რედაქტორის რვეულირვეულები

რვეული მესამე: ზომიერების ძიებაში

დღეს რვა იანვარია, რვა იანვარი კი სწორედ ის დღეა, როცა რიგითი ქართველი ყველაზე მეტს ფიქრობს ზომიერებაზე.

შობა-ახალი წლის ერთკვირიანმა ლხინმა სწრაფად ჩაიქროლა. დასვენების დღეებში ვერ დასვენებულ თანამშრომლებს სამსახურები თითქოს ნაადრევად ელიან. მაგრამ უკმარისობის განცდას მისი საპირისპირო გრძნობაც თან ერთვის და სხეულსა და სულს საერთო სინანულით გვიმძიმებს: “(ისევ) ზედმეტი ხომ არ მოგვივიდა”?

მართლაც, ჩვენს არც თუ ისე მოზომილ ქვეყანაში ხშირად გადავულაპარაკებთ ხოლმე ერთმანეთს, ზომიერება ყველგან საჭიროაო. ამბობენ, რომ ზომიერება საჭიროა დროსტარებაში, ზომიერება საჭიროა პოლიტიკაში და, ზოგის აზრით, ზედმეტი არც თავად ზომიერება ვარგა. შესაბამისად, რვეულების საშობაო გამოცემაში გადავწყვიტეთ, ჩვენი თავისთვის ეს კითხვა დაგვესვა: მაინც რას ვეძებთ, როცა ზომიერებას ვეძიებთ?

კითხვაზე საპასუხოდ კი რამდენიმე სტატია მოგიმზადეთ:

ფილოსოფოსის რვეულში მორიგ თარგმანს გთავაზობთ, სადაც სტატიის ავტორებმა ფილოსოფოსები შემოიკრიბეს, რათა დემოკრატიისთვის ზომიერების მნიშვნელობა და ამ ზომიერების საზღვრებიც გაერკვიათ. მოაზროვნეები სამ ბანაკად დაიყვნენ: ერთი ნაწილი კომპრომისის უნარს შესციცინებს, მეორე ნაწილი კი თავიანთი ღირებულებებისთვის უკომპრომისო ბრძოლას არჩევს – ოღონდ არა ბრძოლას წესების გარეშე. მესამე ჯგუფს აბსტრაქტული იდეების ჯიუტი დევნა ნაკლებად იზიდავს და სასურველ პოლიტიკურ ხედვებს ინდივიდუალურ გამოცდილებაზე დაფუძნებულ პრაგმატიზმში ეძებს. ოღონდ, რომელ ხედვასაც არ უნდა მივემხროთ, ერთი რამ ცხადია: ზომიერება და კომპრომისი “შუაშიზმსა” და სილაჩრეში არ უნდა აგვერიოსო, ფილოსოფოსები გვაფრთხილებენ.

მათთვის, ვისაც კიდევ ერთი ფილოსოფიური ნააზრევის გაცნობის ენერგია და მადა შერჩა, არქივიდან ზომიერების თაობაზე ალბერ კამიუს მოსაზრებებიც ამოვქექეთ. “წონასწორობის დაცვა ძალისხმევას და განუწყვეტელ სიმამაცეს მოითხოვს”, – ამბობს ფრანგი ფილოსოფოსი, რომელიც “აბსოლუტური ჭეშმარიტებების” ბატონობის ეპოქაში ზომიერების გულმხურვალე დამცველად გვევლინება.

ჩანახატების რვეულში საქართველოში გადმოვინაცვლეთ და მტკივნეულ თემას მივუბრუნდით. რახან არჩევნების წელში შევაბიჯეთ და ზომიერება უფრო და უფრო რთული დასაცავი ხდება, ჟურნალისტებისთვის მარადიული კითხვა დავსვით: როგორ უნდა ესაუბროს მედია ხალხს ჩვენნაირ პოლარიზებულ ქვეყანაში – განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ეს პოლარიზაცია ცოტა “სხვანაირია”? სტატიაში ისიც ვცადეთ, ჩვენი უხილავი და იდუმალებით მოცული აუდიტორიის – ე.წ. “ჩუმი უმრავლესობის” – ავანჩავანიც გაგვერკვია.

ისტორიის რვეულებში ჩვენც ცოტა “ზედმეტი მოგვივიდა” და რამდენიმე სტატიას გთავაზობთ. თუკი ჩვენს ქვეყანას ზომიერება და პრაგმატული კომპრომისები სადმე უნახავს, ეს გამოცდილება, ალბათ, პირველი რესპუბლიკის პოლიტიკურ სივრცეში უნდა ვეძიოთ. თუმცა იყო გამონაკლისებიც, როცა იმ დროს ზომიერება მაინც და მაინც ვერ დაიცვეს, ერთი ასეთი გამონაკლისი კი “ძველით ახალი წლის” სულ პირველ აღნიშვნას უკავშირდება. ამ ხმაურიან ამბავზე მეტს ირაკლი ირემაძის სტატიაში წაიკითხავთ.

იმდროინდელი საახალწლო აღტყინება სულაც არ იყო გასაკვირი: საქართველოს პირველი რესპუბლიკა ხომ არსებობის მანძილზე სამივე შობა-ახალ წელს გამორჩეული ვნებათაღელვითა და გარდამტეხი გამოწვევებით შეხვდა. ამის შესახებ უფრო დეტალურად ნანა ჭანტურიას სტატიაში წაიკითხავთ, სადაც ავტორი იმაზეც საუბრობს, თუ რა ღონისძიებებით ეგებებოდა 1918-1921 წლის საქართველო ყოველ ახალ წელს.

და რახან საჭმელ-სასმელს მაინც ვერ ავუვლით გვერდს, ისიც გავიხსენოთ, რომ ბევრი მართლმადიდებელი ქართველი პირველ იანვარს სამარხვო სუფრით ხვდება. მარხვა კი იმ დიდი გარდატეხის ნაწილია, რომელიც ქრისტიანობამ ჩვენი და დასავლური სამყაროს კულინარიაში და, ზოგადად, ცხოვრების წესში შეიტანა. ამ გარდატეხაზე ჩვენს სტატიაში მოგითხრობთ, რომელიც ერთ კარგ წიგნზე დაყრდნობით ავკინძეთ. სტატიაში იმასაც გაიგებთ, თუ რა იდო სუფრაზე “საიდუმლო სერობის” ღირსშესანიშნავ ღამეს.

რვეულები ოდნავ დაგვიანებით გილოცავთ შობა-ახალ წელს და შემდეგი გამოცემით მომდევნო თვის რვა რიცხვში დაგიბრუნდებათ!

მსგავსი/Related

Back to top button