skip to content
ჩანახატების რვეული

დამოუკიდებლობის შვილები და ის, რაც მანამდე იყო

მე იმ ყველაფრის ჯამი ვარ, რაც ჩემამდე მოხდა, რასაც თავად შევესწარი და რაც მე მიქნეს. Მე ვარ ყველა და ყველაფერი, ვის არსებობაზეც ჩემმა არსებობამ იმოქმედა და ვისმა არსებობამაც ჩემსაზე იქონია გავლენა. Მე ვარ ყველაფერი, რაც ჩემი წასვლის შემდეგ მოხდება და რაც ჩემი მოსვლის გარეშე არ მოხდებოდა”.

ამ ფრაზას სალემ სინაი ამბობს, სალმან რუშდის ცნობილი რომანის, „შუაღამის შვილების“, მთავარი გმირი.

სინაი,  ინდოეთში დაბადებული ბრიტანელ-ამერიკელი მწერლის გამორჩეული პერსონაჟი, იმ ასობით ბავშვს შორისაა, რომლებიც  ინდოეთში და მის მახლობლად შუაღამით, 1947 წლის 15 აგვისტოს დამდეგს დაიბადნენ. ამ ღამით ინდოეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა და თითქმის საუკუნოვანი ბრიტანული მმართველობისგან გათავისუფლდა. ბავშვები კი განსაკუთრებული უნარებით გამოირჩევიან: ისინი ერთმანეთს ტელეპათიურადაც უკავშირდებიან და თითქოს რაღაც დიდიც უნდა შექმნან. მაგრამ შუაღამის შვილების ამბავი ახლადდაბადებული სახელმწიფოს გარდამტეხ წლებს მიუყვება, მის ყოველ ვნებათაღელვას ირეკლავს და მათაც თავის დაღს ასვამს. 

როცა თავად უკვე 31 წლის ასაკს უახლოვდება, ამ ყველაფრის მნახველი და მრავალნატანჯი სინაი საკუთარ სხეულში ღრმა ბზარებს გრძნობს. მან იცის, რომ ამ ქვეყნად დიდი დრო აღარ უწერია და ცდილობს, სიკვდილამდე საკუთარი ამბის დაწერა მოასწროს. ალეგორიებით სავსე და მაგიურ რეალიზმში დაწერილი ამბავი კი წარსულის, მეხსიერებისა და მემკვიდრეობის გავლენას მრავალი მხრიდან გვაჩვენებს. 

წიგნის ერთ-ერთი განხილვისას ქართველი ლიტერატურათმცოდნე ლევან ბერძენიშვილი სინანულით იკითხავს, თუ რატომ არ მოუნდა რომელიმე მის თანამემამულე ავტორს საქართველოს ბედი ქვეყნის დამოუკიდებლობის (ხელახლა) გამოცხადების რომელიმე მომენტში დაბადებულ ბავშვთან დაეკავშირებინა. 

მართლაც, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დაახლოებით იგივე პერიოდია გასული, რაც რუშდის რომანში პერსონაჟის დაბადებიდან ამბის თხრობის მომენტამდე. ბავშვი, რომელიც 1991 წლის 9 აპრილს მოევლინა ქვეყანას, 31 წლის ასაკს ოდნავ კიდევაც გასცდა. და, სინაის მსგავსად, დღეს მასაც არ აკლია მოახლოებული აღსასრულის განცდით ცხოვრება. 

დღეს დაწერილი ქართული წიგნები ხშირად  ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისის მტკივნეულ ეპიზოდებს და მისგან მიყენებულ ჭრილობებს უტრიალებს.

ბევრი Მას მერე დაბადებულიც საკმარისად დიდია იმისთვის, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად რომ ჩაერთოს. იმ ასაკსაც მიაღწიეს, ადამიანი საკუთარი თავის ძიებას მომავალთან ერთად წარსულშიც რომ იწყებს ხოლმე. ისინი არ მოსწრებიან საბჭოთა კავშირის წლებს და  ვერც ადრეული 90-იანი წლების ყველაზე რთული პერიოდი ემახსოვრებათ. თუმცა, შესაძლოა, მათ სულში არსებული ყველაზე ღრმა ბზარები სწორედ ამ პერიოდებიდან მოდიოდეს.

