ახალი ამბები

რუმინეთის პარლამენტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

რუმინეთის პარლამენტმა 29 ნოემბერს დაამტკიცა „რეზოლუცია მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ“. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუციას დეპუტატთა პალატისა და სენატის გაერთიანებულ სხდომაზე დაუჭირეს მხარი.

საქართველოს საგარეო უწყების პრესრელიზის თანახმად, რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ რუმინეთი როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას. დოკუმენტში აღნიშნულია შავ ზღვაში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის კონსოლიდაციისათვის დაკავშირებადობის როლი, აგრეთვე, მისი მნიშვნელობა ევროპულ სივრცეში ინტეგრირებისათვის. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა აღიარებულია, როგორც ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი დემოკრატიული ტრანსფორმაციის სტიმულირებისათვის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და დასავლეთ ბალკანეთში.

რეზოლუციის თანახმად, რუმინეთის პარლამენტი „მტკიცედ უჭერს მხარს“ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროგრესს და „ასევე მოუწოდებს გაგრძელდეს ევროპული მხარდაჭერა, რათა საქართველომ გადადგას შემდგომი ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“. რეზოლუციის თანახმად, რუმინეთი იმედოვნებს, რომ საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას ევროკომისიის რეკომენდაციების ყოვლისმომცველი და მდგრადი განხორციელებისთვის.

ამასთანავე, რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირის მზარდი ძალისხმევის აუცილებლობაზე, აღმოსავლეთ სამეზობლოში მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, ასევე, „ხაზს უსვამს ევროკავშირთან დაკავშირებადობის ყველა განზომილების განვითარების საჭიროებას რეგიონის ქვეყნებისთვის“. რუმინეთის პარლამენტი გამოხატავს კანდიდატი  ქვეყნების პარლამენტებთან თანამშრომლობის და მხარდაჭერის სრულ მზაობას, ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესის ხელშესაწყობად.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button