skip to content
კულტურის რვეულირვეულები

ვახშამი ყველასათვის – ანუ ქრისტიანობის კულინარული მისია

საიდუმლო სერობა ქრისტიანული სამყაროს ყველაზე ცნობილი და რელიგიურ თუ საერო ხელოვნებაში ყველაზე ხშირად გამოსახული ვახშამია. რელიგიური მნიშვნელობით, ის ზიარების სიმბოლოს მატარებელია, თუმცა ვახშამი მაინც ვახშამია და კულინარიულ მნიშვნელობას მას ვერ წაართმევ, მითუმეტეს, თუ სახვით ხელოვნებაზე მიდგება საქმე.

ყოველი ხელოვანი იესოსა და მის მოციქულებს სხვადასხვაგვარად უმასპინძლდებოდა. სუფრაზე გაწყობილ სანოვაგეს კონკრეტული მხატვის ეპოქა და საცხოვრებელი ადგილი უფრო განსაზღვრავდა, ვიდრე ისტორიული რეალობა. მაგალითად, ლეონარდო და ვინჩის მიერ 1498 წელს დახატული, ყველაზე განთქმული “საიდუმლო სერობის” სუფრაზე ვხედავთ ხილს, მთლიანად მოხარშულ თევზსა და შემწვარ გველთევზას ფორთოხლის ნაჭრებით – ლეონარდოს დროს ფრიად ცნობილ და დახვეწილ კერძს. ზალცბურგის წმინდა პეტრეს სააბატოში სერობის სურათზე ბრეცელს შენიშნავთ. პერუში კი, კუზკოს საკათედრო ტაძარში, მხატვარმა მარკოს ზაპატამ 1753 წელს მოციქულებს სუფრაზე ინკების სამზარეულოში განთქმული სასუსნავი – ზღვის გოჭის კერძიც კი მიართვა.

ხელოვანებს მენიუს სუბიექტური შერჩევის გამო ნუ გავკიცხავთ: ახალ აღთქმაში არ წერია, თუ კერძოდ რას შეექცეოდა იმ ღირსშესანიშნავ საღამოს თოთხმეტი მოტრაპეზე. თანაც მხატვარი რისი მხატვარია, რომ ბიბლიური ფიგურები თანამედროვეობას არ დაუახლოვოს. და მაინც, საიდუმლო სერობის მენიუს დადგენადღესაც საკმაოდ ზუსტად შეგვიძლია – ბიბლიაში ხომ წერია, რომ საიდუმლო სერობა ებრაული პასექის სუფრაა და კერძების არჩევანიც მისი საწყისი რიტუალის, სედერის შესაბამისი იყო. სედერის რიტუალი ებრაული რელიგიური ტრადიციით მკაცრად დადგენილ საკვებს მოითხოვს.

ამდენად, სუფრაზე უნდა ყოფილიყო შემწვარი (და არავითარ შემთხვევაში მოხარშული) ბატკანი თავითა და შიგნეულით, მაცას უფუარი პური და ორი გამორჩეული კერძი: ხაროსეთი და მარორი. ხაროსეთი თხილის, ვაშლისა და ფინიკის შეზავებული მასაა, რომელსაც ამატებენ ცოტაოდენ ღვინოს, რომლის მოწითალო ფერიც ეგვიპტეში ებრაელი მონების მიერ ჩამოქნილი თიხის აგურების ფერს განასახიერებს. მარორი ებრაულად სიტყვა-სიტყვით “მწკლარტე მცენარეს” ნიშნავს და რაბინები კარგა ხანია დავობენ, კონკრეტულად რომელ მცენარეზეა საუბარი: ზოგი ველურ ვარდკაჭაჭას (ჩიკორის) ანიჭებს უპირატესობას, ზოგიც ველურ მხალს (ან ჭყიმა მხალს, როგორც გურიაში ეძახიან), ზოგიც ხვართქლას. თანამედროვე აღმოსავლეთ ევროპის ებრაულ თემში ხშირად სულაც პირშუშხას იყენებენ. რიტუალი მოითხოვს, რომ მაცას დაგემოვნების შემდეგ, მწკლარტე მარორი მოტკბო ხაროსეთში ჩააწო და ისე მიაყოლო. ეს წესი, თურმე, ყოფიერების ტკბილ-მწარე არსს უსვამს ხაზს…

