ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოს სტუმრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა „საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგი მიმოიხილეს და სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის გაძლიერებისა და გაღრმავების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს“.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს დადებით გადაწყვეტილებას ელის. მისივე თქმით, „ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. „პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და გლობალური გამოწვევების ფონზე ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. ღარიბაშვილმა ჯოშუა ჰაკს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის გზაზე ამერიკის შეერთებული შტატების ღია მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის საელჩომ დაწერა Twitter-ზე, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს და აშშ-ის ელჩს ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდათ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან და რომ მათ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური გზისთვის აშშ-ის შემდგომ მხარდაჭერაზე იმსჯელეს.

5 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯოშუა ჰაკი პარლამენტის ვიცე-სპიკერს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, ევროინტეგრაციასა და აშშ-თან თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.

„აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს მადლობა გადავუხადე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. ვაფასებთ და განსაკუთრებით ვუფრთხილდებით მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მოგვიანებით მან Twitter-ზე დაწერა, რომ ჯოშუა ჰაკთან სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგი და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი განიხილა. „ვაფასებთ აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიის განმტკიცებისა და საქართველოს გაძლიერების მიმართულებით“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

6 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზეც ისაუბრეს.

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის მხარეს „სამაგალითო პარტნიორობისთვის“, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ყურადღება გამახვილდა ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე. საუბარი შეეხო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით განხორციელებულ ნაბიჯებსა და განვითარების სამომავლო გეგმებს. აღინიშნა აშშ-ის მზარდი საგარეო სამხედრო დაფინანსებისა და ერთობლივი საერთაშორისო სწავლებების მნიშნველობა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი და აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო დაესწრნენ.

6 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მათ შორის კოალიცია „გირჩი მეტი თავისუფლება – დროას“  ლიდერებმა ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ, ასევე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრაზე 2024 წლის არჩევნებზე, წინასაარჩევნო პერიოდსა და საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო შესაძლო კოალიციური მთავრობის შექმნის პერსპექტივასაც.

5 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

საუბარი შეეხებოდა საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში, ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების ჩატარების საკითხებსა და 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს.

შეხვედრის შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ Twitter-ზე დაწერა, რომ „მოხარული ვართ, რომ ვუმასპინძლეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯოშ ჰაკს. „სამართლიანი არჩევნებისა“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან პარტნიორებთან ერთად, განვიხილეთ საქართველოს ევროინტეგრაცია, დემოკრატიული რეფორმები და 2024 წლის არჩევნები“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button