რობერტ ფიცოს დაბრუნება
რა ხდება?
30 სექტემბერს, სლოვაკეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ხმების უმრავლესობა – 23% პოლიტიკურმა პარტია „სმერმა“ მოიპოვა.
ავტორი: ხატია დავლიანიძე საგარეო პოლიტიკის მკვლევარია და ბალკანეთისა და ცენტრალური ევროპის რეგიონზე ამახვილებს ყურადღებას
როგორ მივიდა სლოვაკეთი 2023 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე?
- 2020 წელს რუსული ვაქცინის ფარულად შესყიდვისთვის გაფორმებული შეთანხმების გამო, იგორ მატოვიჩის მთავრობა (OLaNO) დაემხო.
- ხელისუფლების სათავეში ედუარდ ჰეგერის კოალიციური მთავრობა მოვიდა. 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ედუარდ ჰეგერმა სახელი კიევის მტკიცე მხარდაჭერით გაითქვა. აღსანიშნავია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, სლოვაკეთი უკრაინის ევროპელ დონორთა ხუთეულში აღმოჩნდა.
- 2022 წლის სექტემბერში „თავისუფლებისა და სოლიდარობის პარტიამ“, არაკომპეტენტურობისა და ანტი-კორუფციული კურსიდან გადახვევის ბრალდებით, კოალიცია დატოვა და ქვეყანას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებამდე სათავეში ტექნიკური მთავრობა ჩადგა ლუდოვიტ ოდორის ხელმძღვანელობით.
მანდატების გადანაწილება 150-წევრიან პარლამენტში 2023 წლის არჩევნების შედეგად
შედეგები ანალიზი
SMER-ის წარმატება აშკარაა და რობერტ ფიცოს დაბრუნება ხელისუფლებაში ფრიად დრამატული მოვლენაა ქვეყნის ისტორიაში.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ „სმერმა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმების უმრავლესობა მოიპოვა, ქალაქებში მათი გავლენა შედარებით მცირეა. ბრატისლავას რეგიონში, სლოვაკეთის დანარჩენ შვიდ რეგიონთან შედარებით, პარტიამ ყველაზე ცუდი შედეგი, 18.54% დააფიქსირა, სხვა ქალაქებშიკი 25 პროცენტს არ აცდენიან.
მეორე ადგილზე 2017 წელს შექმნილი პროდასავლური, სოციალ-დემოკრატიული პარტია – „პროგრესული სლოვაკეთი – PS“ გავიდა, რომლის ლიდერი ევროპარლამენტარი მიხაილ შიმეჩკაა. აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების ყოფილი ლიდერი ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა იყო. მათ 2020 წელთან შედარებით მთელი ქვეყნის მასშტაბით 11%-ით მეტი ხმის მოპოვება შეძლეს. გარდა ამისა, ლიბერალურად განწყობილ ბრატისლავას რეგიონში ყველაზე მეტი ხმა (31%) მიიღეს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ჩვეულებრივი ადამიანები და დამოუკიდებელი პიროვნებები – “ ამჟამად მხოლოდ 8.89%-ის მოპოვება შეძლო, რითაც 2020 წელს მიღებული 25% გვარიანად გაფლანგა.
რობერტ ფიცოს დაბრუნება
როგორც ადრეც გიყვებოდით რობერტ ფიცო სლოვაკეთის პოლიტიკის ვეტერანია. მისი პოლიტიკური კარიერა 1986 წელს ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანებით დაიწყო და პირველად ხელისუფლების სათავეში მოსვლა 2006 წელს მოახერხა.
SMER-ის პოლიტიკური წარსული
- პირველად „სმერმა“ ხელისუფლების სათავეში მოსვლა 2006 წელს შეძლო, როდესაც „სახალხო პარტიასთან“ და „სლოვაკეთის ნაციონალურ პარტიასთან“ ერთად სამთავრობო კოალიცია ჩამოაყალიბა.
