„ქართული ოცნების“ წევრები ევროკომისიისადმი არასამთავრობოების მიმართვას ეხმიანებიან
„ქართული ოცნების“ წევრებმა გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 2 ნოემბერს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადება, სადაც ისინი მოუწოდებენ ევროკომისიას ურჩიოს ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. მმართველი პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებდნენ და ახლა ცდილობენ ქართველი ხალხის გამარჯვების მონაწილე გახდნენ.
ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „რაც ნაკლებად წაახალისებენ ჭარბ აჟიოტაჟს ვიღაც ვიღაცეები, მით მეტი იქნება წარმატების მიღწევის შანსი. პირველ რიგში, მესიჯი – მიუხედავად ყველაფრისა მოგვეცით სტატუსი, ნიშნავს არ მოგვცეთ სტატუსი. ზუსტად ამას ნიშნავს. როცა შედარება იყო მოყვანილი გამოცდასთან დაკავშირებით, მიდიხარ პროფესორთან და ეუბნები ჩემი ბავშვი მომზადებული არ არის და დაუწერე ნიშანი, ეს სინამდვილეში არის მოწოდება, რომ ჩემს ბავშვს ნიშანი არ დაუწერო, ან რაღაც ახალი წარმოდგენა აქვთ ევროკავშირზე, რომ ეს არის ახალი საბჭოთა კავშირი, ან სინამდვილეში ლობირებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე მათ განცხადებას ჩვენთვის არანაირი ფასი ბუნებრივია არ აქვს. ერთადერთი რასაც აქვს ფასი ეს არის ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ ისინი არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის ორგანული ნაწილი და ფიქრობენ, რომ სტატუსის მინიჭების პირობებში კიდევ უფრო მძიმედ წააგებენ საპარლამენტო არჩევნებს. მარტივი ლოგიკაა. იგივე ჰგონია სალომე ზურაბიშვილს, იგივეს ფიქრობს NGO და კოლექტიური ნაცმოძრაობა. ისინი ფიქრობენ, რომ კიდევ უფრო ნაკლებ პროცენტს აიღებენ არჩევნებში, თუ ქვეყანას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ამიტომ ლობირებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ… ყველას ისიც ესმის, რომ როდესაც სტატუსს იღებს ქვეყანა ამ სტატუს იღებს როგორც ხალხი ასევე ხელისუფლება… ქართველი ხალხი არის პირველი, ვისაც მიენიჭება სტატუსი და შემდეგ არის ხელისუფლება. რაც შეეხება ნარატივს, რომ აქეთ არის ხელისუფლება, იქით – ხალხი, ესეც მიანიშნებს მათ ანტისახელმწიფოებრივ განწყობებზე… ჩვენ გვაქვს ხოლმე საუბრები ჩვენს პარტნიორებთან. მაგალითად ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც იკვეთება, როგორც ასეთი მოძრაობების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი, არის „ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის“ (EED) და ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან იმისათვის, რომ ამ წყაროდან აღიკვეთოს ექსტრემიზმის დაფინანსება საქართველოში. მათ შორის EED აფინანსებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასაც, რაც პირდაპირ კანონით არის აკრძალული. ჩვენ განვაგრძობთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ამერიკელ პარტნიორებთან იმისათვის, რომ უცხოური წყაროებიდან აღარ მოხდეს ექსტრემიზმის, პოლარიზაციის, რევოლუციის დაფინანსება ჩვენს ქვეყანაში“.
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე: „როგორც ვხედავ, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ იყო მონაწილე ამ ხელმოწერებისა. ფაქტია, რამდენიმე ელიტური „ენჯეოს“ მიერ ორგანიზებული განცხადებაა და თავად ამ განცხადების ტონალობაშიც კიდევ ერთხელ იკვეთება, რამდენად არასწორად იქცევიან ეს ორგანიზაციები. მცდელობებს, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების ჩაშლისკენ იყო მიმართული, ხვდებიან, რომ ამას პერსპექტივა აღარ აქვს, პოზიტიური სიგნალები მოდის და ახლა ყველა ცდილობს, რამენაირად ქართველი ხალხის გამარჯვების მონაწილე გახდეს. წლინახევრიანი საბოტაჟისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, როგორც ჩანს, ევროკავშირი პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის ემზადება. ამით ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და დამარცხდება ყველა ჯგუფი, პოლიტიკური იქნება, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ზოგიერთი ელიტური „ენჯეო“, რომელიც ამას ეწინააღმდეგება“.
ირაკლი ჩიქოვანი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე: „ისინი ცდილობენ შეეწინააღმდეგონ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას. ის ნარატივი, რომელიც გულისხმობს, რომ გაყონ ერთმანეთისგან საქართველოს მოსახლეობა, საქართველოს მოქალაქეები [მთავრობისგან], ან მხოლოდ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული საქართველოსთან მიმართებაში, ეს არის სრული ნონსენსი“.
რატი იონათამიშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე: „მაშინ როდესაც ევროპელი გადაწყვეტილების მიმღები პირები სულ უფრო მეტად აღიარებენ, რომ საქართველოს მიმართ გადაწყვეტილება იყო უსამართლო, ეს მდიდარი ენჯეოები ისევ რუსული ტრადიციის გზავნილებს აჟღერებენ და ფაქტობრივად, ისევ ცდილობენ საბოტაჟირებას საქართველოს ევროპული არჩევანის… როგორც ჩანს, რაც უფრო ახლოვდება გადაწყვეტილების მიღების თარიღი, კიდევ უფრო მეტად გამოამჟღავნებენ, რომ მათი რეალური ინტერესი იყო, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო“.
ერთობლივი განცხადების გავრცელების შემდეგ, ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიუხედავად ყველა გამოწვევისა და იმ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელიც დღეს რეგიონშია, „მნიშვნელოვანია, რომ სტატუსთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციის გადაწყვეტილება იქნას მიღებული“. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ეს არგუმენტიც გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ გეოპოლიტიკური ვითარება ბოლო წლის მანძილზე არ შეცვლილა.
ასევე წაიკითხეთ:
- 31/10/2023 – ირაკლი კობახიძე „მდიდარ“ არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს
- 30/10/2023 – არასამთავრობოები: მოსამართლეების სანქცირებას ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)