მის გზავნილს ქართველებისადმი და მომავალ ნაბიჯებს, მან განაცხადა: „გილოცავთ! ჩვენ ნამდვილად მოხარული ვართ, რომ შევძელით ამ გადაწყვეტილების მიღება! ახლა მოდით ვიმუშაოთ სწრაფად, მოდით ავიკაპიწოთ მკლავები, გადავდგათ საჭირო ნაბიჯები და განვახორციელოთ რეფორმები. მოდით, ეს ევროკავშირი, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ, წარმატებული გავხადოთ…“

ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა: „გილოცავ! გააგრძელეთ კარგი საქმე. თქვენ ევროპა ხართ. ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირს შეუერთდეთ და მოდით ერთად ვიმუშაოთ“.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა სანჩესმა, რომლის ქვეყანაც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარეა, მოუწოდა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს ისარგებლონ იმპულსით და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც მათ საბოლოოდ ევროკავშირში გაწევრიანების საშუალებას მისცემს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button