რვეულებიჩანახატების რვეული

მედია და “სხვანაირი” პოლარიზაცია

სიტყვა “პოლარიზაცია” დღეს საქართველოსთან მიმართებაში ხშირად გვესმის. Მასზე ხშირად მიუთითებენ დასავლელი პარტნიორები, როცა ისინი ქვეყნის პოლიტიკურ ელიტებს პოლარიზაციის დასაძლევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ კვლავაც უშედეგოდ მოუწოდებენ. ოღონდ პოლარიზაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და საზოგადოების ორად გახლეჩა პოლიტიკურ სივრცეს თავად დასავლურ დემოკრატიებშიც წამლავს.

ერთი შეხედვით, ქართული პოლარიზაცია დასავლურ ტენდენციებს წააგავს. ჩვენთანაც, ევროპისა და ამერიკის მსგავსად, დღეს თითქოს დაპირისპირება ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორისაა. თუმცა, ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, ქართულ პოლიტიკაში იდეოლოგიური საფარველის მიღმა დაპირისპირების ფესვები ლიდერების პიროვნებებისაკენ და მათ თარგზე მოჭრილი პარტიებისკენ უფრო მიდის – მაშინაც კი, თუ ერთმანეთის მომტრე მხარეები ღირებულებებით ძირეულად არც კი განსხვავდებიან

როგორიც არ უნდა იყოს პოლარიზაციის ბუნება, მისი შედეგები დემოკრატიისთვის ერთნაირად დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს: დემოკრატიული სისტემა ხომ დებატების გზით ჭეშმარიტების პოვნისკენ უნდა იყოს მომართული და არა მოწინააღმდეგის განადგურებისკენ.

სოციალური მედიის ალგორითმები პოლარიზაციას ახალისებს და კვებავს. პოლარიზაცია მძლავრი პოლიტიკური იარაღი ხდება, რომლის საშუალებითაც პოპულისტი ლიდერები განზრახ, საკუთარი მხარდაჭერის გასაზრდელად აუცხოებენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს ერთმანეთისგან. პოლიტიკური ბრძოლის ველი ემსგავსება ბაგირის გადაძალვას, სადაც ყველაზე სავარაუდო შედეგი დემოკრატიული სისტემის ბაგირის გაწყვეტა და ორივე მხარის ძირს დანარცხება ხდება. 

როგორიც არ უნდა იყოს პოლარიზაციის ბუნება, მისი შედეგები დემოკრატიისთვის ერთნაირად დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს: დემოკრატიული სისტემა ხომ დებატების გზით ჭეშმარიტების პოვნისკენ უნდა იყოს მომართული და არა მოწინააღმდეგის განადგურებისკენ.

როგორ უნდა მოიქცეს ამ ვითარებაში მედია? ის დღეს მარწუხებშია მოქცეული: ერთ მხრივ, სოციალურ მედიაში მოწონებების დევნა მედიასაშუალებებს პოლარიზაციის მარხილში ჩაბმისკენ უბიძგებს. რაც უფრო სკანდალურია გამოცემა, მით მეტი მკითხველის მოზიდვას სთავაზობს მას სოციალური მედიის პლატფორმები, ფეისბუკი იქნება, იუთუბი თუ იქსი. მეორე მხრივ, მედია ხშირად თავად ხდება პარტიული პოლარიზაციის ინსტრუმენტი, ან ასეთად აღიქმება, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი დაპირისპირებული მხარეების მთავარ რუპორად იქცევა ხოლმე.

ობიექტურობისა და პროფესიონალიზმის მსურველი მედია ამ თვალსაზრისით პოლარიზაციის მსხვერპლიც შეიძლება იყოს: პოპულიზმი სიმართლესა და ფაქტებს ომს უცხადებს და, მათ შორის, მაღალი პროფესიონალური სტანდარტების ერთგული ჟურნალისტების მიმართაც ზიზღს აღვივებს.

რა შეუძლია მედიას პოლარიზაციის საწინააღმდეგოდ მოიმოქმედოს? ან რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ჟურნალისტმა, თუკი პოლარიზაცია, საქართველოს მსგავსად, “სხვანაირია”?