მაგრამ წიგნის მაღაზიის ქართულ დახლთან ერთი ჩამოვლაც კი კმარა, რომ დავინახოთ: დღეს დაწერილი ქართული წიგნები ხშირად  ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისის მტკივნეულ ეპიზოდებს და მისგან მიყენებულ ჭრილობებს უტრიალებს. თითქოს ადამიანებს, რომლებმაც ეს უშუალოდ გამოცადეს, სურთ განვლილი თავად გაიაზრონ და მკითხველისგანაც გაგებას, ან კიდევ თანაგრძნობას ელიან. ამ პერიოდში დაბადებული ბავშვი კი ჯერ ან არ გაზრდილა, ან არ ვიცით, როგორი გაიზარდა.

წარსული, რომელიც არაფრით არ მიდის 

საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი ქაოსური მოვლენები – ტერიტორიული კონფლიქტები, სამოქალაქო დაპირისპირებები, ზოგადი განუკითხაობა თუ მძიმე ეკონომიკური კრიზისი  – ახალგაზრდა თაობების ცხოვრებაში ასევე ქაოსურად იჭრება ხოლმე. მათ ვხვდებით ფილმებში, წიგნებში, სტატიებში. განსაკუთრებით ხმაურიანად კი ისინი მოულოდნელად, ცხარე დისკუსიებში ჩნდება და უცებვე მიქრება ხოლმე.

ასეთმა შემოჭრებმა კი შეიძლება ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ფრიად დიდ დაბნეულობაში ჩააგდოს. მაინც, რაზე ჩხუბობენ დიდები?

ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ არსებობს წარსული, რომელიც წარსულად უნდა დარჩეს და არსებობს კიდევ წარსული, რომელიც არაფრით არ მიდის ჩვენგან და რაღაცნაირად მოგვყვება. 

ნინო ჩიქოვანი

მაგრამ ეს ხომ ამ პერიოდთან დაკავშირებულ გაურკვევლობათა მხოლოდ ერთი ნაწილია: დღეს ბუნდოვანი რჩება არა მხოლოდ ის, თუ რა ხდებოდა ამ წლებში, არამედ ისიც, თუ რა მემკვიდრეობა დაგვიტოვა ამ პერიოდმა და, თუნდაც, არაცნობიერადაც ხომ არ გვახსენებს ხოლმე იგი თავს?

“ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ არსებობს წარსული, რომელიც წარსულად უნდა დარჩეს და არსებობს კიდევ წარსული, რომელიც არაფრით არ მიდის ჩვენგან და რაღაცნაირად მოგვყვება. განსაკუთრებით ეს ტრავმულ წარსულზე ითქმის ხოლმე”, გვეუბნება ნინო ჩიქოვანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კულტურის კვლევათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი. 

ჩიქოვანი აღწერს მეხსიერების თაობებს შორის გადაცემის ორგვარ გზას. მისი თქმით, უშუალოდ ერთი თაობა მეორეს ასეთ ინფორმაციას კომუნიკაციური მეხსიერებით გადასცემს ხოლმე. ეს არა მხოლოდ ზეპირ კომუნიკაციას, არამედ ტექსტების, გაზეთების, ჩანაწერებისა და მსგავსი სახით ცნობების გადაცემასაც გულისხმობს. თუმცა, როგორც იგი გვეუბნება, უფრო ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ, წარსული უკვე კულტურულ მეხსიერებაში რჩება, მაგალითად, ტექსტებში, ინფორმაციის მატარებელ გამოსახულებებში, მონუმენტებში, მემორიალებში, ფილმებში, ნახატებში და ა.შ. 

