ჯანდაცვის რვეული

ყვავილი, რომელიც ამოვძირკვეთ

კოვიდის პანდემიის დასაწყისმა ნათლად დაგვანახა უხილავი და, გარკვეულ შემთხვევებში, სასიკვდილო ვირუსის გავლენა საზოგადოებაზე. ბევრ ჩვენგანს ეს ამბავი ახლაც მტკივნეულად ახსოვს. ოღონდაც, კოვიდის ეპიდემია უკვე განვითარებული სამედიცინო მეცნიერების პირობებში მოხდა.


ავტორი: ზურაბ ალხანიშვილი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი, გაეროს ასოციაცია


ახლა კი წარმოიდგინეთ სამყარო არსებული სამედიცინო ცოდნის გარეშე მსგავსი, ანდაც უფრო სახიფათო ვირუსების წინააღმდეგ. ხმაურიანი ქალაქები სულ რამდენიმე თვეში იქცევა პირქუშ და ცარიელ სივრცედ. დედებს ბავშვის წამოხველების ხმაზეც კი შიშით აკანკალებთ. სიკვდილი ნებისმიერი ინფექციური დაავადების გამოჩენის ნაწილია. დაავადება კი ქალაქის მთელ მოსახლეობას ან მის დიდ ნაწილს მაინც ერთი ხელის მოსმით აქრობს.

საუკუნეების მანძილზე, გადამდები დაავადებები მილიონობით სიცოცხლეს იწირავდა, 40 წლის ასაკამდე ცოტა თუ მიატანდა ხოლმე, ხოლო დედამიწის მოსახლეობა ასეულობით მილიონს ვერც სცდებოდა. დღეს თუ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა, ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდა და მსოფლიო მოსახლეობაც რვა მილიარდს გადასცდა, დიდწილად სწორედ ამ დაავადებების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის შედეგია.

ახალგაზრდებს ზოგჯერ არც კი სმენიათ ქოლერას, პოლიომიელიტის, დიფთერიის, შავი ჭირის, ყვითელი ცხელების შესახებ. ცოტას თუ გაუგია მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი დაავადების – ყვავილის – შესახებ. არადა, სამედიცინო მეცნიერების წინსვლაში სწორედ ამ ავადსახსენებელი ყვავილის დიდი წვლილია.

ათასწლეულების მანძილზე ყვავილმა კაცობრიობა ისე გატანჯა, რომ ადამიანებს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი გამოგონებისკენ – ვაქცინისკენ უბიძგა. თუმცაღა ეს გამოგონება ვინმე ერთ ადამიანს არ მოსვლია ერთ მართლაც მშვენიერ დღეს თავში. სამეცნიერო მიღწევები, დღეს ჩვენი ჯანდაცვის მოსაწყენ რუტინად რომ ქცეულა, სინამდვილეში ათასწლოვანი ტანჯვის, ძიების, წვალების, შეცდომების, ზოგჯერ ნაკლებსავარაუდო ხალხს შორის ცოდნის გაზიარებისა და უამრავი სხვა საინტერესო ამბის შედეგია.

“აჭრის” ათასწლოვანი ისტორია

ყველაფერი მარტივად ჟღერს: ყვავილმა ვაქცინა შვა, ვაქცინამ კი ყვავილი შემუსრა. მაგრამ დაავადება მხოლოდ გასულ საუკუნეში აილაგმა, როცა ვირუსი ჯერ კიდევ ასეულობით მილიონობით ადამიანს ხოცავდა. ყვავილის ბოგინი კი, ჩვენ რაც ვიცით, ათასწლეულებს ითვლის. მისი კვალი ფარაონ რამზეს V-ის სამი ათასი წლის წინანდელ მუმიის თავზეც კი უპოვიათ.

რამზეს V. ფოტო: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)

დაავადების შესახებ უძველესი ცნობები ყველა კულტურაშია დალექილი, როგორც ჩვენთან, “ბატონებთან ბრძოლის” რიტუალებში. მტრისას, თუ ყვავილი ვინმეს გადაეყრებოდა: ყოველი მესამე ინფიცირებული იხოცებოდა. მათ კი, ვინც დაავადებას როგორმე დაუძვრებოდა, ან სახედასახიჩრებული რჩებოდა ანდა, უარეს შემთხვევაში, თვალის ჩინის გარეშე.

