skip to content
ისტორიის რვეულირვეულები

წითელი ბურუსი: ოკუპაციის შემდეგ

1921 წლის თებერვალ-მარტში წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაცია მაშინდელი საქართველოსთვის დიდი შოკი იყო. განსაკუთრებით მძიმე ეს საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეებისათვის აღმოჩნდა, რომლებიც დამოუკიდებლობის სამი წლის განმავლობაში, მომავლის გაურკვევლობისა და ხშირი არეულობის მიუხედავად, უკვე შეჩვეულიყვნენ იმ აზრს, რომ მათი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული რესპუბლიკა იყო.

ეს რწმენა ადვილად არ მოსულა. როცა 1918 წელს დამოუკიდებლობას აცხადებდნენ, პოლიტიკური და სამხედრო ვითარება საქართველოს გარშემო ისეთი იყო, რომ ახლადშობილი რესპუბლიკისა და დემოკრატიის ნგრევა ყოველ წუთს იყო მოსალოდნელი.

ეს იმედნარევი ეჭვი ნოე ჟორდანიას 1918 წლის გამოსვლაშიც გამოსჭვივის:

და თუ ჩვენ მიზანს მაინც ვერ მივაღწიეთ და დავმარცხდით ერთი კი უეჭველი იქნება და ამის პირუთვნელი ისტორია აუცილებლად იტყვის – ჩვენ მივდივართ სწორე გზით და გავაკეთეთ, რის გაკეთებაც კი შეგვეძლო”.

ნოე ჟორდანია

ყოველივე ამის მოსპობა დიდი ტრაგედია იყო, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ამ იდეისათვის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იბრძოდა და ვისაც სამი წლის განმავლობაში უამრავი გამოწვევის გადალახვა მოუხდა.

რესპუბლიკა იდეაა და მომავლის საერთო ხედვაო, ამბობდნენ ფრანგი რევოლუციონერები. ფილიპე მახარაძეს და მის რევკომს კი ეს ხედვა იმდენად გამჯდარი დახვდა პოლიტიკურ კლასში, რომ მის წინააღმდეგ ჯიქურ ბრძოლა შეუძლებლად ჩაითვალა.

წარსულის აჩრდილი

სწორედ ამიტომ, დამოუკიდებელმა საქართველომ უკვე საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობის შემდეგაც გააგრძელა თითქოს ფორმალურად არსებობა. ისკიარა, თბილისში საბჭოთა მეთაურებმა 1921 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაც კი სცადეს, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობამ ბოიკოტით უპასუხა და ქუჩაში არ გავიდა, რეგიონებში კი საპროტესტო დემონსტრაციებიც გაიმართა, რომლებიც ჩეკისტებმა და წითელი არმიის რაზმებმა იარაღის გამოყენებით დაშალეს. დემონსტრანტები დაჭრეს, რამდენიმე მოკლეს და მასობრივი დაპატიმრებებიც მოაწყვეს. 1921 წლის 26 მაისის მოვლენებმა რეგიონებში ფაქტობრივად დაასრულა საოკუპაციო რეჟიმის რბილი პოლიტიკის მთავარი ეტაპი. მიდგომა უფრო მკაცრი და ხისტი გახდა.

თუმცა მანამდე იყო შოკი და შეგუება.

დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე “მოქალაქე მღვდლის დღიურებში” წერს: “თბილისში წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ რამდენიმე დღე მოსახლეობის დიდი ნაწილი შიშით ელოდა დარბევას, მაგრამ რადგან ეს არ მოხდა, მალე „ცხოვრება ძველებურ კალაპოტს დაუბრუნდა“.

შეგუების ერთ-ერთი მამოძრავებელი სწორედ შიში იყო. ყველამ იცოდა, რომ საქართველოში რეალურ ძალაუფლებას უკვე წითელი არმია, საგანგებო კომისია „ჩეკა“ და რუსეთის კომუნისტური პარტია  ფლობდა.ამაზე სწერდა სილიბისტრო ჯიბლაძეც ემიგრაციაში წასულ თანამებრძოლებს ოკუპირებული თბილისიდან: “რა ქნას ხალხმა, განაგრძობს თვითონ ძველებურათ თავისებურათ – ვაი, თუ გაჯავრდენ [კომუნისტები]”.