თითქოს გუშინდელივით აღვიქვამთ ამ ყველაფერს და ვაცოცხლებთ, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სხვებისთვისაც

– ნინო ჩიქოვანი

მაგრამ უფროსი თაობებისგან შვილებს არა მხოლოდ მეხსიერება, არამედ კონკრეტული თვისებები, ქცევები და ფასეულობების სისტემებიც გადაეცემათ ხოლმე. როცა გვიან 80-იანებსა და ადრეულ 90-იანებზე ვეკითხებით, ჩიქოვანი ამ პერიოდის მემკვიდრეობად ურთიერთშეურიგებლობასა და „ერთმანეთის მოსმენის სურვილის არქონას“ გამოყოფს. 

„იმიტომ, რომ 90-იანები ამის ნაკლებობით გამოირჩეოდა ყველაზე მეტად და არა მარტო 90-იანების დასაწყისი … Რაც ამას წინ უძღოდა, მაგალითად, ის საოცნებო ერთობა, რომელიც თითქოს ასე მკაფიოდ გამოვლინდა 9 აპრილს და მერე ძალიან მალე დაიშალა. საპარლამენტო სივრცეშიც, ადამიანები ერთმანეთს კი არ უსმენდნენ, არამედ ლაპარაკობდნენ იმისთვის, რომ ეთქვათ და კითხვას სვამდნენ იმისთვის, რომ ისევ თვითონ ეთქვათ და არა იმისთვის, რომ პასუხი მოესმინათ“, გვეუბნება ჩიქოვანი. 

პროფესორის აზრით, ეს თვისება არა მხოლოდ ამ პერიოდის მომსწრეებს ან თუნდაც პოლიტიკოსებს შემორჩათ, არამედ “ზოგადად საზოგადოება დარჩა დაყოფილი თითქოს ასე ნაწილებად, რომლებიც ერთმანეთთან ძნელად პოულობენ საერთო ენას“.

ჩიქოვანი ამ პერიოდიდან შემორჩენილ პრობლემურ მემკვიდრეობას იმასაც უკავშირებს, რომ იმ პერიოდში თბილისში მიმდინარე დაპირისპირების მნიშვნელობაზე ჯერ კიდევ შეუთანხმებლობა არსებობს. საზოგადოებას არ უფიქრია იმაზე, თუ რა ტიპის მოვლენა იყო, როგორ დაიწყო, რამ გახადა შესაძლებელი და რატომ ვატარებთ აქამდე ამ ტვირთს. ხოლო თანამედროვე დისკუსიები ხშირად გადაიზრდება ხოლმე ურთიერთბრალდებებსა და იარლიყების მიწებებაში – იარლიყების, რომლებიც სწორედ სამი ათწლეულის წინ წარმოიშვა.

როცა „ამოუთქმელი რჩება ეს ტრავმული მოვლენები და ვერ ყალიბდება ტრავმა, ვერ ვარქმევთ ამ სახელს, მერე ის მოგვდევს, მოგვყვება და რაღაცნაირად ეს ჩვენს დამოკიდებულებებსაც განაპირობებს, ქცევებსაც განაპირობებს, ფასეულობით სისტემაზეც მოქმედებს ალბათ და ვერ ვაღწევთ თავს“, ამბობს ის. „თითქოს გუშინდელივით აღვიქვამთ ამ ყველაფერს ან ვაცოცხლებთ, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სხვებისთვისაც ვცდილობთ, რომ გავაცოცხლოთ და აი ცოცხლად, ემოციის დონეზე შეიგრძნოს იმ ადამიანმა ეს ყველაფერი“.

„ვითომ ყველაფერი ვიცით, არადა, რეალურად, აბსოლუტურად არაფერი ვიცით“

კვლევებს თუ დავუჯერებთ, ახალი თაობების დამოკიდებულებები უახლეს წარსულთან ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. 

2021 წელს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ გამოცემულ კვლევაში ჩანს, რომ მოსწავლეები ისტორიის შესწავლისას ყველაზე მეტად საქართველოს შუა საუკუნეების, ე. წ. „ოქროს ხანის“ პერიოდით ინტერესდებიან. კვლევის თანახმად, რესპონდენტები ამ პერიოდს სამაგალითოდ მიიჩნევდნენ, რადგან ის “წარსული სიდიადისა და ერთიანობის” შესახებ გვახსენებდა.