Სხვანაირი პოლარიზაცია

“პოლარიზებულს ისეთ სისტემას ვუწოდებთ, სადაც რეჟიმის საფუძვლებზე ან თამაშის წესებზე ვერ თანხმდებიან”, – გვეუბნება ჟურნალისტი რეჟის ჟანტე. წარმოშობით ფრანგი ჟანტე ოცი წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს და ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ამბებს საერთაშორისო მედიაში აშუქებს. მისი თქმით, პოლარიზაცია დემოკრატიული ქვეყნებისთვის არაა უცხო, მაგრამ საქართველოს შემთხვევა განსხვავებულია. საქართველოში პოლარიზაცია “მაინცდამაინც თამაშის წესებზე შეუთანხმებლობას არ ნიშნავს. აქ პოლიტიკური სპექტრის დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს უშუალოდ თამაშში მონაწილეობის უფლებას უზღუდავენ”. 

ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ბევრი, მათ შორის დიპლომატებიც, პოლიტიკურ პოლარიზაციას ქართული რეალობის განუყოფელ ნაწილად აღიქვამენ და შეეჩვივნენ კიდეც. თუმცა, მისი თქმით, სინამდვილეში დაპირისპირებული მხარეები პოლარიზებას გამიზნულად მიმართავენ, რათა ერთმანეთი არალეგიტიმურად გამოაცხადონ და ეს პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგიად აქციონ. ჟანტე ამბობს, რომ ეს ტენდენცია მრავალ წელს ითვლის: 

“მახსოვს, [წინა მთავრობის პერიოდს] ვაშუქებდი და სააკაშვილის პარტიის მიმართ კრიტიკული ვიყავი, რადგან ისინი ოპოზიციის არალეგიტიმურად წარმოჩენას ცდილობდნენ. ახლა კი ზუსტად იმავეს “ქართული ოცნება” აკეთებს. ასე რომ, ეს არ არის რაიმე სახის ღირებულებითი [დაპირისპირება]”. 

როგორ დავძლიოთ მედიის პოლარიზაცია?

ჟანტეს ნათქვამს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებიც ადასტურებს. ქართველები, განურჩევლად პარტიული სიმპათიებისა, ხშირად თანხმდებიან ისეთ საკითხებზე, რომელთა გარშემოც ქვეყანა, ერთი შეხედვით, პოლარიზებულია. ეს შეიძლება იყოს საგარეო პოლიტიკა ან ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდაჭერა. მოქალაქეები ძირითადად ერთ აზრზე არიან მაშინაც, როცა მთავარ პრობლემებს ასახელებენ.

ვერც იმას ვამტკიცებთ დარწმუნებით, რომ დაპირისპირების ხაზი კონსერვატორებსა და ლიბერალებს, დემოკრატიის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორისაა გავლებული. დღეს, როცა სოციალური კონსერვატიზმი მმართველი გუნდის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგიად იქცა, ისინი ოპონენტებს ეროვნული ღირებულებების ღალატს ხშირად აბრალებენ. ეს ბრალდება პოლიტიკური ტაქტიკაა, თუმცა რთულია, ვამტკიცოთ, რომ ოპოზიციის მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილი უფრო გულგრილია ტრადიციული ღირებულებების მიმართ.

ამას ემატება ე.წ. “დემოკრატიული ორპირობაც”, რომელზეც CRRC-ის მიერ ცოტა ხნის წინ გამოცემული კვლევა საუბრობს. თბილისში ჩატარებული კვლევის თანახმად, ამომრჩევლები უფრო უჭერენ მხარს მთავრობის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს, თუკი ხელისუფლებაში მათი რჩეული პარტიაა. კვლევა იმასაც აკონკრეტებს, რომ “დემოკრატიული ორპირობა” “ქართული ოცნებისა” და მისი მთავარი მეტოქის, “ნაციონალური მოძრაობის”, მხარდამჭერებში თანაბრად იჩენს თავს. ანუ, დემოკრატიულად ორპირი ამომრჩევლისთვის მთავარი ის კი არაა, რა ღირებულებებს უჭერს მხარს პარტია, არამედ ის, რომ მთავრობაში “მისიანია”. 

