ახალი ამბები

რუსულმა პროპაგანდისტულმა არხებმა უკრაინაში დატყვევებული ქართველი მებრძოლების ამსახველი კადრები გაუშვეს

19 ნოემბერს, რუსულმა მედიასაშუალებამ NTV-მ გადაცემაში „იტოგი ნედელი“ (Итоги Недели) გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ორი ქართველი მებრძოლი, გიორგი ჩუბითიძე და გიორგი გოგლიძეა ნაჩვენები. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანი რუსულმა ძალებმა ნოემბერში, უკრაინის დონბასის რეგიონში, დაახლოებით, ათი დღის წინ დაატყვევეს.

ვიდეოში ჩუბითიძე ამბობს, რომ 2014 წლის მაიდანის მოვლენების დროს „სნაიპერი“ იყო. მისი თქმით, იგი დაიქირავეს „საქართველოს დაზვერვის ყოფილმა თანამშრომლებმა სააკაშვილის სახელით“. ორივე ქართველს დაზიანებები აღენიშნება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ (მათ შორის სახეში). ამასთან, ისინი ნელა და გაურკვევლად საუბრობენ.

24 ნოემბერს, კიდევ ერთმა რუსულმა პროპაგანდისტულმა არხმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ ორივე ქართველი მერბძოლი ბნელ ოთახში შეყავთ თვალებახვეული. ვიდეოში მათ ეკითხებიან ვინაობას და ისინიც შესაბამისად პასუხობენ.

14 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაატყვევეს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-2 საერთაშორისო ლეგიონთან ჰქონდათ კავშირი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ დაადასტურა, რომ დატყვევებული მებრძოლები ქართველები იყვნენ.

„სამოქალაქო საქართველო“ საგარეო საქმეთა სამინისტროს, წითელ ჯვარს და თბილისში უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და დატყვევებული ქართველი მებრძოლების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ითხოვა. სტატია შესაბამისად განახლდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button