შეგუება და კოლაბორაცია

დამოუკიდებლობის დაკარგვა და სამშობლოში უცხო ძალის გაბატონება აქტიურ მოქალაქეთა უმრავლესობისათვის – გარდა ბოლშევიკებისა – ტრაგედიის მომასწავებელი მოვლენა იყო. თუმცა იმ ხალხის ნაწილიც კი, ვინც კომუნისტებს თითქოსდა არ თანაუგრძნობდა, საკმაოდ სწრაფად დაადგა ახალ მთავრობასთან შეგუებისა და, ზოგ შემთხვევაში, თანამშრომლობის გზას.  

ოფიციალური პროპაგანდა საქართველოს საზოგადოებას და გარესამყაროს დაჟინებით უმტკიცებდა, რომ საქართველოში მხოლოდ პოლიტიკური ხელისუფლება შეიცვალა, „გადატრიალება მოხდა“ და ქვეყანა კვლავ დამოუკიდებელი იყო.

დარწმუნებით რთული სათქმელია, თუ რა იყო ამ ადამიანების მოტივაცია, როგორ ამართლებდნენ ისინი თავიანთ ქცევას სხვებთან თუ საკუთარი თავის წინაშე. ეგებ, ზოგს მერკანტილური ინტერესი ამოძრავებდა, ზოგს კი პოლიტიკური წინსვლის იმედი ჰქონდა. თუმცა იგრძნობა ისიც, რომ ამ აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეების ნაწილი უბრალოდ გადარჩენას ცდილობდა – არა მარტო საკუთარი თავის, არამედ რაღაც გაგებით რესპუბლიკის იმ მონაპოვრისაც, რომელიც მათ ღირებულად მიაჩნდათ. ამ ისტორიების გააზრება მტკივნეულია, მაგრამ საჭირო.

პოლიტიკური ოპორტუნიზმი

1921 წლის თებერვლის ბოლოს, როცა ქართული სამხედრო დანაყოფების ნაწილები ჯერ კიდევ აღმოსავლეთ საქართველოში იბრძოდნენ, სოციალ-ფედერალისტთა რადიკალური მემარცხენე ფრაქცია თედო ღლონტისა და შალვა ნუცუბიძის მეთაურობით პოლიტიკური სპექტრიდან ერთადერთი ჯგუფი აღმოჩნდა, რომელმაც მალევე აღიარა საბჭოთა ხელისუფლება და მათთან თანამშრომლობა დაიწყო. ამ პოლიტიკოსებმა არა მხოლოდ აღიარეს რევკომის ძალაუფლება, არამედ ისიც განაცხადეს, რომ საბჭოთა ხელისუფლება ბევრად უფრო დემოკრატიული იყო, ვიდრე მანამდე არსებული დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება.

„საქართველოს რევკომი უფრო რევოლუციონური, უფრო დემოკრატიული და უფრო სოციალისტურია, ვიდრე მენშევიკური მთავრობა. აი ჩვენი რწმენა, ჩვენი შეხედულება ბალშევიკებზე. ეს შეხედულება არა 25 მარტიდან [თებერვლიდან] შემუშავებული ჩვენს შორის, არამედ მუდმივათ ასეთი ჩვენი შეხედულება ბოლშევიკებზე იყო ის ნიადაგი, პირობა, რომელიც არკვევდა ჩვენს ურთიერთობას ბოლშევიკებთან“.

გაზეთი “სოციალ-ფედერალისტი”

თავდაპირველად, ბოლშევიკები ასევე ლმობიერად მოეპყრნენ 1921 წლის იანვარში სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან გამოყოფილ დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატთა ფრაქციას, „ახალ სხივს“. თუმცა 1921 წლის მაისში „ახალსხიველებმა“ საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკა დაიწყეს და ისინიც რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ. 1921 წლის ზაფხულში გაზეთები „ახალი სხივი“ და „სოციალისტ-ფედერალისტი“ – მიუხედავად „საბჭოთა პლატფორმაზე“ გადასვლისა – საბოლოოდ დაიხურა. სოციალისტ-ფედერალისტების ნაწილი ემიგრაციაში წავიდა, ნაწილი პოლიტიკას ჩამოშორდა, შალვა ნუცუბიძემ და თედო ღლონტმა კი ოკუპანტებთან კოლაბორაციის წყალობით კარიერა აიწყვეს. ღლონტი 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა, ისევე, როგორც მისი ბევრი სხვა პარტიული ამხანაგი. ნუცუბიძის სახელი კი დღესაც “ამშვენებს” თბილისის უბანს. 

