skip to content
ახალი ამბები

შსს-მ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ამერიკის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 ნოემბერს განაცხადა, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა აშშ-ს საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავეს. აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერი, ჯეიმს ულინი მიესალმა შსს-თან, კერძოდ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობას.

ჯეიმს ულინის თქმით,  გაქცეული პირი წითელი ცირკულარით აშშ-ში ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულებისთვის იძებნებოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ დაკავების ორდერი მოიცავს 4 ბრალდებას ტეხასის შტატიდან, მათ შორისაა არასრულწლოვანი ბავშვის უწყვეტი სექსუალური შევიწროება, დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვან ბავშვებზე (14 წელს ქვემოთ) სექსუალური ძალადობა, ოჯახის წევრზე თავდასხმა სასუნთქი გზების დახშობით (გაგუდვის მცდელობით) და დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლისთვის საშიში იარაღით თავდასხმა. დაკავების ორდერში ასევე შედის ლუიზიანას შტატის 7 ბრალდება: ყალბი საჯარო ჩანაწერების წარდგენის, თაღლითური გზით დოკუმენტების გაყალბებისა და ორი ქურდობის ბრალდება 5000$-დან 25000$-მდე.  

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ „ბრალდებულმა მანამდე გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ვიდრე მასზე გამოცხადდებოდა საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით“. ბრალდებულზე ძებნა 2023 წლის 27 ივნისს გამოცხადდა და საქართველო, როგორც ინტერპოლის წევრი სახელმწიფო, საგამოძიებო ოპერაციებს შეუერთდა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული უკვე გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button