მედია ფაქტებზე დამკვირვებლად უნდა დარჩეს?

იმ ქვეყნებში, სადაც პოლარიზაცია დღეს პრობლემად ითვლება, ბევრს ღელავენ დაპირისპირებულ მხარეებს შორის საუბრის შეუძლებლობაზე. სულ უფრო მეტი იწერება იმაზე, რომ კომფორტის ზონაში დარჩენა, მხოლოდ მათთან კომუნიკაცია, ვინც ჩვენს ხედვებს იზიარებს, საზოგადოებრივი საქმისთვის სახიფათოა. დემოკრატიაში ხომ ყველაფერს არა ჩვენი შინაგანი რწმენისა თუ არგუმენტების სიძლიერე, არამედ არჩევნებში ხმათა უმრავლესობა წყვეტს. არჩეული მთავრობა, შეიძლება, ჩვენი მოსაწონი სულაც არ იყოს, მაგრამ იმის იმედი მაინც უნდა გვქონდეს, რომ ის ჩვენს უფლებებს დაიცავს. ეს კი მოწინააღმდეგე ბანაკთან გარკვეულ ფუნდამენტურ ღირებულებებზე შეთანხმებას მოითხოვს.

ჟურნალისტებიც სულ უფრო ხშირად ზრუნავენ იმაზე, რომ ფართო საზოგადოებას ესაუბრონ და კომუნიკაციის ხიდები გადონ დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის. ლიბერალური ღირებულების მქონე გამოცემები ფიქრობენ, როგორ მოიპოვონ შედარებით კონსერვატიული შეხედულებების მქონე მკითხველთა ნდობა ისე, რომ უნებლიედ ძალადობის მქადაგებელ იდეებს ან პიროვნებებს არ დაუთმონ პლატფორმა.

პრესამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აჩვენოს, თუ საიდან მოდის [პოლარიზაცია], როგორ მანიპულირებენ მისით

რეჟის ჟანტე, ჟურნალისტი

როგორ უნდა მოიქცეს დამოუკიდებელი მედია ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც პოლარიზაცია არა ღირებულებებს, არამედ პიროვნულ სიმპათიებს ეფუძნება, ხოლო ინფორმაციის – მათ შორის, მცდარი ინფორმაციის – ნაკადი უსაზღვროდ მოედინება?

“პრესამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აჩვენოს, თუ საიდან მოდის [პოლარიზაცია], როგორ მანიპულირებენ მისით”, – გვეუბნება ჟანტე. მისი თქმით, მედიას ღირებულებების მიმართ ნეიტრალურობა სულაც არ მოეთხოვება – ჟურნალისტებს აქვთ უფლება, მხარს უჭერდნენ მეტ დემოკრატიას, უფრო ლიბერალურად იყვნენ განწყობილი ან უფრო კონსერვატიულად, ანაც კონკრეტულ საგარეო-პოლიტიკურ კურსს უჭერდნენ მხარს. მთავარია, ისინი არ იქცნენ პოლარიზაციის ნაწილად და მათი კრიტიკული მიდგომა ყოველ დაპირისპირებულ მხარეს თანაბრად ეხებოდეს. ჟურნალისტმა “მოვლენები მაინცდამაინც კარგისა და ცუდის გარჩევის კუთხით კი არ უნდა ასახოს, არამედ უნდა აღწეროს მიმდინარე მოვლენები და განსაჯოს, თუ როგორი სტრატეგია შეიძლება შეიმუშავონ აირჩიონ პოლიტიკურმა აქტორებმა ამ ვითარებაში”, – ამბობს ჟანტე.

ოღონდ, აქვს კი აზრი აღწერასა და ახსნას, როცა არსებობს განცდა, რომ არ გისმენენ? ეს განცდა მარტივად შეიძლება შეგვიქმნას სოციალურმა ქსელმა, სადაც, თითქოს, ყველა თავისას ამტკიცებს და იმას უსმენს, ვისი ან რისი გაგონებაც თავად სურთ.

