ფილოსოფოსის რვეული

ლარი სქვაირი: “ადამიანს ეხერხება გონების თვალით წარსულში მოგზაურობა”

როგორ იმახსოვრებს ტვინი მოგონებებს? რატომაა, რომ ზოგი მოგონება ხუნდება და გვავიწყდება, ზოგი კი ათწლეულების მანძილზე ნათლად იბეჭდება ჩვენს მეხსიერებაში? ამერიკელი ნეიროქირურგი ლარი სქვაიერი (Larry R. Squire) მეხსიერების შემსწავლელი მეცნიერების ერთ-ერთი მოწინავე წარმომადგენელია და უახლესი აღმოჩენების შესახებ გვესაუბრება.

რას ამბობს მეცნიერება, მართლა არსებობს ხალხი, ვისაც კარგი ვიზუალური მეხსიერება აქვს და ხალხი, ვინც სახეებსა და სახელებს სხვებზე უკეთ იმახსოვრებს?

ლარი სქვაიერი: მართლაც ასეა… გარკვეული თვალსაზრისით. ის, რასაც ჩვენ “მოგონებებს” ვუწოდებთ, იმ პროცესის საბოლოო შედეგია, რომელიც ყურადღების მიქცევით იწყება. ოღონდაც, საქმე ისაა, რომ ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ყურადღებას იმას ვაქცევთ, რაც გვაინტერესებს და რაც ჩვევად გვაქვს. ანუ, პორტრეტების მხატვარს სახეების დამახსოვრება უკეთ შეუძლია. მათემატიკოსს – ციფრები ახსოვს უკეთ. ერთი მაგალითის მოყვანა მიყვარს, რომელიც ჩოგბურთს ეხება: თუკი მატჩს ტელევიზორით უყურეთ, შეძლებთ, მომიყვეთ, თუ როგორ მიდიოდა მატჩი, როგორ და როდის შეიცვალა თამაშის ბედი. პროფესიონალი ჩოგბურთელი კი მატჩის დასრულების შემდეგ შეძლებს მოგიყვეთ, თუ როგორ ჩაიარა მესამე სეტის მეორე ჩაწოდებამ. ამგვარად, დამახსოვრების ხარისხი ექსპერტიზის ზრდასთან ერთად უმჯობესდება.

გინდათ თქვათ, რომ კარგი მეხსიერება თანდაყოლილი ნიჭი არაა?

გენეტიკას საკმაოდ დიდი გავლენა აქვს, იგივე გენები განსაზღვრავენ ნაწილობრივ იმ თვისებებსაც, რომლებიც კარგ მათემატიკოსად ან კარგ ჩოგბურთელად გვაქცევს. ოღონდ დამახსოვრების უნარი მხოლოდ წვრთნით ვითარდება.

ნეირომეცნიერებაში თქვენ ჩამოაყალიბეთ სამეცნიერო წრეებში ამჟამად უკვე ფართოდ აღიარებული განსხვავება “გაცხადებულ” და “არაგაცხადებულ” მეხსიერებას შორის. ხომ ვერ აგვიხსნიდით მათ შორის განსხვავებას?

როცა ვიყენებთ სიტყვას “მოგონება”, მაშინ გაცხადებულ მეხსიერებაზე ვსაუბრობთ, მეხსიერებაზე, რომელიც ჩვენი ცნობიერის ნაწილია და საშუალებას გვაძლევს, მოვიხსენიოთ წარსულში მომხდარი მოვლენები, ან ის, რაც ვისწავლეთ, შევიმეცნეთ. ამგვარი გაცხადებული მეხსიერება ტვინის კონკრეტულ ნაწილში, ჰიპოკამპში, და, ასევე, საფეთქლის წილში იყრის თავს. თუკი პაციენტს ჰიპოკამპი დაუზიანდა, მათ ხშირად ამნეზია ემართებათ. ამგვარად დაავადებულებთან 1970-იან და 80-იან წლებში მუშაობის შედეგად აღმოჩნდა, რომ მათ ახალგაზრდობის მოგონებები კი დაკარგეს, მაგრამ კონკრეტული უნარები არ დაუკარგავთ: თასმების შეკვრაც შეეძლოთ, პატარა კოვზით მანიპულირებაც და ველოსიპედის მართვაც. სწორედ ამ გზით მივაკვლიეთ “არაგაცხადებული მეხსიერებას”, რომელიც იმ ცოდნას მოიცავს, რომელიც გამოცდილებას ეყრდნობა და ამიტომ იმგვარად გვამახსოვრდება, რომ ცოდნის შინაარსზე წვდომა არ გვჭირდება.

შეგიძლიათ მაგალითი მოგვიყვანოთ?