როგორც ჩანს, ამ პერიოდის სწავლება მასწავლებლებისთვისაც ერთგვარი კომფორტის ზონაა. კვლევაში მოყვანილი ექსპერტები, მაგალითად, ამის ერთ-ერთ მიზეზად აღნიშნული პერიოდის არაწინააღმდეგობრივობასა და არაამბივალენტურობას ასახელებდნენ.

კვლევის თანახმად, მოსწავლეებს უახლესი პერიოდიც აინტერესებთ, თუმცა არა იმავე სიმძაფრით, როგორც “ოქროს ხანა”. ექსპერტები კი იქვე აღნიშნავენ, რომ მე-19 საუკუნიდან დღემდე ისტორიის სწავლებას სკოლებში ყველაზე ნაკლები დრო ეთმობა, ხოლო მე-20 საუკუნის მოვლენები „სათანადოდ გააზრებული, შესწავლილი და შესაბამისად ასახული არ არის სახელმძღვანელოებში“.

მსგავს ტენდენციაზე ისტორიკოსი გაბრიელ ჩუბინიძეც გვიამბობს. მისი თქმით, 80-90-იანების პერიოდზე ცოდნის ნაკლებობას მასალების სიმწირესთან ერთად „ქართული ისტორიოგრაფიის ცნობილი ნიშა – სიძველეებისადმი გაუგებარი ზღვარგადასული ლტოლვაც“ იწვევს. 

„თუნდაც უახლესი საბჭოთა პერიოდი თითქოსდა ჭეშმარიტ ისტორიად არ არის აღქმული, რადგან მისდამი მეხსიერება არსებობს და ვითომ ყველაფერი ვიცით, არადა, რეალურად, აბსოლუტურად არაფერი ვიცით“, გვეუბნება ჩუბინიძე. „ხშირად ვფიქრობდი ხოლმე, თუ რატომ უნდა აინტერესებდეს ახალგაზრდას იგივე მე-19 საუკუნე და არ აინტერესებდეს ის, თუ როგორ ცხოვრობდნენ მისი მშობლები თუ ბებია-ბაბუები. პასუხი, ვფიქრობ, არის ის, რომ თუ უახლესი წარსულის კვლევებს უფრო აქტუალურს არ გავხდით, ახალგაზრდებსაც ვერ დავაინტერესებთ“.

ჩუბინიძე თავად 90-იანების პირველი ნახევრის შემდეგ დაიბადა. ის ამ პერიოდით და, როგორც თავად აღწერს, „არაბავშვური ამბებით“ ბავშვობიდანვე დაინტერესდა, რადგან იზრდებოდა ოჯახში, სადაც წარსულს ხშირად განიხილავდნენ და იხსენებდნენ. 

დანარჩენ ახალგაზრდებში ინტერესის გამოღვიძებაში კი, როგორც ამბობს, მნიშვნელოვანი წვლილი გადაცემა „საქართველოს დაბადებამაც“ შეიტანა. „საქართველოს დაბადება“ პარლამენტის წევრისა და პარტია „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას, ყოველკვირეული საავტორო გადაცემაა, რომელიც უმეტესად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდს ეხება. გადაცემის სხვადასხვა სტუმარი – პოლიტიკოსები, ისტორიკოსები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები – საუბარში დეტალურად იხსენებენ და განიხილავენ მოვლენებს, რომლებიც თავად გამოცადეს ან რომელთა მოწმეც თავად გახდნენ. 

„აღმოვაჩინეთ, რომ ერთი, თურმე, არც არაფერი გვცოდნია წარსულზე და მეორე ის, რომ, თურმე, ძალიან საინტერესოა“, ამბობს ჩუბინიძე.

