Placeholder canvas
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს GREVIO-ს ანგარიში საქართველოს მიერ სტამბოლის კონვენციის შესრულებაზე 

ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა (GREVIO) 22 ნოემბერს საქართველოს მიერ სტამბოლის კონვენციის შესრულების შესახებ საბაზისო შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა.

ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) მიზნად ისახავს ქალების წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთას. საქართველომ კონვენციის რატიფიცირება 2017 წელს მოახდინა, ხოლო წინამდებარე დოკუმენტი ექსპერტთა ჯგუფის პირველი ანგარიშია საქართველოს მიერ კონვენციის რატიფიცირების შემდეგ. GREVIO ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც კონვენციის განხორცილების მონიტორინგზეა პასუხისმგებელი.

საკანონმდებლო ცვლილებები 

ანგარიში მიესალმა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას გააძლიეროს ქალთა უფლებები ახალი კანონმდებლობისა და პოლიტიკის შემოღების გზით, როგორიცაა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა. ამასთან, მიიჩნევა, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონი მყარ საფუძველს ქმნის სტამბოლის კონვენციის შესასრულებლად.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემდგომი საკანონმდებლო ზომებიც იქნა მიღებული, რომლებიც შესაბამისობაშია სტამბოლის კონვენციასთან. ეს ზომები მოიცავს ცვლილებებს ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში ახალი დანაშაულების შეტანას, როგორებიცაა – იძულებითი ქორწინება, ქალის გენიტალიების დასახიჩრება და იძულებით სტერილიზაცია.

დე-ფაქტო გენდერული თანასწორობის მიღწევა 

მიესალმა რა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, რომ ინსტიტუციური და პოლიტიკური ჩარჩოს სრულყოფის გზით გააუმჯობესოს გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები, GREVIO აღნიშნავს, რომ არსებობს კიდევ უფრო ფართო საზოგადოებრივი საკითხები გენდერული ნორმებით, რომლებიც ასევე საჭიროებს გადაწყვეტას.

ამ კონტექსტში, ანგარიში ხაზს უსვამს, რომ მამაკაცებისა და ქალების როლები ადრეული ასაკიდან ფორმირდება, რა დროსაც ქალები უფრო დედობაზე და შინამეურნეობაზე არიან ფოკუსირებულნი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს დაბრკოლებას წარმოადგენს საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევის თვალსაზრისით.

GREVIO ყურადღებას ამახვილეს ქალთა წინააღმდეგ ძალადობაზე რეაგირების ზომების დაფინანსების ზრდის საჭიროებაზე, რაც ასევე მოიცავს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. ეს ასევე მოიცავს მეტ დაფინანსებას სამოქალაქო საზოგადოებისა და ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის, ასევე სახელმწიფო სამსახურებისთვის, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ.

დოკუმენტში ასევე საუბარია გაუპატიურებისა და ძალადობის მსხვერპლთა სრული სამედიცინო და სასამართლო-სამედიცინო დახმარების ნაკლებობასა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრების არარსებობაზე. ამასთან, დამოკიდებულებების, შეხედულებებისა და პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, რაც ხელს უშლის ოჯახში ძალადობაზე ეფექტიან რეაგირებას, ანგარიში აღნიშნავს, რომ საჭიროა სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება.

რეკომენდაციები 

ანგარიშის თანახმად, მეტი ძალისხმევა უნდა მიემართოს იმ ქალებისკენ, რომლებიც ინტერსექციურ დისკრიმინაციას განიცდიან და, მათ შორის, არიან არა მხოლოდ, შშმ, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი ქალები, ასევე ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებული ქალები. ეს მოიცავს ამ ჯგუფების ცნობადობის ამაღლებას მათი უფლებებისა და ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ, ასევე ამ ჯგუფებზე ფოკუსირებული კვლევების ფინანსურ მხარდაჭერას.

ასევე, საჭიროა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, მათ შორის, იმისათვის, რომ გაიპატიურება უფრო მკაფიოდ განისაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, სტამბოლის კონვენციაში შეთანხმებაზე დაფუძნებული განმარტების შესაბამისად.

ამ კონტექსტში, ანგარიში ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის შესახებ კანონების, სახელმწიფო პოლიტიკისა და პროგრამების მომზადების, კოორდინირებისა და განხორციელების ყველა ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაციების გაზრდილი ჩართულობისკენ მოუწოდებს.

დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს არსებულ გენდერულ სტერეოტიპებთან და მედიაში მათ პროპაგანდასთან ბრძოლის საჭიროებას. ანგარიშის თანახმად, საჭიროა კერძო სექტორის წახალისება, რათა მან შემოიღოს თვითრეგულირების სტანდარტები ქალთა წინააღმდეგ ძალადობის, კერძოდ კი – სექსუალური შევიწროების აღსაკვეთად.

GREVIO მოუწოდებს ეროვნულ ხელისუფლებას, რომ ანგარიში ოფიციალურ ენაზე ითარგმნოს, რათა ის ფართოდ გავრცელდეს არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებში ყველა დონეზე, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, რომლებიც ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მუშაობენ.

  • ანგარიშის სრული ტექსტისთვის მიჰყევით ბმულით

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button