ხელოვნება თავისუფალი და დამოუკიდებელია?

საბჭოთა პრესაში გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, დამოუკიდებლობის დაკარგვა ნაკლებ ტრავმული აღმოჩნდა ქართველ ხელოვანთათვის, რომლებსაც პრივილეგიებს უხვად ჰპირდებოდა საბჭოთა საქართველოს რევკომი.

ხელოვნების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად 1921 წლის 1 მარტს საბჭოთა რევკომმა კოტე მაყაშვილის, პაოლო იაშვილისა და სხვათა თხოვნის საფუძველზე თბილისში არსებული  ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული არქიტექტურის მქონე, მდიდრულად მოწყობილი აკაკი ხოშტარიას სახლი (დავით სარაჯიშვილის ყოფილი სასახლე, დღეს საქართველოს მწერალთა სახლი) ქართველ ხელოვანთა კავშირს გადასცა. ამ ფაქტს ერთი ტრაგიკული ნიუანსი აქვს: მთხოვნელებს შორისაა საქართველოს მწერალთა კავშირის იმჟამინდელი თავმჯდომარე კოტე მაყაშვილი, სულ რაღაც ათი დღით ადრე წითელ არმიასთან ბრძოლაში დაღუპული მარო მაყაშვილის მამა. ამბობდნენ იმასაც, ხოშტარია მწერლებს სახლის ჩუქებას მანამდეც შეპირებული იყო და მაყაშვილმა და იაშვილმა ამ გზით ეს სახლი ბოლშევიკებისგან გაძარცვას გადაარჩინესო, თუმცა ამის დოკუმენტური დასტური ჯერ არ არსებობს.

ის კი ფაქტია, რომ ხელოვანთა წრეებში ღია წინააღმდეგობა საბჭოთა ხელისუფლების მიმართ არ დაფიქსირებულა. მათი ნაწილი საბჭოთა სისტემასთან შეგუების გზას დაადგა და, როგორც ბევრი სხვა, მათი დიდი ნაწილიც 1937 წლის რეპრესიებმა იმსხვერპლა.

წინააღმდეგობა და ბრძოლა

სილიბისტრო ჯიბლაძე, ვეტერანი პოლიტიკოსი, რომელიც ოკუპირებულ თბილისში დარჩა, ივნისის დასაწყისში ასე ირონიით სწერდა ემიგრაციაში წასულ თანამებრძოლებს:

ჩვენ იმედია გვიკითხავთ, კარგად ვართ, რეაქცია, როგორც მოგეხსენებათ დასვენ-მოსვენების ხანაა, ის ასუქებს ხორცს, გვასუქებს მჭლექიანი, ეს ფარაონის მჭლე ძროხის ბევრად უფრო მჭლე, რეაქციაც კი.”

სილიბისტრო ჯიბლაძე

პოლიტიკური პარტიები

დამოუკიდებლობის დაკარგვის ტრავმის გავლენაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ათწლეულების განმავლობაში გამოცდილი რევოლუციონერები და კონსპირატორები საწყისი კვირების განმავლობაში თითქოს გონს ვერ მოეგენ, ეფექტურად ვერ მოქმედებენ. მხოლოდ მაისში ახერხებენ ისინი გამოფხიზლებას, რეალური წინააღმდეგობის მოძრაობაზე ფიქრსა და ორგანიზებას.

პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილი 1921 წლის განმავლობაში საბჭოთა ხელისუფლებისადმი შეურიგებელ პოზიციას ინარჩუნებდა. სოციალ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტების დიდი ნაწილი და ეროვნულ-დემოკრატები წინააღმდეგობის მოძრაობის ფართო წრის შექმნას ცდილობდნენ.

“თავიდათავი საქმე არა ფიზიკურ, არამედ იმ მორალურ ტერორშია, რაც უკვე დაიწყეს და რასაც ბოლოს და აუცილებლად მოჰყვება და მოაყოლებენ ჭერასაც”

ქსელის შექმნას მალევე ახერხებენ სოციალ-დემოკრატები, ყველაზე ხალხმრავალი და გავლენიანი პარტია ფარული მუშაობის უდიდესი გამოცდილებით. ფარულ წერილებსა და მოგონებებში პოლიტიკოსები პირადად საუბრობენ დამოუკიდებლობის დაკარგვის ტრაგიკულ მნიშვნელობაზე, თავიან დეპრესიულ მდგომარეობასა და სასოწარკვეთილებაზე, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი მზადაა ანტისაბჭოთა მოძრაობის ნაწილი გახდნენ.