საიდუმლო სერობის რელიგიური და კულინარიული კავშირი ებრაულ რიტუალთან და პასექთან უდავოა, თუმცა ქრისტიანობამ იუდეაში ახალ რწმენასთან ერთად რევოლუციური კულინარიული ცვლილებაც შემოიტანა. ახალი კულინარიული და დიეტური წესები ნელ-ნელა მთელ საქრისტიანოზე გავრცელდა.

საიდუმლო სერობის ფრესკა უბისაში, XIV საუკუნე

იერუსალიმში შესული იესო ეუბნება ფარისეველთ და მწიგნობართ: არათუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა (მათე, 15:11). ქრისტე ამ ერთი წინადადებით საუკუნოვან ტაბუს ანგრევს: მანამდე ისრაელის შვილებს წმინდა წიგნი უკრძალავდა ღორის, აქლემის, კურდღლის, ბუს, არწივის, თოლიას, პელიკანის, კორმორანის ხორცის, ხამანწკების, კიბორჩხალების, სკაროსისა და გველთევზას ჭამას. ყველა ეს ცოცხალი არსება, ძველი აღთქმის მიხედვით, უწმინდურად ითვლებოდა.

თუკი ებრაული თემი თავის გამორჩეულობას საკვებთან დაკავშირებული ტაბუთიც გამოხატავდა, ახალი რელიგია ამ მხრივ ყველასათვის გაიხსნა. თუმცა, მაშინდელი ებრაელებისათვის მამა-პაპებისაგან მომავალი ზიზღის გაქარწყლება იოლი საქმე არ იყო და წარსულთან რადიკალური გაყრის გასამართლებლად, არც მეტი და არც ნაკლები, სულიწმინდის პირდაპირი მონაწილეობა გახდა საჭირო, თანაც სამგზის.

მოციქულთა საქმენი (10:9-16) ასე გვიამბობს პეტრეს სასწაულმოქმედი ვახშმის ამბავს:

აღჴდა პეტრე ერდოსა ზედა ლოცვად ჟამსა მეექუსესა, რამეთუ შეემშია და უნდა პირისა ჴსნაჲ. და ვიდრე იგინი უმზადებდეს მას, იყო მის ზედა განკჳრვებაჲ. და ხედვიდა ცათა განხუმულთა და გარდამომავალსა ჭურჭელსა რასმე, ვითარცა ტილოსა დიდსა ოთხთაგან კიდეთა ზე დამოკიდებულსა ზეცით ქუეყანად, რომელსა შინა იყო ყოველი ოთხფერჴი და ქუეწარმავალი და მჴეცი ქუეყანისაჲ და მფრინველნი ცისანი. და იყო ჴმაჲ მისა მიმართ: აღდეგ პეტრე, დაკალ და ჭამე. მიუგო პეტრე და ჰრქუა: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაჲ შესრულ არს პირსა ჩემსა. და მერმე კუალად მეორედ ჴმაჲ იყო მისა მიმართ და თქუა: რომელი-იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს. ხოლო ესე იყო სამ გზის, და კუალად ამაღლდა ჭურჭელი იგი მუნვე ზეცად.