თაობათაშორისი ტრავმის ჭრილობები

წარსული, განსაკუთრებით კი ტრავმატული წარსული რომ მოგონებებზე მეტია, ამაზე ბევრი საუბრობს. “ჩვენი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი ამბების უმეტესობა ჩვენს არყოფნაში ხდება,” ამბობს ისევ რუშდის პერსონაჟი სინაი. 

ბოლო ათწლეულებში კი უფრო და უფრო მეტი დისციპლინა შეუდგა კრიზისული პერიოდების გავლენის კვლევას უკვე მოგვიანებით დაბადებულ თაობებზე. 

ყურადღება თავდაპირველად ჰოლოკოსტის შემდეგ გაჩენილმა თაობებმა მიიპყრო. 60-იანი წლებიდან გაჩნდა კვლევები, რომლებიც ჰოლოკოსტს გადარჩენილთა შვილებში სხვადასხვა სახის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს ადასტურებდა. მკვლევრები ჰოლოკოსტის მომდევნო თაობებში ასევე გამოყოფდნენ სხვადასხვა ადაპტაციურ ქცევას, როგორიცაა ზედმეტი მზრუნველობის გამოვლენა ან, პირიქით, ემოციური ჩაკეტილობა და სისუსტის დამალვის მცდელობები. ზოგში ე.წ. “რეპარაციული ადაპტაციური გავლენაც” კი შეუნიშნავთ, როდესაც შვილები არაცნობიერად ცდილობდნენ, ტრავმაგამოვლილი მშობლებისთვის ცხოვრება “გამოესწორებინათ”. 

სხვა მეცნიერებმა კი ტრავმული მემკვიდრეობის კიდევ უფრო ხანგრძლივი მოგზაურობაც შენიშნეს. მაგალითად, პროფესორმა და მკვლევარმა ბრენტ ბეზომ წინა საუკუნის 30-იან წლებში უკრაინელებს თავს დამტყდარი ჰოლოდომორის კვალი უკვე გვიან 2000-იან წლებში შეამჩნია. მას უკრაინელთა შორის გენოციდისგან შემორჩენილ ჩვევებს შორის ისეთი დამაზიანებელი ჩვევები აღმოუჩენია, როგორიც, მაგალითად, ურთიერთნდობის ნაკლებობაა.  

ფილოსოფოსები მეხსიერების, მოგონებისა და ტრავმის შესახებ

დროსთან ერთად, ამგვარმა კვლევებმა ისეთი მასობრივი ტრავმებიც მოიცვა, როგორიცაა მონობა, რასიზმი, ომები და ა.შ. წამყვან უნივერსიტეტებში შეიქმნა პროგრამები იმის საკვლევად, თუ რა უნდა მოუხერხოს საზოგადოებამ თაობათაშორის ტრავმებს, რათა მძიმე მემკვიდრეობა დადებითისკენ მიმართოს. ზოგმა კი ტრავმის კვალს გენების მუშაობაშიც დაუწყო ძებნა: საკითხით დაინტერესდა ეპიგენეტიკა – მეცნიერება, რომელიც შეისწავლის გარემო ფაქტორების გავლენებს იმაზე, თუ როგორ იმუშავებს ადამიანის გენები. მაგალითად, არსებობს ვარაუდი, რომ კრიზისულმა პერიოდებმა ამ დროს მუცლად მყოფი ბავშვის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უკვე მისი დაბადების შემდეგაც შეიძლება იქონიოს გავლენა. 

თუმცა ეპიგენეტიკოსებიც და სხვა დისციპლინების წარმომადგენლებიც ერთ რამეზე თანხმდებიან: მემკვიდრეობით მიღებული ტრავმა განაჩენი არ უნდა იყოს. მეტიც, საზოგადოებამ თუ გაიგო, სწორად როგორ გაუმკლავდეს ამ ყველაფერს, შეიძლება განვლილმა ტანჯვამ ბევრი კარგიც კი შვასო.

რა ვუყოთ მემკვიდრეობას?

მაინც რა უნდა ვქნათ, რომ ტრავმატული ახლო წარსულის დამაზიანებელ მემკვიდრეობას საქართველოშიც ეფექტურად გავუმკლავდეთ?

