მარგარიტა სიმონიანი აფხაზ სტუდენტებს შეხვდა და USAID გააკრიტიკა
სატელევიზიო არხის, Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი 3 დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სტუდენტებს შეხვდა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძოდ კი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) გააკრიტიკა.
მისი თქმით, ასეთ ორგანიზაციებს „საკუთარ პოლიტიკა და ფასეულობები“ შემოაქვთ, „ცვლიან ქვეყნების კულტურულ კოდექსს“ და მათ დამოუკიდებლობას ართმევენ. მან აფხაზეთის ხელმძღვანელობას უსურვა „სიბრძნე, გამბედაობა და ძალა, რათა მათ უკომპრომისოდ ებრძოლონ“.
კრემლის პროპაგანდისტმა აღნიშნა, რომ მას ძალიან უყვარს აფხაზეთში ჩასვლა და რეგიონს სულ ცოტა წელიწადში ორჯერ სტუმრობს. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის პოლიტიკა, ეკონომიკა, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და „რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში.
ცოტა ხნის წინ, USAID აფხაზეთის მთავარმა დიპლომატმა, ინალ არძინბამ გააკრიტიკა. მისი თქმით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავენ, რეგიონში აღარ შეუშვებენ. არძინბამ აღნიშნა, რომ USAID-ის ოფიციალურ ვერგვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „აფხაზეთში ხორციელდება პროექტები, რომელთა მიზანიც ‘კრემლის დამღუპველ გავლენასთან დაპირისპირება’ და ‘საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა’“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)