- 2010 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „სმერმა“ ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა მიიღო, თუმცა მისმა ყოფილმა კოალიციურმა პარტნიორმა „სახალხო პარტიამ“ მხოლოდ 9 მანდატის მოპოვება შეძლო, ხოლო „სლოვაკეთის ნაციონალურმა პარტიამ“ 5%-იანი ზღვარი ვერ გადალახა, შესაბამისად, „სმერმა“, მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი მანდატების არქონის გამო, ოპოზიციაში გადაინაცვლა.
- 2011 წელს სკანდალური სატელეფონო ჩანაწერების გავრცელებასა და სამთავრობო კოალიციის წევრებს შორის ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული უთანხმოებას, ივეტა რადიჩოვას მთავრობის დამხობა და 2012 წელს ვადამდელი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების დანიშვნა მოყვა.
- 2012 წელს „სმერმა“ ამომრჩეველთა ხმების 44.4% მოიპოვა და სლოვაკეთის ისტორიაში პირველი პარტია აღმოჩნდა, რომელმაც 1993 წლის შემდეგ მთავრობის ფორმირება დამოუკიდებლად შეძლო. რობერტ ფიცოს 2015 წელს ევროპაში დაწყებული მიგრანტთა კრიზისის დროს გაკეთებული ანტი-იმიგრაციული განცხადებები ამომრჩეველთა გულის მოგებაში დაეხმარა. მან სამ პოლიტიკურ პარტიასთან („სლოვაკეთის ეროვნული პარტია“ + „ხიდი“ + „კავშირი“) ერთად სამთავრობო კოალიცია ჩამოაყალიბა და 2016 წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მესამედ დაიკავა.
- 2018 წელს საგამოძიებო ჟურნალისტის, 27 წლის იან კუციაკისა და მისი პარტნორის მკვლელობის გამო ქვეყანაში მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციები დაიწყო და რობერტ ფიცომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.
2023 წლის არჩევნებამდე ფიქრობდნენ, რომ ახალგაზრდა გამომძიებელ ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებული 2018 წლის სკანდალი რობერტ ფიცოსთვის პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იყო და ის ძალაუფლებას ხელში ვეღარასდროს ჩაიგდებდა, თუმცა ხანგრძლივი პოლიტიკური გამოცდილებით ამომრჩეველთა გულის კიდევ ერთხელ მოგება შეძლო.
რობერტ ფიცოს, მრავალწლიან პოლიტიკურ გამოცდილებასთან ერთად, როგორც თითქმის ყველა პოპულისტ ლიდერს, ეფექტური საჯაროდ გამოსვლისა და მოსახლეობის დარწმუნების განსაკუთრებული უნარი აქვს.
სლოვაკეთის მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვებაში ოპოზიციაში მყოფ რობერტ ფიცოს ჯერ კოვიდ პანდემიის დროს ნიღბების გამოყენების, ჩაკეტვისა და ვაქცინაციის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები დაეხმარა, შემდეგ კი რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომთან დაკავშირებით დაფიქსირებული მთავრობისაგან მკვეთრად განსხვავებული პოზიცია. ის აცხადებს, რომ უკრაინაში არ გაგზავნის არცერთ ახალ ტყვიას და მხარს უჭერს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას, ამას გარდა ფიცო უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას ღიად ეწინააღმდეგება.
ანტი-კორუფციული დაპირებებით მოსული ხელისუფლების კორუფციულ სკანდალებში გახვევამ, ზედიზედ ორი კოალიციური მთავრობის დამხობამ და დაუსრულებელმა პოლიტიკურმა კრიზისმა სლოვაკეთის მოსახლეობის იმედგაცრუება გამოიწვია.
სლოვაკეთის მოსახლეობის პოლიტიკური ქაოსით, ასევე ეკონომიკური და სოციალური პრობლემებით გადაღლას, უკრაინის ომის შიშიც დაემატა. ამომრჩეველმა მხარი „სმერს“ დაუჭირა, რომელმაც მთელი წინასაარჩევნო კამპანია უკრაინაში ომის დასრულების აუცილებლობასა და სლოვაკეთის მიერ მისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას დაუთმო.
