ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის გაფართოებისა და საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ

11 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის ხელმძღვანელობით ბრიუსელში შეიკრიბნენ, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ მოსაზრებები გაეცვალათ პარტნიორობის ექვსიდან ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებთან, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან. შეხვედრის დაწყებამდე მინისტრებმა ჟურნალისტებთან გაფართოების პროცესსა და საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ისაუბრეს.

უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ კარგი ამბავი ის არის, რომ საქართველო პროგრესს აღწევს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და „კარგად მიდის“. მისი თქმით, ჯერჯერობით ევროკომისიის ყველა ანალიზი ძალიან პოზიტიური იყო და მან საქართველოს ამ გზის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრიშიანის კარიშნმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მიმდინარე კვირას კანდიდატის სტატუსს მიიღებს. მისი თქმით, „აშკარაა, რომ არა მხოლოდ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ მთავრობაც ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს“. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა რეფორმების გზაზე საქართველოს დასახმარებლად.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ არსებობს ქვეყნების დიდი ჯგუფი, რომლებიც გაფართოების პროცესის ნაწილია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა მათგანმა წარმატებას მიაღწიოს დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი „გაფართოების კომიდან“ სწორედ უკრაინამ გამოიყვანა და აღნიშნა, რომ ორი წლის წინ ვერც უკრაინა და ვერც საქართველო მიიღებდნენ ევროპულ პერსპექტივას. მისი თქმით, ამჟამინდელი იმპულსის დაკარგვა, რომლის წამოწყებაშიც უკრაინამ ორი წლის წინ გადამწყვეტი როლი ითამაშა, ევროკავშირისთვის დიდი ისტორიული შეცდომა იქნებოდა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ესტონეთი მხარს უჭერს როგორც გაფართოების პროცესებს, ასევე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მინისტრი იმედოვნებს, რომ გაფართოების შესაძლებლობის ისტორიული ფანჯარა გამოყენებული იქნება და მას არავინ დაბლოკავს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ლიეტუვის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი პარასკევს მიღებულ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული და აღნიშნა, რომ ბევრი ქვეყანა ევროპასთან უფრო ახლოს იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა და საქართველო ერთ-ერთი მათგანია.

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ არსებობს პირობების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს და შესრულდეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button