ახალი ამბები

TI საქართველო: „საქართველოს რკინიგზის“ ტენდერი სავარაუდოდ რუსულ კომპანიებზეა მორგებული

„საქართველოს რკინიგზამ“ ელმავლების შესაძენად 184 მლნ ლარიანი, სავარაუდოდ მორგებული ტენდერი გამოაცხადა, რადგან  მასში მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა, რომლებიც რუსეთის დაარსებულ ევრაზიულ კავშირში გაცემულ სერტიფიკატს ფლობენ, განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“.

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს სს ,,საქართველოს რკინიგზამ” 10 ელმავლის შესასყიდად 184 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მიმწოდებლებს წინადადების წარდგენა 3 დეკემბრიდან 5 დეკემბრამდე შეეძლებათ, ხოლო გამარჯვებულმა ელმავლები 2024 წლის ბოლომდე უნდა მიაწოდოს.

შესყიდვების ელექტრონულ საიტზე ატვირთულ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ შესყიდვაში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს: „შემოთავაზებულ საქონელზე გაცემული “НБ ЖТ ЦТ 04-1998” ან “ТР ТС 001/2011”-ის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი („უსაფრთხოების ნორმები სარკინიგზო ტრანსპორტზე. ელმავლები. სერტიფიცირების მოთხოვნები“ ან „საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა“), რომელიც გაცემული უნდა იყოს თანამეგობრობის ქვეყნების (დსთ) სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს რეესტრით გათვალისწინებული აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ.

საბაჟო კავშირში იგულისხმება ევრაზიის საბაჟო კავშირი, რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ევრაზიული კავშირი) ნაწილია და მასში შედიან: რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი და ყირგიზეთი. „ამ ჩანაწერით, „საქართველოს რკინიგზამ“ ფაქტობრივად დაავიწროვა  ელმავლის მწარმოებელი ქვეყნების წრე“, აცხადებს ორგანიზაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აღნიშნავს, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ აღნიშნული ტენდერი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის გზით გამოაცხადა. ორგანიზაციის თქმით, ეს არის საქონლის ან მომსახურების შესყიდვის დადგენილი სპეციალური წესი, რომელიც მთავრობამ კონკრეტულად „საქართველოს რკინიგზისთვის“ დაადგინა. „სპეციალური წესი „საქართველოს რკინიგზას“  ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვისგან და შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფისგან არ ათავისუფლებს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში, რომლის თანახმადაც „4 ნოემბერს გამოცხადებული ტენდერი პირდაპირ არღვევს შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას, რადგან ფაქტობრივად რუსულ სერტიფიკატს ითხოვს. შემსყიდველი ყურადღებას უნდა ამახვილებდეს მიმწოდებელი კომპანიის კვალიფიკაციაზე, შესასყიდი საქონლის ხარისხზე და არა მის წარმომავლობაზე“.

TI საქართველო ორი წლის წინანდელ შემთხვევას იხსენებს, როდესაც მას დაუკავშირდა ავსტრიული კომპანია „GSL Steel Trade GmbH“, რომელიც ფიქრობდა, რომ რკინიგზა ტენდერში ხელოვნურად ზღუდავდა კონკურენციას, ვინაიდან ევრაზიული კავშირის სერტიფიკატებს ითხოვდა. „რომ არა ეს მოთხოვნა, ავსტრიული კომპანიაც შეძლებდა ტენდერში მონაწილეობის მიღებას… თუმცა, „საქართველოს რკინიგზამ“ 17 მლნ დოლარის რუსული წარმოების რელსები შეისყიდა“.

ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და კონკურენციის სააგენტოს შეისწავლონ აღნიშნულ ტენდერში არსებული კონკურენციის შემზღუდველი პირობები და მიიღონ კანონით განსაზღვრული ზომები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button