წინასაარჩევნო პერიოდში ფიცო იმეორებდა კრემლის ნარატივს, მაგალითად იმას, რომ „დონბასსა და ლუგანსკში უკრაინელმა ნაცისტებმა რუსეთის მოქალაქეები დახოცეს.“ ამით მან სლოვაკეთში არსებული პრო-რუსული მედია საშუალებების მხარდაჭერა მიიღო, რამაც მისი მედია წვდომა გააუმჯობესა და რეიტინგის ზრდაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.
რუსოფილური პოზიციითა და მემარჯვენე/ულტრა-მემარჯვენე ნარატივით სლოვაკეთის ორი ყველაზე ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანების – „ჩვენ ვართ ოჯახის“ და „სახალხო პარტიის“ ამომრჩეველთა ხმები „სმერმა“ მიიზიდა, რამაც აღნიშნული გაერთიანებები საპარლამენტო მანდატების გარეშე დატოვა, რობერტ ფიცოს კი ხმების უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობა მისცა.
ფიცოს მეოთხე კაბინეტის შემადგენლობა
სლოვაკეთის ახალი კოალიციური მთავრობა „სმერის“, „ჰლასის“ და „ნაციონალისტური პარტიის“ მიერ ჩამოყალიბდა, რომელთაც ჯამში 79 მანდატი აქვთ.
„ჰლასი“ ზომიერად პროევროპული, სოციალ-დემოკრატიული პარტიაა, რომელიც 2020 წელს „სმერიდან“ წამოსულმა პეტერ პელეგრინიმ შექმნა. ეს უკანასკნელი „სმერიდან“ რობერტ ფიცოსთან უთანხმოების გამო წამოვიდა, თუმცა, იდეოლოგიური თვალსაზრისით აღნიშნულ პარტიებს ბევრი საერთო აქვთ.
„სლოვაკეთის ნაციონალური პარტია“ კი 1990 წელს შექმნილი ულტრანაციონალისტური პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელსაც რუსეთის ფედერციისა და ვლადიმირ პუტინის მიმართ პოლიტიკური სიმპათია აქვს.
რობერტ ფიცოს კოალიციურ მთავრობაში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„სმერი“ – პრემიერ-მინისტრის და 6 მინისტრის თანამდებობა:
- თავდაცვის მინისტრი – რობერტ კალინაკი,
- საგარეო საქმეთა მინისტრი – იურაი ბლანარი,
- ფინანსთა მინისტრი – ლადისლავ კამენიცკი,
- იუსტიციის მინისტრი – ბორის სუსკო,
- ტრანსპორტის მინისტრი – იოზეფ რაჟი,
- სოფლის მეურნეობის მინისტრი – რიჩარდ ტაკაჩი;
„ჰლასი“ – 7 მინისტრის თანამდებობა:
- ვიცე პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი – დენისა საკოვა,
- ვიცე პრემიერი – პეტერ კმეცი,
- რეგიონული განვითარების მინისტრი – რიჩარდ რაში,
- შინაგან საქმეთა მინისტრი – მატუშ შუტაი ეშტოკი,
- შრომის მინისტრი – ერიკ ტომაში,
- განათლების მინისტრი – ტომაშ დრუკერი,
- ჯანდაცვის მინისტრი – ზუზანა დოლინკოვა;
„სლოვაკეთის ნაციონალური პარტია“:
- ვიცე პრემიერი და გარემოს დაცვის მინისტრი – ტომაშ ტარაბა,
- კულტურის მინისტრი – მარტინა შიმკოვიჩოვა.
რას მოუტანს რობერტ ფიცო სლოვაკეთს და …?
„სმერის“, „ჰლასის“ და „სლოვაკეთის ნაციონლაური პარტიის“ ლიდერების განცხადებით, კოალიციური მთავრობის პრიორიტეტი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა წარმოადგენს.
