ახალი ამბები

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილ 3 პირს პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს პროკურატურამ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულმა სასამართლომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი, ე.წ. „გაგრის ჯგუფის“ სამი წევრი, დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობაში, მძევლად ხელში ჩაგდებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებასა და გადაზიდვაში.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია საქართველოს ხელისუფლებამ შეადგინა და მასში 33 პირია შეყვანილი, ძირითადად მებრძოლები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რომელთაც 1990-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ეთნიკური ნიშნით დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი.

სამივე ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შემდეგ, სასამართლომ მათ სასჯელის სახედ და ზომად 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე მათ საბოლოოდ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ძებნა გამოხცხადეს.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა 1999 წლიდან 2004 წლამდე პერიოდში, აფხაზეთსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოქალაქეთა მკვლელობა სცადეს. ამას გარდა, ბრალდებულებმა მოქალაქეები გაძარცვეს და პირადი ნივთები და ძვირფასეულობა წაართვეს.

პროკურატურამ ასევე განმარტა, რომ ე.წ. „გაგრის ჯგუფის“ წევრებმა გალის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა პირებს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მძევლად აიყვანეს, რის შემდგომაც ოჯახის წევრებისგან მათ გასათავისუფლებლად გამოსასყიდი თანხა მოითხოვეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button