სოციალური ქსელებზე დაკვირვებით საზოგადოებრივ განწყობებზე მსჯელობა საფრთხილო საქმეაო, ამბობს ჟანტე და ე.წ. “ხმაურიან უმცირესობაზე” მიგვითითებს, რომელიც, მისი თქმით, თავს სხვა ქვეყნებშიც იჩენს. ჟურნალისტის აზრით, აქტიური, რადიკალური “ათი პროცენტი”, აკრიტიკებს მოწინააღმდეგეებს, აქტიურად წერს კომენტარებს და ჩხუბობს. მათ საწინააღმდეგო მხარეს კი მსგავსივე ზომის ჯგუფი საპირისპიროს გაკეთებას ცდილობს. “მაგრამ რას ვუშვრებით მათ შორის მყოფ 70 ან 80 პროცენტს?! ეს ერთგვარი ჩუმი უმრავლესობაა”, – ამბობს ჟურნალისტი. ჟანტეს სჯერა, რომ მედია სწორედ ამ ჯგუფს უნდა ესაუბრებოდეს.

ვინ არის “ჩუმი უმრავლესობა”?

ჩუმ უმრავლესობად (silent majority) საზოგადოების ისეთ დიდ ჯგუფს მოიხსენიებენ ხოლმე, რომელიც საკუთარ აზრს საჯაროდ არ გამოხატავს. ტერმინის დამკვიდრებას აშშ-ის პრეზიდენტს, რიჩარდ ნიქსონს, მიაწერენ, როცა მან ვიეტნამის ომის მოწინააღმდეგეთა ძლიერი აქტივიზმის საპასუხოდ ამერიკელთა “ჩუმ უმრავლესობას” მისი პოლიტიკის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მას შემდეგაც, ცნება ხშირად ჩნდება საზოგადოებრივ დისკუსიებში, როცა სხვადასხვა ხმაურიანი დაპირისპირებისას იმით ინტერესდებიან, თუ რომელ პოზიციას ემხრობა ქვეყნის მდუმარე ნაწილი. ნიქსონის მსგავსად, ამ ტერმინით გაჭირვებაში მყოფი პოლიტიკოსებიც სპეკულირებენ ხოლმე, სურთ რა, “ჩუმი უმრავლესობა” საკუთარ ამომრჩევლებად დაიგულონ.

“ჩუმი უმრავლესობა” სამეცნიერო ტერმინი არ არის, მაგრამ “აქ იგულისხმებიან ის ადამიანები, რომლებიც სოციალურ-პოლიტიკურ აქტივიზმში არ მონაწილეობენ, აქტიურად არ გამოთქვამენ საკუთარ პოზიციას საჯარო სივრცეში, იქნება ეს მედია სივრცე თუ საპროტესტო მოძრაობა, საპროტესტო შეკრებები ქუჩაში, სოციალურ ქსელებში აქტიურობა და ა.შ.”, – გვეუბნება სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.

ჟანტეს მსგავსად, კაჭკაჭიშვილიც მიიჩნევს, რომ სოციალურ და პოლიტიკურ აქტივიზმში ზრდასრული მოსახლეობის “მაქსიმუმ ოცი პროცენტი” არის ჩართული – “სხვები არიან ჩუმად და შემოიფარგლებიან მხოლოდ არჩევნებზე მისვლით”. მათ დუმილს სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. “შეიძლება, [აქტივიზმი] არ არის მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, ან ისინი საჯარო სექტორში არიან დასაქმებული და საკუთარი პოზიციის დაკარგვის ეშინიათ, ან ზოგადად არიან ფრთხილი ადამიანები იმ თვალსაზრისით, რომ დარწმუნებული არიან, რომ ნებისმიერი აქტივიზმი მათ სოციალური გარემოს მხრივ დისკომფორტს მოუტანს”, – ამბობს სოციოლოგი.

