ილია დარჩიაშვილი ეუთოს მინისტერიალს ესწრება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომას ესწრება, რომელიც სკოპიეში (ჩრდილოეთ მაკედონია) 29 ნოემბერს გაიხსნა.
1 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე შეხვედრაზე სიტყვით მიმართა სესიის მონაწილეებს, სადაც ყურადღება გაამახვილა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სახით და იმ მძიმე შედეგებზე, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას მოჰყვა. ილია დარჩიაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება კონფლიქტის მშიდობიანი დარეგულირების სახელმწიფო პოლიტიკასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციაზე.
მინისტრმა გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ წარმოადგენდა ცივი ომის შემდეგ სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერად შეცვლის პირველ ღია მცდელობას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკვე 15 წელზე მეტია რუსეთი განაგრძობს საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის – უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევით.
დარჩიაშვილმა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მავთულხლართებით იზოლირებულებულ მოსახლეობას აშორებენ ნათესავებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებს. „დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა უკანონო დაკავებები და გატაცებები, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს“, – აღნიშნა მან. მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა „კიდევ ერთი ძალადობის აქტია ეთნიკური ქართველების მიმართ“.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ამ მიდგომას ორი მთავარი მიზანი აქვს: რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და დაყოფილი საზოგადოების შერიგება.
ამ კონტექსტში, მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელოვან როლზე და ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობა.
საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები
მინისტერიალის ფარგლებში 29 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ხავიერ კოლომინას შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები და ნატოს 2024 წლის ვაშინგტონის სამიტის მოლოდინები.
ხავიერ კოლომინამ საქართველოს ევროკომისიისგან სტასუსთან დაკავშირებით მიღებული დადებითი რეკომენდაცია მიულოცა და ხაზგაზმით აღნიშნა ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
Good meeting with FM of ??@iliadarch in the margins of #OSCEMC2023 in #Skopje. We reviewed bilateral #NATO-Georgia cooperation, and I congratulated again Georgia for the recent #EU Commission positive recommendation. #NATO supports ?? euroatlantic aspirations pic.twitter.com/285uTwFvBr
— Javier Colomina (@JavierColominaP) November 29, 2023
29 ნოემბერს, ილია დარჩიაშვილი ისლანდიელ კოლეგას, ბიარნი ბენედიქტსონს შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა საქართველოს ინტერესს ნორდიკულ ქვეყნებთან კავშირების განმტკიცების კუთხით. მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსოფლიოს მასშტაბით არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე აუცილებელია პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისლანდიას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
გარდა ამისა, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკომისიის მხრიდან გაცემული რეკომენდაციის მნიშვნელობას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. „იმედი გამოითქვა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ქვეყანა დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.
29 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიელ კოლეგას, ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ალექსანდრ შალენბერგს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში არსებული წარმატებული ურთიერთობები, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს. მინისტრები მიესალმნენ ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და აღნიშნეს ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც საქართველომ აჩვენა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. ილია დარჩიაშვილმა ავსტრიელ კოლეგას მადლობა გადაუხდა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისა და პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისთვის.
შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსაც. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. „აღინიშნა ავსტრიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ამ საკითხზე ავსტრიის მხრიდან გამოხატული მტკიცე პოზიცია როგორც ეუთოს, ისე ყველა საერთაშორისო ფორმატში“, – ნათქვამია პრესრელიზში.
შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა განაგრძონ აქტიური მუშაობა ქვეყნებს შორის მაღალი დონის კავშირების პოზიტიური დინამიკის შესანარჩუნებლად.
30 ნოემბერს, ილია დარჩიაშვილი ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ბოლო წლების მანძილზე ორ ქვეყანას შორის განვითარებულ მეგობრულ და ახლო თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ამ კუთხით მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მიმდინარე წელს, თბილისში, ნორვეგიის საელჩოს გახსნის მნიშვნელობაზე, რაც „ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მკაფიო დასტურია“.
საუბარი ასევე შეეხო სექტორული თანამშრომლობის განვითარებისთვის არსებულ მაღალ პოტენციალსაც. ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან აფასებს ნორვეგიას, როგორც ერთი-ერთ მსხვილ საერთაშორისო დონორს, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყანაში ინსტიტუციურ მოდერნიზაციასა და ეკონომიკურ განვითარებას.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორს, მატეო მეკაჩის შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციასთან საქართველოს ნაყოფიერი თანამშრომლობის ტრადიციაზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყანაში წარმატებულ დემოკრატიულ რეფორმებს.
მინისტრმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე. საუბრისას აღინიშნა ODIHR-ის ჩართულობის მნიშვნელობა მთელი რიგი რეფორმების წარმატებული იმპლემენტაციისთვის.
ყურადღება გამახვილდა ODIHR-ის ჩართულობაზე საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 2024 წელს ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების გათვალისწინებით. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მზადყოფნას უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი.
მინისტერიალის დროს ადგილი გქონდა უთანხმოებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მონაწილეობის თაობაზე, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს მინისტერიალზე დასასწრებად ჩავიდა, რის შედეგადაც შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და უკრაინამ. თავდაპირველად, ბულგარეთმა ლავროვის თვითმფრინავს თავისი საჰაერო სივრცით სარგებლობის ნებართვა მისცა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი სკოპიეში საბერძნეთის გავლით შევიდა.
მასალა განახლდება…
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)