წარმოიდგინეთ 2-3 წლის ბავშვი, რომელიც ქუჩაში დიდმა ძაღლმა წააქცია. მოზრდილობაში მას შეიძლება ეს ამბავი დაავიწყდეს, ვერ გაიხსენოს და ვერ მოგიყვეთ. თუმცაღა, შეიძლება დიდი ძაღლების შიში ზრდასრულ ასაკშიც გადაჰყვეს. არაგაცხადებული მეხსიერება უმნიშვნელოვანესია, რადგან ის საშუალებას გვაძლევს, საფრთხეს თავი ავარიდოთ. არსებობს მეორე საინტერესო ფენომენი, რომელსაც ნეირომეცნიერებაში “შემზადებას” ვუწოდებთ. წარმოიდგინეთ, რომ ვთამაშობთ და ამ თამაშის არსია, რაც შეიძლება სწრაფად დაასახელოთ საგანი, რომელსაც გუდიდან ამოვიღებ. თუკი ბოთლი ამოვიღე, თქვენ დაახლოებით 800 მილიწამი დაგჭირდებათ, სანამ “ბოთლს” იტყვით; მაგრამ თუ იგივე თამაში ვითამაშეთ და გუდიდან იგივე ბოთლი დავაძვრე, რეაგირებისთვის უკვე 700 მილიწამი დაგჭირდებათ. ეს სწავლის პროცესია, რომელიც სრულიად არაცნობიერად მიმდინარეობს.

და ეს “არაგაცხადებული მეხსიერებაც” ტვინის კონკრეტულ უბანში იყრის თავს?

დიახ, ის რამდენიმე ნაწილშია გაფანტული, მაგრამ მეტწილად ნათხემსა და ამიგდალაში.

ზიგმუნდ ფროიდი თავის ნაშრომში “სიზმრების ახსნა” განასხვავებს ცნობიერ და არაცნობიერ მეხსიერებას. თქვენს მიერ ჩამოყალიბებული “გაცხადებული” და “არაგაცხადებული” მეხსიერებაც იგივე რამაა?

არა, ეს სულ სხვადასხვა რამაა! როცა მე ვიყენებ სიტყვას “არაცნობიერი”, ამას ფროიდისეული გაგებით არ ვამბობ. ფროიდი ადამიანის ფსიქოლოგიას კონფლიქტების ველად აღწერს, რომელშიც უმთავრესი როლი სირცხვილსა და ბრალეულობის გრძნობას უჭირავთ. ფსიქოანალიზის ამოცანა, ფროიდის გაგებით, გარკვეული ტიპის უარყოფის, ბარიერების მოშორებაა, რის შედეგადაც არაცნობიერი სურვილები და მოგონებები ცნობიერში გადმოვა. როცა მე გაუცნობიერებელ პროცესებზე ვსაუბრობ, ეს ისეთი რამეა, რაც ცნობიერი არასოდეს გახდება, რომელსაც “ცნობიერად” შინაარსიც კი ვერ ექნება. ველოსიპედის ტარება რომ იცით, ამას სიტყვებით ვერ დაამტკიცებთ, პედლების დატრიალება და წონასწორობის დაცვაა საჭირო.

გაცხადებული მეხსიერების შიგნით თქვენ განასხვავებთ “ეპიზოდურ” და “სემანტიკურ” მეხსიერებას. რას ნიშნავს ეს?

ეს განსხვავება ფსიქოლოგმა, ენდელ ტულვინგმა (Endel Tulving) ჩამოაყალიბა. ეპიზოდური მეხსიერება საშუალებას გვაძლევს, წარსულში ვიმოგზაუროთ: ხელახლა განვიცადოთ იმ სახლის ატმოსფერო, სადაც ოდესღაც გვიცხოვრია, გავიხსენოთ წარსულის ამბები, თუ რა სიტყვები გვითქვამს, სტუმრად ვინ გვყოლია. ჩვენი ეპიზოდური მეხსიერება ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. ამის საპირისპიროდ, სემანტიკური მეხსიერება ჩვენი გარემომცველი სამყაროს შესახებ ცოდნაა, რომელიც არ ემყარება პირად გამოცდილებას.

ანუ, მაგალითად, ის, რომ ვიცით, რომ დედამიწა მზის გარშემო ტრიალებს?

დიახ, ზუსტად. ზოგჯერ დაბნეულობას ის იწვევს, რომ ზოგადად სიტყვა “სემანტიკურს” ხშირად ენასთან კავშირში ვიყენებთ. ოღონდ ნეირომეცნიერებაში “სემანტიკურ მეხსიერებას” როცა ვამბობთ, ფაქტებთან კავშირზე გვაქვს საუბარი – არითმეტიკის, ისტორიის ცოდნა, მაგრამ ასევე ფიზიკური სხეულების, გარემომცველი სამყაროს აღქმაზე. ავტომობილი რომ ავტომობილია, ამას სწორედ სემანტიკური მეხსიერების წყალობით ვაცნობიერებთ.