ფიცო მიგრანტების ევროკავშირის ქვეყნებში მიღებას წლებია ღიად ეწინააღმდეგება. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს მისმა მთავრობამ ევროპის კავშირის გეგმის მიღებაზე, რომელიც მიგრანტების ქვოტების სისტემით გადანაწილებას გულისხმობდა, უარი განაცხადა.
პოპულისტური, ნაციონალისტური, რასისტული, ქსენოფობიური დ ისლამოფობიური განცხადებებით გამორჩეული ფიცო ამბობს, რომ „ტრადიცულ ოჯახურ ღირებულებებს“ უჭერს მხარს და ლგბტქ ადამიანების მიმართ სიძულვილის ენას იყენებს. მას „სლოვაკეთის ნაციონალური პარტიის“ მსგავსად პოლიტიკური სიმპათია აქვს ვლადიმირ პუტინის მიმართ და რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ემხრობა.
არსებობს მოლოდინი, რომ ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, ფიცო, რომელმაც იუსტიციის სამინისტროს კონტროლიც დაიბევა, საფრთხეს შეუქმნის კანონის უზენაესობას, შეზღუდავს სასამართლო სისტემისა და მედია საშუალებების დამოუკიდებლობას, ზეწოლას განახორციელებს პოლიტიკურ ინსტიტუტებზე, ხელყოფს სამოქალაქო საზოგადოებას, გააკონტროლებს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, რითიც საბოლოო ჯამში, ვიქტორ ორბანის გზას დაადგება.
თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „სმერი“ უნგრეთის მმართველი პარტია „ფიდესისგან“ განსხვავებით, საკანონმდებლო ორგანოში აბოლუტურ უმრავლესობას არ ფლობს. შესაბამისად, მანდატების საკმარისი რაოდენობის არქონის გამო, გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად ვერ მიიღებს და იძულებული იქნება კოალიციურ პარტნიორებთან დათმობაზე წავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის დამხობის საშიშროების წინაშე დადგება.
ისიც ფაქტია, რომ სლოვაკეთის ხელისუფლების სათავეში „სმერის“ მოსვლითა და რობერტ ფიცოს მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებით, ვიქტორ ორბანი თანამოაზრეს შეიძენს. ეს მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა უნგრეთი დემოკრატიის პრინციპებთან შეუსაბამო ქმედებების გამო ევროკავშირის წნეხის შემსუბუქებაში თანამოაზრეს, პოლონეთის “კანონისა და სამართლიანობის” პარტიას კარგავს. სლოვაკეთი, სავარაუდოდ, ამ საქმეში პოლონეთს ჩაანაცვლებს.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ მომავალში უკრაინისთვის სამხედრო/ეკონომიკური დახმარების აღმოჩენასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უნგრეთთან ერთად სლოვაკეთიც შეეწინააღმდეგება. თუმცა, აქაც საგულისხმოა, რომ პოლონეთისაგან განსხვავებით, სლოვაკეთს ბევრად უფრო ნაკლები წონა აქვს და ევროპულ დედაქალაქებთან პოლიტიკურ ვაჭრობაში დახლზე ნაკლები საქონელი აქვს გაშლილი.
დასკვნის მაგიერ
რობერტ ფიცოს მთავრობის ჩამოყალიბებით, სლოვაკეთი ევროკავშირის კიდევ ერთ პრობლემურ შვილად იქცევა. თუმცაღა, თუკი ვარშავა მყარად დაუბრუნდება დემოკრატიულ ბანაკს, ბრატისლავას გავლენა გადამწყვეტი ვერანაირად იქნება. სლოვაკეთს შეუძლია კრიტიკული იყოს ევროკავშირის მიმართ ზოგიერთ საკითხში. თუმღაცა, კავშირის ფინანსურ დახმარებაზე მისი დამოკიდებულება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელის წინააღმდეგ ფიცოს გალაშქრებას საზღვარი შედარებით ადვილად დაედება.