დამოუკიდებლობის დაკარგვის ტრავმას კი 1921 წლის მაის-ივლისში ისიც ემატება, რომ „ჩეკას“ მიერ გამოცხადებული ნადირობის შედეგად ქვეყანაში დარჩენილ პოლიტიკურ ლიდერთა უდიდეს ნაწილს საბჭოთა საპყრობილეებში უკრეს თავი. Მათ შორის არიან მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, დამფუძნებელი კრების ყოფილი ვიცე-სპიკერი, მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრები, სამაზრო ერობების ხელმძღვანელები. მალე მათ საპყრობილეებში მუშათა მოძრაობების ლიდერებიც შეუერთდებიან. 1921 წლის მიწურულს საქართველოს ციხეებში ასობით პოლიტპატიმარი იყო გამომწყვდეული. მხოლოდ მეტეხის ციხეში, პოლიტპატიმართა მთავარ საპყრობილეში, 221 პოლიტპატიმარი მოეთავსებინათ, მათ შორის გავლენიანი სოციალ-დემოკრატი ლიდერებიც. 

მუშათა მოძრაობა

ოკუპაციის შემდეგ, თითქოსდა პროლეტარიატის სახელით მმართველმა საბჭოთა ხელისუფლებამ მიზანში ამოიღო მუშათა გაერთიანებებიც, რომლებშიც 1921 წლის თებერვლამდე სწორედ სოციალ-დემოკრატები დომინირებდნენ. იდეური რევოლუციონერი მუშები მალევე აღმოჩნდნენ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში. ამ მუშათა მნიშვნელოვანი ნაწილი სამი წლის მანძილზე ფრონტის ხაზზეც არაერთხელ მდგარა სახალხო გვარდიის რიგებში. მუშები თავდაპირველად ნაცად ხერხს – პეტიციებს, საჯარო განცხადებებსა და მოთხოვნებს – უგზავნიდნენ რევკომს, შემდეგ გაფიცვებსა და პროტესტსაც მიმართავდნენ, რამაც საბოლოოდ ასობით მუშის დაპატიმრება და რეპრესიები გამოიწვია. მუშათა ლიდერები საბჭოთა ციხეებში პატიმრობაში იღუპებოდნენ. ასეთ მდგომარეობაში მეტეხის ციხეში აღესრულა პოლიტპატიმარი და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მარიამ ბერიანიძე. ოკუპაციის შემდეგ ბერიანიძე აქტიურად უპირისპირდებოდა საბჭოთა ხელისუფლებას.

1921 წლის ივლისის დასაწყისი შეგვიძლია უკვე საბჭოთა ოკუპაციის ტრავმის სრულფასოვნად გაანალიზების პერიოდად მივიჩნიოთ. ამ დროს თბილისს ამხანაგი სტალინი ეწვევა. სტალინი მშობლიური საქართველოსგან დაფასებას, სითბოსა და მილოცვებს ელის, მაგრამ სოციალ-დემოკრატების მიერ ორგანიზებული თბილისელი მუშებისგან და ყოფილი თანამებრძოლებისგან ობსტრუქციას, კრიტიკასა და ლანძღვას იღებს. დამფუძნებელი კრების ყოფილი წევრები, ცხადია, აცნობიერებდნენ ამგვარი ობსტრუქციის შესაძლო მძიმე შედეგებს, თუმცა მათთვის ოკუპაციის ტრავმაზე პასუხი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. შეხვედრიდან სულ ერთ კვირაში მონაწილეთა დიდ ნაწილს დააპატიმრებენ, დაპატიმრებულთა დიდი ნაწილი კი ვეღარასოდეს იხილავს თავისუფალ ცხოვრებას და 1924 და 1937-1938 წლების რეპრესიებს ემსხვერპლებიან.

