ახალი ამბები

ომბუდსმენი ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრობს

25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილებების მიუხედავად, საქართველოში ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“ და რომ „პრევენციის, დროული გამოვლენის და შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიმართულებით დღემდე არაერთი პრობლემა არსებობს“.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, „კანონმდებლობის დონეზე კვლავ პრობლემად რჩება სექსუალური ძალადობის დეფინიციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, გაუპატიურების არსებული დეფინიციის ცვლილება და მასში თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანხმობის კომპონენტის განსაზღვრა“.

სახალხო დმცველის თქმით, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ოჯახში ძალადობის შემთხვევების მაღალი მაჩვენებელიც და პრევენციის ღონისძიებების სიმცირე. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 9 თვის მონაცემებით, ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტზე 6 520 შემაკავებელი ორდერი გამოიცა, ხოლო გამოძიება 3 064 ფაქტზე დაიწყო“.

ომბუდსმენი ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების „საგანგაშო“ მასშტაბზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც „წლიდან წლამდე კლების ტენდენციით არ ხასიათდება“. ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველი ამბობს, რომ 2022 წლის 10 თვის მონაცემით, საქართველოში 18 ქლი მოკლეს, „საიდანაც ოჯახური დანაშაულის ნიშანი 11 შემთხვევაში გამოიკვეთა“.

„ბევრად მაღალია მკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი, სადაც 32 შემთხვევიდან ოჯახური დანაშაულის ნიშნით 26 ფაქტი იყო ჩადენილი“, – აცხადებს სახალხო დამცველი და დასძენს, რომ გამოწვევად რჩება ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფო უწყებებს შორის შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობა.

„შედეგად, სახელმწიფოს რეაგირება გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე არაეფექტიანია. აღნიშნული მიდგომა კი მნიშვნელოვნად ასუსტებს სისხლის სამართლის პოლიტიკის პრაქტიკაში განხორციელებას“.

სახალხო დამცველი ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის „საგანგაშო“ მაჩვენებელზეც ამახვილებს ყურადღებას და სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკაზე დაყრდნობით ამბობს, რომ 2020 წელს არასრულწლოვან მშობლად 479 გოგო დარეგისტრირდა, 2021 წელს – 476, ხოლო 2022 წლის 6 თვის მონაცემით – 189.

ამდენად, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას:

  • დახვეწოს სექსუალური ძალადობის კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სექსუალური ძალადობის დეფინიცია დაეფუძნოს მსხვერპლის თავისუფალი, ნამდვილი და ნებაყოფლობითი თანხმობის არარსებობას;
  • მოახდინოს გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირება ყველა ტიპის სწავლებაში და დაიგეგმოს ცნობიერების ამაღლების კამპანიები გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით;
  • დაამტკიცოს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების დოკუმენტი;
  • დაგეგმოს შესაბამისი პროექტები და პროგრამები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშესაწყობად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button