მედია: საქართველოს რკინიგზას სანქცირებულ კომპანიასთან არაპირდაპირი შესყიდვის კონტრაქტი აქვს
ტელეკომპანია „ფორმულამ“ 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზა საერთაშორისო სანქციების სიაში მოხვედრილ რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობს.
ტელეკომპანიის თქმით, 2023 წლის 13 აპრილს რკინიგზამ ტენდერში გამარჯვებულ „ტავრიდა ელექტროსისტემთან“ ხელშეკრულება დადო, მან კი დამკვეთს აშშ-ის მიერ 14 სექტემბერს სანქცირებული რუსული „ტიხორეცკის“ მანქანათმშებელი ქარხნის წარმოებული დანადგარი უნდა მიაწოდოს. მიუხედავად იმისა, რომ ქარხანა სანქცირებულია, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, საქართველოს რკინიგზის კონტრაქტი კვლავ ძალაში რჩება. კონტრაქტის ღირეულება დაახლოებით 3 მილიონ ლარს შეადგენს.
საკითხის კომენტირებისას ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ „ისეთი კაზუსი თქვით, რომელიც ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ინდივიდუალურ მიდგომას და რეაგირებას საჭიროებს“. „ცხადზე ცხადია, რომ სანქცირებულ კომპანიებთან, მით უმეტეს, როცა სახელმწიფოზეა საუბარი, ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს“, – დასძინა კახიანმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)