ნინო ჩიქოვანი ფიქრობს, რომ 80-90-იანი წლების რთული მემკვიდრეობისგან გათავისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, მოვლენების გადააზრება, მეორე მხრივ კი, საჭიროა კრიტიკულ განსჯაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო და მედია სტრატეგიები. 

წარსული „რომ თან არ გვდევდეს, ერთი გზა მართლა ისაა, რომ შევისწავლოთ, გავიაზროთ და რაღაცა დავალაგოთ და ბოლოს და ბოლოს მნიშვნელობები განვსაზღვროთ. არა შავი და თეთრის თვალსაზრისით და კარგი და ცუდის თვალსაზრისით, არამედ მთელი თავისი მრავალფეროვნებით, რადგან ადამიანს შეცდომაც მოსდის, მათ შორის პოლიტიკურიც“, გვეუბნება ის. 

პროფესორის აზრით, გააზრება შეიძლება მოხდეს სხვადასხვა სამეცნიერო პერსპექტივიდან მრავალმხრივი კვლევითა და შესწავლით. ხოლო მემკვიდრეობის დაძლევის მეორე გზა, მისი თქმით, განათლებაში უნდა ვეძიოთ. ეს განათლება კი არა თაობიდან თაობაზე ცოდნის ჭეშმარიტების სახით გადაცემა უნდა იყოს, არამედ, როგორც ჩიქოვანი ამბობს, იმ პერიოდის მოვლენებისა და მასალების „თავისი მრავალფეროვნებით, მრავალმხრივობით, წინააღმდეგობებით“  ჩვენება: „როცა სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ამაზე მსჯელობენ, ამაზე ლაპარაკობენ და შემთხვევით ყურმოკრულ რაღაცაზე კი არ აგებენ თავიანთ ურთიერთობას სხვასთან, არამედ ამ ყველაფრით შეიარაღებული“.

თუმცა, როცა საქმე კვლევას ეხება, ამ მხრივ მოტივირებული ადამიანები დღეს რთულ წინაღობებს აწყდებიან. განსაკუთრებული სირთულე კი კვლევისთვის საჭირო სახსრების მოძიებას უკავშირდება. ამ პრობლემას გამოყოფს გაბრიელ ჩუბინიძეც. იგი ამბობს, რომ რთულია რესურსების მოძიება რეგიონებში კვლევისთვის, არქივებში მუშაობისთვის და იმისთვის, რომ დარგში მომუშავეებმა თუნდაც საბაზისო ფინანსური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ. 

„ბევრს ჰგონია, რომ ისტორიკოსობა ავტომატურად უდრის სამშობლოს მსახურებას ყოველგვარი უკუგების გარეშე“, ამბობს ისტორიკოსი. „მაგრამ, დიდი ბოდიშით, ელემენტარულია, რომ მე რაღაცას ვერ დავუთმობ დროს, თუ ელემენტარული სოციალური პირობები არ მაქვს მოგვარებული“.

ჩუბინიძე გამოწვევებს ეჩეხება მასალებზე წვდომის კუთხითაც. ის ამბობს, რომ მის საკვლევ პერიოდში არქივები თითქმის არ დგებოდა. რაც შეეხება ზეპირი ისტორიების მოძიებას, მისი თქმით, რესპონდენტებს უჭირთ ხოლმე საუბრისას წარსულიდან გამიჯვნა – იქნება ეს ისევ წარსულის პოზიციებიდან საუბარი, რიგი ფაქტების დამალვა თუ, საერთოდაც, ინტერვიუზე უარი იმ შიშით, რომ მათ ვინმე განსჯის.

თეთრი ფურცლები

„თუკი საბჭოთა კავშირის დაშლა უფრო ხშირად დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ასოცირდება, 1990-იანი წლები უმეტესად წარუმატებელ სახელმწიფოსა და ეკონომიკურ სტაგნაციასთან კავშირში განიხილება“, წერია კვლევაში, რომელიც ფრიდრიხ ებერტის ფონდმა ცოტა ხნის წინ გამოსცა.