ასეთია ღმერთის ნება: ამიერიდან ნებისმიერი ცხოველისა და ფრინველის ჭამა შეიძლება. კიდევ რამდენიმე საუკუნე შენარჩუნდება სისხლის ჭამის აკრძალვა – 692 წლის საეკლესიო საბჭოს განჩინებით, სისხლის შემცველი საკვების მიღება ჯერ კიდევ განკვეთის მიზეზად ჩაითვალა. თუმცა ეს ტაბუც არამყარი აღმოჩნდა და დასავლურ საქრისტიანოში სისხლის კუპატის ჭამა სინდისის ქენჯნისა და ეკლესიიდან განკვეთის გარეშეც მალევე გახდა შესაძლებელი.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა: თუკი ქრისტიანობამ კულინარიული ტაბუ გააუქმა, მაშ მარხვა რაღაა? უნდა ითქვას, რომ თავად ახალ აღთქმაში მარხვა არსადაა დადგენილი. თუმცაღა, ისტორიული წყაროებიდან ცხადია, რომ მარხვის წესი ადრიდანვე გამოიყენებოდა ქრისტიანებს შორის. ასევე, წმინდა წერილში არსად წერია, მაგრამ, ტრადიციისამებრ, მოციქულები ასკეტური და ვეგეტარიანული ცხოვრებით ცხოვრობდნენ: ამბობენ, წმინდა პეტრე მხოლოდ პურს, ზეითუნის ზეთსა და მხალეულს ჭამდაო, მათე – მხოლოდ მარცვლეულს, ხილსა და ბოსტნეულს, იაკობი კი არც ხორცს ჭამდა და არც ალკოჰოლს იღებდაო.

გარკვეულ საკვებზე, განსაკუთრებით ხორცზე, უარის თქმამ ქრისტიანობაში უწინდელისგან ფილოსოფიურად განსხვავებული მნიშვნელობა შეიძინა. თუკი იუდეველები გარკვეულ საჭმელს მისი უწმინდურობით გამოწვეული ზიზღის გამო არ იღებდნენ, ქრისტიანებისათვის ხორცზე უარის თქმა სხეულზე სულის ზეიმია, ანუ სიამოვნებაზე უარის თქმა – ისეთ რამეზე, რაც სასურველია და გემრიელი.

თავიდან მარხვა – თანამედროვე ტერმინებით რომ ვთქვათ – ვეგანური იყო და არც ღვინის სმა შეიძლებოდა. შემდეგში ის უფრო ვეგეტარიანული გახდა: უმრავლეს შემთხვევაში, თევზის ჭამა შეიძლებოდა და, ამდენად, ათასგვარად შეკმაზული თევზეული ბევრგან ქრისტიანული სუფრის გამორჩეულ ნაწილად იქცა. საბუთები მოწმობს, რომ საფრანგეთის ზოგიერთ მონასტერში სამარხვო დღეებში იხვსაც შეექცეოდნენ, აქაოდა, ისიც წყალში ცხოვრობსო. რა გასაკვირია, რომ ეს საკითხი დიდი რელიგიური დებატების საბაბადაც ქცეულა.

ასეა თუ ისე, სამარხვო და ხსნილი დღეების მორიგეობა კვირისა და წლის განმავლობაში ქრისტიანობის ნიშნად იქცა. წლის დაახლოებით მესამედს მთელი საქრისტიანო მარხვაში ატარებდა და, ზოგიერთი მეცნიერისა და ისტორიკოსის აზრით, ამ გზით ახალმა რელიგიამ უდიდესი გავლენა მოახდინა მის მიმდევართა ცხოვრების წესზე: სხვადასხვა ქვეყანასა თუ კონტინენტზე ქრისტიანები კარგა ხნის განმავლობაში ერთ კულინარიულ რიტმს მისდევდნენ და ცხოვრების მსგავსი წესითაც გამოირჩეოდნენ.


სტატია ეყრდნობა აიტორ ალფონსოს ილუსტრირებულ ალბომს “ისტორიის შიმშილი: მსოფლიოს ისტორია გასტრონომიის გავლით”, DARGAUD, 2023. თარგმნა და შეამოკლა ჯაბა დევდარიანმა.

პირველწყარო
La Faim de l'Histoire, une Histoire du Monde par la gastronomie

მსგავსი/Related

Back to top button