ვირუსი თუ ათასობით წელს ითვლის, ასევე დიდი წარსული აქვს მასთან ბრძოლასაც. გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო, ვამბობთ ქართველები და ეს გამოთქმა კარგად შეესაბამება ყვავილისაგან თავდაცვის ერთ-ერთ უძველეს საშუალებას, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. “ვარიოლაციის” პრაქტიკა ყვავილით დაავადებული ადამიანის წყლულებიდან შიგთავსის აღებას და მისი მცირე ოდენობის ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში შეყვანას ნიშნავდა. გასაგებია, რომ ამგვარ ნაბიჯს ადამიანი დალხინებული ცხოვრებისაგან არ გადადგამდა და მის დამკვიდრებას თაობებიც დასჭირდებოდა.

გამოგონების პირველი ნაპერწკალი ასე გაკრთა – ვარიოლაციით გზით ადამიანები ცდილობდნენ, ავადმყოფობის მსუბუქი ფორმა გამოეწვიათ და, შედეგად, მომაკვდინებელი დაავადების საწინააღმდეგო იმუნიტეტი გამოემუშავებინათ, ისე, რომ არც ვირუსების ბუნებისა და არც იმუნიტეტის მექანიზმის შესახებ ჰქონიათ რაიმე სამეცნიერო ცოდნა. მაგრამ პრინციპი ნაცნობია, არა?!

დაახლოებით 1720 წლის იაპონურ ხელნაწერში – „ყვავილის რაობა“, მოცემულია დაავადებისათვის დამახასიათებელი გამონაყარის ილუსტრაცია. წყარო: WELLCOME COLLECTION, ATTRIBUTION 4.0 INTERNATIONAL

ეთნოგრაფიული კვლევების მიხედვით, ვარიოლაციის პრაქტიკა უკვე ფართოდ გამოიყენებოდა აზიისა და აფრიკის ზოგ მხარეში ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე 200 წელს, თუმცა პირველი წერილობითი ცნობები ამის შესახებ მე-16 საუკუნიდან გვაქვს. ჩინურ წყაროებში აღწერილია ვარიოლაციის ინჰალაციური ფორმა, როცა დაავადებულებს გამონაყარს აცლიდნენ, აშრობდნენ, ფქვავდნენ და ცხვირით შეისუნთქავდნენ ხოლმე. ინდოეთში კი ყვავილის გამონაყარიდან აღებული შიგთავსი ჯანმრთელი ბავშვების კანქვეშ შეჰყავდათ. ამგვარი წესი პოპულარული ყოფილა ჩრდილოეთ კავკასიასა და ოსმალეთის იმპერიაშიც. შუასაუკუნეობრივ მეცნიერებაში ხშირი ამბავია, რომ საბუნებისმეტყველო და სამედიცინო ცოდნა სწორედ აზიიდან აღწევს ევროპაში. აქაც, სწორედ ოსმალეთის იმპერიიდან შეაღწია ვარიოლაციის შესახებ ცოდნამ ევროპაში. ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი კი ბრიტანელმა ლედიმ, მერი ვორტლ მონტაგუმ ითამაშა.

ლედი მერის ექსპერიმენტი

ლედი მერი, რომელსაც ვირუსი თავად გადაეტანა, ვარიოლაციას ოსმალეთის იმპერიაში ცხოვრებისას გასცნობია და, თურმე, საკუთარ ვაჟზეც გაუკეთებინებია. თუმცა, როცა მეთოდის საზოგადოებისთვის გაცნობა უკვე ინგლისში სცადა, ადგილობრივი სამედიცინო საზოგადოების წინააღმდეგობასა და სკეპტიციზმს წააწყდა. ესეც ხომ არახალია – ცივილიზებულმა ევროპელებმა ბარბაროსების ცოდნაზე ცხვირი აიბზუეს.

თუმცა, ლედი მერიმ ფარ-ხმალი არ დაყარა, ხელმწიფის კარზე თავისი მდგომარეობით ისარგებლა და უელსის პრინცესის დარწმუნება უკვე 1721 წელს, დიდ ბრიტანეთში ვირუსის აფეთქებისას მოახერხა. ეს კი ლედი მერის ერთი უცნაური ექსპერიმენტის გზით გაუკეთებია: პრინცესის ნებით, შვიდ სიკვდილმისჯილ პატიმარს თავისუფლების სანაცვლოდ ვარიოლაციის პროცედურის გაკეთება შესთავაზეს. შვიდივე დათანხმდა, შვიდივე გადარჩა და შვიდივე გათავისუფლდა. მაგალითი ყოველთვის გადამდებია – განსაკუთრებით, როცა ქალაქს ყვავილის შავი აჩრდილი დასტრიალებს.