კვლევა „დამოუკიდებელი საქართველოს თაობის“, 14-29 წლის ადამიანების განწყობებს შეისწავლის სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე და, მათ შორის, 90-იანი წლების წარსულზეც. თუმცა, როცა საქმე თანამედროვე საქართველოზე 90-იანი წლების გამოცდილების გავლენას, ან კიდევ იმ პერიოდისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებას ეხება, ავტორები აკადემიური ლიტერატურის სიმწირეს კი ჩივიან.

არადა, ახალგაზრდა დაკვირვებული თვალისთვის იმ პერიოდის ამბების კითხვა შეიძლება მართლაც საინტერესო თავგადასავლად იქცეს. პოლიტიკური პროცესების ხასიათი, პატრიოტული ფასეულობებით მანიპულირება, დამოკიდებულება ოპონენტების მიმართ… მოლოდინი, რომ “ბნელმა” წარსულმა დღევანდელობა უფრო ნათელ ფერებში უნდა დაგიხატოს, საპირისპირო შედეგით სრულდება ხოლმე: დღევანდელი “ნორმალურიც” კი უცებ სრულიად არანორმალურად გეჩვენება. ამ პარადოქსულ განცდას კი სახელი ჯერ კიდევ არ აქვს.

და მაშინ, როცა აკადემიური ლიტერატურა შევსებას ელის, მხატვრულ ლიტერატურაში დამოუკიდებლობის თაობა „თეთრ ფურცლად“ ჩნდება.

„ვინ არის ბრილკა? 1200 გვერდიან ტექსტში თეთრი ფურცელი“, ასე ეხმიანება შარშან გამოცემული პუბლიკაცია ნინო ხარატიშვილის რომანში “მერვე სიცოცხლე (ბრილკას)” ახალგაზრდა პერსონაჟის გამოჩენას. ცნობილი წიგნი ერთი ქართველი ოჯახის მრავალი თაობის საუკუნოვან ამბავს გადმოსცემს, რომელიც სავსეა ტრავმული და ტრაგიკული მოვლენებით. განსაკუთრებული სიმძაფრით კი წიგნი საბჭოთა დროსა და უკვე შემდგომი, ადრეული 90-იანი წლების ადრეულ პერიოდს აღწერს.

უცნაური და სიმბოლური დამთხვევა კია, რომ 1993 წელს დაბადებული ბრილკა დღეს იმ ასაკის იქნებოდა, რუშდის სალემ სინაი თავისი ამბის თხრობას რომ იწყებს

– ავტორი

ბრილკა კი ოჯახის უკვე მერვე თაობაში, 1993 წელს დაბადებული გოგონა და ამბის მთხრობელის დისშვილია. ვრცელი ისტორია სწორედ მას ეძღვნება, რათა მან ამ ამბის გააზრებით იქნებ მრავალი ათწლეულის მოჯადოებული, ტრავმატული წრე დასძლიოს.

„რომანის დასასრული მომავლის დასაწყისია, მერვე სიცოცხლე იწყება – ციფრი 8 ხომ მარადისობის სიმბოლოა. ხოლო მანამდე მთელი 1200 გვერდი ტრავმის ასახვაა“,  წერია იმავე კვლევაში, რომელიც, მათ შორის, ნინო ჩიქოვანის თანაავტორობით გამოიცა.

ამასობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან სამ ათწლეულზე მეტი გავიდა. დაბნეულობა კი ისევ რჩება იმის თაობაზე, თუ რით უნდა შეივსოს ეს ფურცელი, ან რა უნდა წაიშალოს უკვე გადავსებული რვეულებიდან მომავლისკენ სწორი გზის გასაკაფად.

უცნაური და სიმბოლური დამთხვევა კია, რომ 1993 წელს დაბადებული ბრილკა დღეს იმ ასაკის იქნებოდა, რუშდის სალემ სინაი თავისი ამბის თხრობას რომ იწყებს.

მსგავსი/Related

Back to top button