სადაა ტვინში ჩვენი მოგონებები? თაროებზე ჩამოწყობილი წიგნებივითაა ჩაწიკწიკებული სადმე?

თითოეული მოგონება ტვინის სხვადასხვა ნაწილშია დაცული, მათ შორის ჰიპოკამპსა და ნეოკორტექსში. თუკი ამასწინათ გატარებულ შვებულებაზე ფიქრობთ, თქვენს მოგონებას განსხვავებული – სივრცითი, ვიზუალური, სმენითი – ასპექტები აქვს. ამიტომ, ბიბლიოთეკის თაროებზე ჩამოწყობილ წიგნებთან ანალოგია არ გამოგვადგება – მოგონება არაა ერთ ადგილზე მიჯაჭვული საგანი. “მოგონების” აქტი მთელი ქსელის გამოცოცხლებას გულისხმობს.

გასაგებია, ანუ თუკი ჩემს შვებულებაზე გავიფიქრებ, მასთან დაკავშირებული ელემენტების მთელი ქსელი აქტიურდება. მაგრამ როცა არ ვფიქრობ ჩემს შვებულებაზე, ეს მოგონება მაინც ფიზიკური, ხელშესახები სახით არსებობს ჩემს ტვინში?

დიახ, არსებობს, რადგან შვებულების დროს თქვენს ტვინში სტრუქტურული ცვლილებები მოხდა. მოგონების მატერიალური საფუძველი ნეირონების შორის დამყარებული კავშირები, ანუ სინაპსებია. როცა კი გარკვეული მოვლენები ხდება ანდა რაღაც გაკვეთილებს ვსწავლობთ, გარკვეული სინაპტიკური კავშირები მყარდება. ეს გამყარება მატერიალურია, ხელშესახები და დამზერადი. ის მოლეკულურ დონეზე ხდება. თუ გავამარტივებთ, სინაპსები მსხვილდება, ანუ სტრუქტურული, გნებავთ, არქიტექტურული ცვლილება ხდება ტვინში, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. ნეირონების არქიტექტურის ამ ცვლილებას სტაბილური ხასიათი აქვს, ისინი საკმარისად მყარია იმისათვის, რომ, მაგალითად, ეპილეფსიის შეტევამ ვერ დაანგრიოს. .

ანუ მოგონებები სამუდამოდ რჩება?

მთლად ასეც ვერ ვიტყვით. ცვლილება სინაპსების დონეზე ხდება და საგნობრივი, მატერიალური ხასიათი აქვს. თუმცა დროთა განმავლობაში ეს ცვლილება იშლება იმდენად, რომ შეიძლება ჩვენი მოგონების ნაწილები სამუდამოდ დაიკარგოს. მოგონებების დიდი ნაწილი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ გაგვყვება. ეგებ შეგიძლიათ, გუშინდელი დღე დეტალურად გაიხსენოთ. მაგრამ გაგახსენდებათ კი იგივე დეტალები ათი, ოცი, ოცდაათი წლის შემდეგ? ეს ნაკლებ მოსალოდნელია, თუკი გუშინ რაიმე ღირსშესანიშნავი მოვლენა არ მოხდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს სხვადასხვა ინტენსივობის მოგონებები: ტრავმატული მოვლენები იმდენად სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენი ტვინის არქიტექტურაზე, რომ მათი მოგონება სიკვდილამდე გაგვყვება. თუმცა, ბუნებრივია, არ გემახსოვრებათ ყველა ის მანქანა, რომელშიც ჩამჯდარხართ (თუ მანქანებით განსაკუთრებით გატაცებული ადამიანი არ ხართ). საბოლოო დავიწყება ნიშნავს, რომ დამყარებული სინაპტიკური კავშირი დროთა განმავლობაში შესუსტდა და, განსაკუთრებით, ამ კავშირებზე სხვა სტიმულებმა მოახდინეს ზეგავლენა – მოგონება ჯერ აირევა, შემდეგ კი წაიშლება.

მეხსიერება მხოლოდ ადამიანებს აქვთ?