დაახლოებით ამავე პერიოდში, მონად გაყიდულმა დასავლეთ აფრიკელებმა მსგავსი მეთოდის შესახებ ცოდნა ამერიკის კონტინენტზეც შეიტანეს.

საქართველოში რა ხდება?

საქართველოში კი ვარიოლაციის პრაქტიკის არსებობას წერილობით პირველად გერმანელი მეცნიერისა და მოგზაურის, იოჰანეს გიულდენშტედტის, ჩანაწერები ადასტურებს. გიულდენშტედს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 1771-72 წლებში უმოგზაურია და ვარიოლაციის პროცესსაც – რომელსაც ჩვენში მაშინ „აჭრას“ უძახოდნენ (რამე სიტყვას ხომ არ გაგონებთ?) – პირადად შესწრებია.

იმ დღეს ასი ბავშვი „აჭრესო“, იხსენებს მოგზაური. „ამცრელი ცერსა და საჩვენებელ თითს შორის ღრმულში დიდი დანის წვერით არაღმა, სისხლიან, ჯვრის ფორმის ჭრილობას უკეთებდა. სიდიდით ½ დუიმიანს. ის აწობდა დანის წვერს რქაში, სადაც ყვავილის შრატი იყო, წმენდდა სისხლს ბამბით და უსვამდა ჭრილობაზე მოწამლულ დანას, ადებდა ზედ ბამბას და უხვევდა ჭრილობას ნაჭრით“. იოჰანი აღწერს, რომ 19 მაისს ბავშვებს უკვე აღენიშნებოდათ „ნაყვავილარი“, რომელიც 22 მაისს ამოიბურცა და გათეთრდა, 23 მაისს კი გაერთიანდაო. იოჰანს ბავშვები 3 ივნისსაც ენახა, უკვე თითქმის ან სრულად გამოჯანმრთელებული.  გადმოცემის თანახმად, ამ მეთოდით ერეკლე II-საც „აუჭრია“ თავისი უფრო ვაჟი, იულონი.

ვარიოლაციამ კაცობრიობას ყვავილის პრობლემის გადაწყვეტის გეზი კი უჩვენა, მაგრამ ის ბოლომდე უსაფრთხო პროცესი ვერ იყო: იშვიათად, მაგრამ მაინც, აცრილს ავადმყოფობა სრული ძალით შეუტევდა ხოლმე, რაც ზოგჯერ სიკვდილით სრულდებოდა. საჭირო იყო კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა და, აი, აქ კი ძროხების დახმარება დაგვჭირდა.

როგორ (ვერ) ვიქეცით ძროხად, ანუ ამბავი თავზეხელაღებული ექიმისა და ყვავილგამძლე ქალების

მეცნიერს დაკვირვებული თვალი და მახვილი გონება სჭირდება და ექიმს კი – მით უფრო. მე-18 საუკუნის ბოლოს ინგლისელმა დასტაქარმა, ედვარდ ჯენერმა, შენიშნა, რომ ძროხის მწველავი ქალები ყვავილით თუ ინფიცირდებოდნენ, ავადმყოფობა შედარებით იოლად გადაჰქონდათ. ჯენერმა ისიც იცოდა, რომ ყვავილის მსგავსი ვირუსი ძროხებსაც აავადებდა, თუმცა ადამიანებისთვის ვირუსის ეს ფორმა მომაკვდინებელი არასდროს ყოფილა. ჯენერის თავში ვარიოლაცია, ძროხების ყვავილი და მერძევეების გამძლეობა ერთ ჰიპოთეზაში გაერთიანდა, რომლის გამოცდაც ფრიად სარისკო გზით გადაწყვიტა.

ედვარდ ჯენერი (1749–1823).
ფოტო: National Library of Medicine.

ჯენერმა ახალგაზრდა მერძევეს, სარა ნელმსს მიაგნო, რომელიც იმ მომენტში ძროხის ყვავილით იყო დაავადებული და ხელებზე ჩირქიანი ბუშტუკებიც უჩანდა. მეცნიერმა მერძევის ბუშტუკიდან სითხე აიღო და ნემსის საშუალებით თავისი მებაღის რვა წლის ბიჭუნას, ჯეიმს ფიპსს, კანქვეშ შეუყვანა – ანუ ვარიოლაციის, “აჭრის”, როგორც დღეს ვიტყოდით – პროტოკოლი – გამოიყენა. როგორც სავარაუდო იყო, ჯეიმსი ძროხის ყვავილით დაავადდა, თუმცა მსუბუქად და მალევე გამოჯანმრთელდა.

