ახალი ამბები

ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით არასამთავრობოები ახალ პროექტს იწყებენ

პროექტი „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ პრეზენტაცია 8 დეკემბერს გაიმართა და მისი მიზანი საზოგადოების ფართო ჩართულობითა და მასთან თანამშრომლობით ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობაა. პროექტის ინიციატორები არიან კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), და  თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH).

პროექტი 33 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი ბიუჯეტი, დაახლოებით, 3 მილიონი ევროა. პროექტი, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს, მიზნად ისახავს დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების გაძლიერებას; სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდობის, მედიისა და ბიზნესის გაძლიერებას; ადგილობრივი აქტივისტების იურიდიულ მხარდაჭერას. პროექტის მიზანია ასევე მაღალი ხარისხის კვლევისა და საზოგადოებრივი დიალოგის წამოწყება და ევროკავშირისა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხების შესახებ ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.

პროექტის საქმიანობები ითვალისწინებს: ეროვნული და ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ ჩრდილოვანი და მონიტორინგის ანგარიშების შემუშავებას; საექსპერტო დისკუსიებსა და დებატებს ევროპული ანალიტიკური და კვლევითი ინსტიტუტების მონაწილეობით; მაღალი დონის კონფერენციის ჩატარებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ; სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების დაკავშირებას; კოალიციისა და ქსელის შექმნას; ევროკავშირში ინტეგრაციისთვის რეგიონული სამოქალაქო საბჭოების და მედია კოალიციის შექმნას; ევროკავშირის ახალგაზრდული ბანაკების ჩამოყალიბებას ახალგაზრდებისთვის საქართველოს რეგიონებიდან, მედია კომუნიკაციას საზოგადოებასთან.

პროექტის დაწყებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი მიესალმა. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანიის სურვილია, საქართველო ევროკავშირში იხილოს. მან ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე რეფორმებისა და ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

რეფორმებზე საუბრისას ელჩმა განაცხადა, რომ როდესაც მას ეკითხებიან, რა უნდა გააკეთოს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წარმატების მისაღწევად, ის ყოველთვის მიუთითებს ევროკომისიის მიერ წამოყენებულ რეკომენდაციებსა და პრიორიტეტებზე. ღირებულებების მნიშვნელობაზე საუბრისას მან უნგრეთსა და ევროკავშირს შორის არსებული უთანხმოება გაიხსენა და აღნიშნა, რომ უნგრეთს სურს ევროკავშირმა შეაჩეროს თანხების გამოყოფა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის გაკვეთილი საქართველოსთვის, რომ „გონივრულად შეარჩიოს მეგობრები“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button