მე ვიტყოდი, ადამიანებს ძალიან კარგი ეპიზოდური და სემანტიკური მეხსიერება აქვთ. ცხოველებს აქვთ ძალიან კარგი არაგაცხადებული მეხსიერება, რადგან ისინი ჩვევებს ძალიან ადვილად ითვისებენ. მათაც აქვთ სემანტიკური მეხსიერება, იმახსოვრებენ გარკვეულ ფაქტებს – სად იპოვონ წყალი, საკვები. მეცნიერები ვერ შეთანხმებულან, გააჩნიათ თუ არა ცხოველებს ეპიზოდური მეხსიერება – ანუ შეუძლიათ თუ არა მათ, გონების თვალით იმოგზაურონ წარსულში. თუკი ცხოველს ასწავლეთ, რომ ბოთლი აიღოს და არა, ვთქვათ, კალამი, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ის იმახსოვრებს რა საგანი უნდა აიღოს, თუ მას ასევე ახსოვს დასწავლის მომენტი? ადამიანი მარტო ველოსიპედის ტარებას არ სწავლობს (არაგაცხადებული მოგონება), არამედ ის დღეც ახსოვს, როცა მშობლებმა ველოსიპედზე პატარა ბორბლები მოუხსნეს (ეპიზოდური, გაცხადებული მეხსიერება). ცხოველების ქცევა ზოგჯერ გვაფიქრებინებს, რომ მათაც აქვთ ეპიზოდური მეხსიერება, მაგრამ ეს საკითხი მეცნიერებაში ჯერ გადაჭრილი არაა.

როცა ცხოველებზე საუბრობთ ამ კონტექსტში, მხოლოდ პრიმატებზე, ძაღლებზე, ცხენებზეა ლაპარაკი თუ მაგალითად, ფრინველებზე, რეპტილიებზე და მწერებზეც?

ხერხემლიანებსა და უხერხემლოებს შორის აქ უფსკრული არსებობს. ყველა ხერხემლიანს – მათ შორის ჩიტებსაც და ქვეწარმავლებსაც – აქვს ან ჰიპოკამპი, ანდა ტვინის ნაწილი, რომელიც იმავე ფუნქციას ასრულებს. შედეგად, მათ კარგი სემანტიკური მეხსიერება აქვთ და, მაგალითად, იმახსოვრებენ უკვე ნანახ საგნებს. უხერხემლოებს რაც შეეხება – მოლუსკებსა და მწერებს – არსებობს ნაშრომები, რომლებიც მოწმობს, რომ ისინი ქცევას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ცვლიან. საქმე გვაქვს ძალიან ელემენტარულ არაგაცხადებულ მექანიზმებთან, მაგრამ ისინი არსებობს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეხსიერება საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული ცოცხალ არსებებს შორის.

დღეს ტრანსჰუმანიზმის იდეის ზოგიერთი მიმდევარი, მაგალითად, გუგლის უფროსი ინჟინერი რეი ქურზვეილი (Ray Kurzweil) ამტკიცებს, რომ ერთ დღესაც შეგვეძლება, ჩვენი მოგონებები და ცნობიერება ელექტრონულ მატარებელზე გადავწეროთ და ამ გზით გავუმკლავდეთ სიკვდილს. “უკვდავება მხოლოდ შენახვის პრობლემა იქნებაო”, ამბობს ქურზვეილი. თქვენ რას ფიქრობთ?

აი, სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემადაა სასარგებლო ის კატეგორიები, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. თუკი საქმე სემანტიკურ მეხსიერებას ეხება, ამგვარი “შენახვა” პრინციპში დღესაც შესაძლებელია – ჩვენ შეგვიძლია შევადგინოთ ჩვენი ცოდნის ნუსხა, ყველა ქალაქი, რომელშიც ვყოფილვართ, სახელები და სიტყვები, მათემატიკური ფორმულები, რომლებიც ვიცით და ყველაფერი ეს მყარ დისკზე ჩავწეროთ. ოღონდ, თუკი საქმე ეპიზოდურ მეხსიერებას ეხება, იმავეს გაკეთება შეუძლებელია. აი, ახლა კომპიუტერით მესაუბრებით, როცა ჩვენი კავშირი გაწყდება, თქვენ გემახსოვრებათ ჩვენი საუბრის შინაარსი და შეგეძლებათ, ის მოუყვეთ ვიღაცას. მაგრამ გავა ათი დღე და შეიძლება ეს ამბავი სულ სხვაგვარად მოჰყვეთ, ერთი წლის შემდეგ – კიდევ სხვაგვარად. ჩვენი ავტობიოგრაფიული მოგონებები არაა გაყინული, ისინი სახეს იცვლიან, გარდაისახებიან ჩვენს ტვინში და იფერებიან ახალი გამოცდილებით; ადამიანის მოგონება მოვლენის ცოცხალი, მოქნილი და დაახლოებითი რეკონსტრუქციაა. მას არაფერი აქვს საერთო არაორგანულ, ხისტ და ზუსტ ფაილებთან, რომლებიც ჩვენს კომპიუტერებში ინახება.

პირველწყარო
“L’être humain est très fort pour faire un voyage mental dans le passé”

მსგავსი/Related

Back to top button