აი, სწორედ აქ გადადგა ექიმმა ჯენერმა ყველაზე სარისკო ნაბიჯი: ორი თვის შემდეგ მან ჯეიმსი ადამიანის ყვავილის ვირუსით განზრახ დააინფიცირა. ბიჭუნას ბედად, ჯენერის ჰიპოთეზა დამტკიცდა – ადამიანის ყვავილი პატარა ჯეიმსს არ განუვითარდა. ჯენერმა ამ პროცესს ვაქცინაცია უწოდა, რადგანაც ლათინურად Vacca ძროხას, Vaccinus კი ძროხისას ნიშნავს. აი, ასე იშვა პირველი ვაქცინა 1796 წელს. პრინციპი იგივეა, რაც ვარიოლაციისა, ოღონდ სხეულში ვირუსის ნაკლებად საშიში წყარო შეჰყავდათ.

სარა ნელმსის ხელი.
ფოტო: National Library of Medicine

ასე გახდა ჯეიმს ფიპსი მსოფლიოში პირველი ადამიანი, ვინც ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ჯენერმა კი ამის შემდეგ პატარა ქოხი ააშენა და მოსახლეობას ვაქცინაციას უფასოდ უტარებდა.

მისმა აღმოჩენამ პოპულარობა მალევე მოიპოვა და ნელ-ნელა ვაქცინაციის პირველი მსოფლიო კამპანიაც დაიწყო. თუმცა ვაქცინის გამოჩენისთანავე გამოჩნდნენ მისი მოწინააღმდეგეებიც. ნაწილს სჯეროდა, რომ ყველა ვაქცინირებული ან დაიღუპებოდა, ან, სულ მცირე, უშვილოდ დარჩებოდა. ზოგიერთი პამფლეტი კი იმასაც ამტკიცებდა, რომ ვაქცინები ადამიანებს ძროხებად აქცევდა.

თუმცა წარმატება სახეზე იყო და ძროხად ქცევის შიშმა ვაქცინაციის წინსვლა ვერ შეაჩერა. მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის ევროპის დიდ ნაწილში ყვავილი თითქმის აღმოიფხვრა, თუმცა ის ჯერ კიდევ ხოცავდა მილიონობით ადამიანს დანარჩენ სამყაროში.

გზა უკვე გაკვალული იყო და მსოფლიო უფრო ეფექტიანი და გამძლე ვაქცინების შექმნის მცდელობებმა მოიცვა. ერთი ასეთი მცდელობა 1930-იან წლებში ამერიკელი მეცნიერის ჰერმან ტაირელის მიერ ე.წ. მკვდარი ვაქცინების – გაუვნებელყოფილი ვირუსების გამოყენებით შექმნილი აცრების – გამოგონებით დასრულდა. მისი ფართოდ გამოყენება უკვე მომდევნო ათწლეულში დაიწყო.  1950-იანი წლებისთვის შესაძლებელი გახდა გარემო პირობებისადმი მედეგი ვაქცინების შექმნა, რამაც საველე პირობებში ვაქცინაცია გააადვილა. თუმცა ყვავილი ჯერ კიდევ ბობოქრობდა მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში.

იშვიათი ერთსულოვნება, როცა საქმეს დასჭირდა

1959 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ამბიციური და უპრეცედენტო მიზანი დაისახა – ყვავილის სრული აღმოფხვრა. კამპანია განსაკუთრებით 1966 წლიდან დაჩქარდა, როცა გაძლიერდა საერთაშორისო თანამშრომლობა, დაიხვეწა ტექნოლოგიები და ცოდნაც შეივსო. მასობრივი აცრებიდან ექიმები მიზნობრივ ჯგუფებზე სწრაფად გადაერთნენ. გაუმჯობესდა ეპიდემიებთან ბრძოლის მეთოდებიც – ახალი შემთხვევები აღირიცხებოდა, დაავადებულის კონტაქტების იზოლირება ხდებოდა. ყველაფერი ის, რაც ყველამ სულ ახლახან გამოვიარეთ.