ჯარისკაცები

ომში მარცხი და ოკუპაცია ყველაზე მტკივნეული და ტრაგიკული ალბათ მაინც ფრონტზე მებრძოლი ჯარისკაცებისა და გვარდიელებისათვის აღმოჩნდა. რეგულარულ ჯარში მსახურ გენერალთა ნაწილი მთავარსარდალთან ერთად ემიგრაციის გზას გაუყვა. დარჩენილ სამხედრო ოფიცერთა ნაწილი კი რამდენიმე გენერალთან, მათ შორის გიორგი მაზნიაშვილთან ერთად 1921 წლის მარტის მიწურულს და აპრილში უკვე საბჭოთა საქართველოს წითელი არმიის რიგებში ჩაირიცხა. როცა მაზნიაშვილი რევკომის მანდატით უკვე რესპუბლიკის ჯარის განიარაღებასა და საბჭოთა წითელი ჯარის შექმნაზე მუშაობს, გვარდიელები მტკიცედ ადგანან წინააღმდეგობის გზას.

1921 წლის მარტშივე გვარდიის ცალკეულმა ნაწილებმა ფიცი დადეს, რომ იბრძოლებდნენ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ამაზე მიუთითებს ყოფილი გვარდიელი ვალიკო ჩუბინიძის მოგონებებიც –  „…ბრძანებაც მივიღეთ, ოფეთი (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) დაცალეთ, ქალაქ ლანჩხუთში მიდით და წითელი არმიის რწმუნებულს გენერალ გიორგი მაზნიაშვილს იარაღი ჩააბარეთო. ჩვენი ეშელონი შეიკრიბა, გაემგზავრა ლანჩხუთს და ბრძანების თანახმათ განიარაღდა… …მუშა გვარდიელებმა დავადგინეთ:  მთელი ჩვენი ძალ-ღონით ოკუპანტების წინააღმდეგ ყოველგვარი საშუალებით ვიბრძოლოთ იმ დრომდე, სანამ სამშობლოს გავათავისუფლებთ და ამ მიზნით ყოვლად შემძლე და ურყევი იმედით დავიშალენით“.

მუშა გვარდიელებმა დავადგინეთ:  მთელი ჩვენი ძალ-ღონით ოკუპანტების წინააღმდეგ ყოველგვარი საშუალებით ვიბრძოლოთ იმ დრომდე, სანამ სამშობლოს გავათავისუფლებთ და ამ მიზნით ყოვლად შემძლე და ურყევი იმედით დავიშალენით“.

– ვალიკო ჩუბინიძის მოგონებები

1921 წლის გაზაფხულზე საბჭოთა რეჟიმმა დააკავა საქართველოში დარჩენილ გვარდიის მეთაურთა აბსოლუტური უმრავლესობა. ემიგრაციაში წავიდა სახალხო გვარდიის ლიდერი ვალიკო ჯუღელი, რომელზეც საბჭოთა ხელისუფლებას ფაქტობრივად ნადირობა ჰქონდა გამოცხადებული. საბოლოოდ, ჯუღელი 1924 წელს საქართველოში დაბრუნდა აჯანყების მოსამზადებლად, მაგრამ იგი ჩეკამ დააპატიმრა და 1924 წელს დახვრიტა.

ქალთა ორგანიზაციები

ოკუპაციის შედეგად მიღებული ტრავმის შემდეგ ყველაზე რაციონალური და სწრაფი რეაქცია ქალთა ორგანიზაციებს აღმოაჩნდათ. ხშირად, მათი ოპერატიული მოქმედებები საბჭოთა რეჟიმისგან დევნილ აქტივისტთათვის და მათი ოჯახებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ქალმა აქტივისტებმა, განსაკუთრებით კი სოციალ-დემოკრატებმა, ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისიდან არსებულ „პოლიტიკურ წითელ ჯვარსა“ და სხვა ლეგალურ თუ არალეგალურ საქველმოქმედო საზოგადოებებს უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა შესძინეს. სოციალ-დემოკრატ ქალთა მეთაურობით „პოლიტიკური წითელი ჯვარი“ 1921 წლის მარტიდანვე დიდ დახმარებას უწევდა რეპრესირებული პოლიტიკოსებისა და აქტივისტების ოჯახებს და თავად რეპრესირებულებსაც.

საქველმოქმედო ორგანიზაციები „ჩეკას“ დევნის ქვეშ კი მოექცნენ, მაგრამ მათ არალეგალური საქმიანობისათვის მოქნილობა გამოავლინეს. ფიზიკურ თუ მორალურ სოლიდარობას, რომელსაც ეს ორგანიზაციები გამოხატავდნენ, იმხანად უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. თავად „პოლიტიკურ წითელ ჯვარს“ ამერიკული და ევროპული საქველმოქმედო საზოგადოებები ეხმარებოდნენ. 1920-იანი წლების შუა პერიოდიდან კი ქალმა პოლიტიკოსებმა მოახერხეს დევნილი პარტიული ორგანიზაციების აღდგენა და თავად მოექცნენ არალეგალური სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების სათავეში. 