არსებობენ ჩამოყალიბებულები, რომლებიც ჩამოუყალიბებლობას თამაშობენ და სინამდვილეში ჩამოყალიბებული არიან, და არსებობენ ობიექტურად ჩამოუყალიბებლები

იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი

თუმცა, მისივე თქმით, ასეთი “ჩუმი უმრავლესობა” დესტრუქციულ ძალად იქცევა საქართველოსნაირ ქვეყნებში, სადაც ინსტიტუტები გამართულად არ მუშაობს, წინსვლა კი აქტივიზმს მოითხოვს.

სოციოლოგის შეფასებით, ჩუმი უმრავლესობა შეიძლება მოიცავდეს როგორც ჩამოყალიბებული პოლიტიკური პოზიციის მქონე, მაგრამ კონფორმისტულად განწყობილ ადამიანებს, ასევე პოლიტიკურად ჩამოუყალიბებელ ჯგუფს, რომელიც გადაწყვეტილებას “პროცესში” ან სულაც საარჩევნო ურნასთან იღებს. კაჭკაჭიშვილი გვეუბნება, რომ, კვლევებს თუ შევხედავთ, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი “ერთსახოვანი” არ არის – მათ განწყობებზე დაყრდნობით ვერც იმას იტყვი, ოპოზიციურადაა იგი განწყობილი თუ ხელისუფლებისკენ იხრება.

და მაინც, ქართველ ამომრჩეველთა რა ნაწილია ჩამოუყალიბებელი? კაჭკაჭიშვილი გვეუბნება, რომ, ბოლო კვლევების თანახმად, მათი წილი ერთი მეოთხედიდან ამომრჩეველთა ნახევრამდე მერყეობს. თუმცა, როცა გადაუწყვეტლების წილი გამოკითხვებში ძალიან მაღალია, უნდა გვახსოვდეს, რომ მათ შორის “თავს აფარებენ ისინიც, ვინც თამაშობენ ჩამოუყალიბებლობას”, – ამბობს სოციოლოგი. “არსებობენ ჩამოყალიბებულები, რომლებიც ჩამოუყალიბებლობას თამაშობენ და სინამდვილეში ჩამოყალიბებული არიან, და არსებობენ ობიექტურად ჩამოუყალიბებლები”, – გვეუბნება ის.

მართლაც, ამ ორ ჯგუფს შორის გადანაწილება დამკვირვებლისთვის რთული დასანახია და რეალური სურათი საარჩევნო ყუთებთან თუ გამოჩნდება ხოლმე. ეს სოციოლოგებს საქმეს ურთულებს, საზოგადოების ნაწილისთვის კი ხშირად გამოკითხვების შედეგების მიმართ სკეპტიციზმის საბაბი ხდება.

პოლარიზაციასთან ბრძოლაზე როცა ვსაუბრობთ, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ, უბრალოდ, ჩვენი საქმე ვაკეთოთ. ვიტყოდი, უფრო აქტიურადაც კი ვაკეთოთ ეს, ვიდრე აქამდე

რეჟის ჟანტე, ჟურნალისტი

ამდენად, “ჩუმი უმრავლესობა” საკმაოდ ჭრელი ჯგუფია. თუმცა ჩვენი რესპონდენტები თანხმდებიან, რომ უმრავლესობა – ზრდასრულთა სადღაც 80 პროცენტი – მართლაც დუმილს არჩევს.

ჩუმ უმრავლესობასთან “საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ესაა ის ჯგუფი, სადაც აზრი ყალიბდება”, – გვეუბნება ჟანტე. მას სწამს, რომ ფაქტებზე და ანალიზზე ორიენტირებული ჟურნალისტი ბევრად უფრო დიდ აუდიტორიას ესაუბრება, ვიდრე ეს სოციალური მედიის რეაქციებიდან შეიძლება გამოჩნდეს.

“შესაბამისად, პოლარიზაციასთან ბრძოლაზე როცა ვსაუბრობთ, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ, უბრალოდ, ჩვენი საქმე ვაკეთოთ. ვიტყოდი, უფრო აქტიურადაც კი ვაკეთოთ ეს, ვიდრე აქამდე”, – ურჩევს ის ჟურნალისტებს. 

მსგავსი/Related

Back to top button