ყვავილის საწინააღმდეგო კამპანია ცივი ომის პერიოდში უნიკალური თანამშრომლობის საბაბი გახდა, როცა დასავლური ქვეყნები და საბჭოთა კავშირი იშვიათი სოლიდარობით შეერკინნენ დაავადებას. მსოფლიოს ყველა ნაწილის მოცვას საბჭოთა კავშირის მიერ „მკვდარი ვაქცინების“ მასობრივმა წარმოებამაც შეუწყო ხელი. ვაქცინაცია დაიწყო საქართველოშიც, რომელიც იმჟამად საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ იყო. 1960-იანი წლების დასაწყისისთვის საქართველოში ყვავილი ფაქტობრივად აღმოიფხვრა.

ყვავილის საწინააღმდეგო მსვლელობა დელის ქუჩებში ფოტო: WHO, Tambarahalli S. Satyan

განვითარებული ქვეყნების ტექნოლოგიური დახმარებით, შედარებით სუსტი სახელმწიფოებიც ახერხებდნენ, ეწარმოებინათ ვაქცინები და მეზობელი ქვეყნებისთვისაც მიეწოდებინათ. 1980 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ყვავილი სრულიად აღმოფხვრილ დაავადებად გამოაცხადა.

ყვავილი გახდა პირველი დაავადება, რომელიც ოდესმე აღმოფხვრილა. მას შემდეგ თითქმის ნახევარი საუკუნე გამოხდა და ყვავილის ახალი შემთხვევა ჯერაც არ დაფიქსირებულა.

ვაქცინაციის წინსვლა

ჯენერისეულმა მეთოდმა გზა გაუხსნა სხვა ვაქცინების გამოგონებასაც. 1885 წელს ლუი პასტერმა შექმნა მეორე, ამჯერად ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა. 1894 წელს ექიმმა ანა ვესელს უილიამსმა გამოყო დიფთერიის ბაქტერიის შტამი, რომელიც შემდგომში დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის საფუძველი გახდა. გზა ნაპოვნი იყო და შემდეგ მიჯრით შეიქმნა ქოლერას, ტუბერკულოზის, ყივანახველას, პოლიომიელიტის, ჩუტყვავილას, B ჰეპატიტის და სხვა ვაქცინები.

დღეს უკვე 20-ზე მეტი ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს, ისინი ყოველწლიურად, საშუალოდ, 5 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს იცავს.

ვაქცინაციის პროგრამა საქართველოშიც, დიდი ხანია, არსებობს. ასეთი პროგრამების დამსახურებაა, რომ შემცირებულია ან საერთოდ აღარ გვხვდება წითელა, წითურა, ყბაყურა, ყივანახველა, პოლიომიელიტი და სხვები.

ვაქცინაციის წარმატებამ ვირუსული დაავადებების შიში შეამცირა, ხოლო თავად ვაქცინაცია რუტინულ და თითქმის შეუმჩნეველ პრაქტიკად აქცია. მისი სიკეთე უეჭველია, მაგრამ მის მხსნელ ბუნებაზე უკვე აღარ ვფიქრობთ და არც ის შრომა, თავგანწირვა და ზოგჯერ მტრებს შორის თანამშრომლობა გვახსოვს კარგად, რაც კაცობრიობას აქამდე მისასვლელად დასჭირდა.

შიში და ცრურწმენები კი არსად წასულა და თუ ძროხად ქცევის აღარ გვეშინია, ბევრი საუკუნისწინანდელი შიში კი ამოგვიტივტივდა კოვიდის პანდემიის გავრცელებასთან ერთად. ალბათ ასეთია ადამიანის გულმავიწყი ბუნება. ვაქცინაციის საკითხის კვლავ გააქტიურებამ ზედაპირზე ამოსწია ის პრობლემებიც, წლების მანძილზე სამეცნიერო მიღწევებისადმი მოდუნებულმა ყურადღებამ და სკეპტიციზმმა რომ დააგროვა.

დღეს, როცა მეცნიერები უკვე არაგადამდებ დაავადებებს მიადგნენ შესამუსრად, დანარჩენ საზოგადოებას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვმართებს: დავუპირისპირდეთ დეზინფორმაციას, შევინარჩუნოთ მიღწეული და ხშირად ვისაუბროთ იმ შედეგებზე, ჩვენ გარშემო ყოველ წუთს რომ ვხედავთ. ყოველი ადამიანი, რომელსაც ქუჩაში ხვდებით, სწორედ დიდი სამეცნიერო აღმოჩენების შედეგად გადარჩენილი სიცოცხლის მაგალითია.

Back to top button