სადამსჯელო ოპერაციები გურიაში 1921 წლის მარტშივე დაიწყო, რომლის შესახებაც გაზეთი „კომუნისტი“ ღიად წერდა – –  „შეიძლება თამამად ითქვას, რომ არსად დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მენშევიკებს ისე არ მოუკალათებიათ და არ მუშაობენ, როგორც გურიაში. აქ გადაიტანეს მათ მთელი სამოქმედო აპარატი და საძაგელ, ყოვლად დაუშვებელი და მოურიდებელი საშუალებით დაუწყეს ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცებას.   ჩვენ სიკვდილით არავის ვემუქრებით, მაგრამ მათი იზოლაციის საშუალება რომ არ არსებულიყო – ამ შემთხვევისათვის ის უნდა გამოგვეგონებინა“.

საბჭოთა რეჟიმმა იმავე წელს შეუტია ეკლესიასაც და ჩამოართვა ფაქტობრივად ყველა ქონება (მიწათა და საგანძურთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ 1921 წლის თებერვლამდე გადავიდა სახელმწიფოს ხელში) და დახურა საზოგადოებრივი დაწესებულებები, მათ შორის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაც.

ემიგრაცია

ემიგრაციაში წასული პოლიტიკოსები საბჭოთა რეჟიმის სუსხს საკუთარ ტყავზე პირდაპირ კი ვერ გრძნობდნენ, მაგრამ მათთვის ოკუპაციის ტრავმა ალბათ კიდევ უფრო მძიმეც იყო, რადგანაც ოკუპაციამ მათ სამშობლოს დატოვება აიძულა. მათი აშენებული რესპუბლიკა უკვე ბოლშევიკებისა და წითელი არმიის საბოგინოდ შეიქმნა. თავად კი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში ევროპელი პოლიტიკოსებისგან მხარდაჭერისა და ქმედითი ნაბიჯები მიღებას სრულიად უპერსპექტივოდ ცდილობდნენ.

ოკუპაციის ტრავმები კიდევ უფრო ღრმავდება 1921 წლის შემოდგომიდან, როცა საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეს პოლიტიკური ლიდერებიც ემსხვერპლებიან. თავდაპირველად ციხეში აღესრულა სამხედრო მინისტრი პარმენ ჭიჭინაძე, ხოლო მოგვიანებით სიცოცხლეს ასრულებს პატიმრობიდან გათავისუფლებული სოციალი-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სილიბისტრო ჯიბლაძე.

ოკუპაციის შოკზე, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსთა შორის, ნათლად მიუთითებს ემიგრანტული პრესა, რომლის მოცულობის უდიდესი ნაწილი ოკუპაციის სისასტიკეს, საქართველოში დარჩენილ თანამებრძოლთა მძიმე ხვედრს თუ ემიგრაციაში მყოფთა ნოსტალგიებს ეხება.

ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ ოკუპაციის შემდეგ საზოგადოებრივი ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმში გრძელდება. მაგრამ ცალსახაა, რომ 1921 წლის აპრილიდან საბჭოთა რეჟიმი თავის კლანჭებს აჩენს და პოლიტიკურ ოპონენტთა დევნასა და დაპატიმრებას იწყებს.

რესპუბლიკის იმედის დასასრული

“როგორ ხართ? ან როდის აპირებთ ღვთის ანაბარათ მიტოვებულ სამშობლოში დაბრუნებას – შუა ზაფხულამდე თუ … ზაფხულის გატარებას ბოლომდე მანდ ფიქრობთ. ხალხი მოუთმენლად მოგელით და მეშინია, ლოდინში მოთმინება არ დაკარგოს”, წერდა სილიბისტრო ჯიბლაძე 1921 წლის ივნისში. თუმცა იმედი ამაო აღმოჩნდა. თავად სილიბისტრო, სილვა, როგორც მას პარტიული თანამებრძოლები უძახდნენ, თბილისში 1922 წლის თებერვალში გარდაიცვალა. ემიგრანტები ემიგრაციაში რჩებიან. თავისუფალი და დემოკრატიული რესპუბლიკა კი კარგა ხნით წყვეტს არსებობას.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button