ახალი ამბები

USAID-ის ანგარიში: საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგრადობის ინდექსი 2022

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) 2023 წლის ოქტომბერში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) მდგრადობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის რთულ დინამიკასა და მის წინაშე არსებულ გამოწვევებს აფასებს. ანგარიში მომზადდა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით.

2014 წელს, 2021 წლის მსგავსად, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის გაერთიანებული ქულა 4.0 იყო. საზოგადოებრივი ორგანიზაციების მდგრადობის ინდექსი შვიდბალიან შკალას იყენებს, სადაც 1 წარმოადგენს მდგრადობის ყველაზე მაღალ, ხოლო 7 ყველაზე დაბალ დონეს.

ზოგადი კონტექსტი

ანგარიში მიმოიხილავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გავლენას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, საზოგადოების ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ასევე რუსეთის მიმართ ხელისუფლების „თავშეკავების პოლიტიკას“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ პოზიციამ ეჭვები აღძრა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს პოზიცია ევროკავშირის პოზიციას რუსულ აგრესიასთან მიმართებით, და შეშფოთება გამოიწვია უკრაინის ხელმძღვანელობის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მტრული გამონათქვამების გამო.  

ანგარიშში ასევე განხილულია ევროკავშირში წევრობაზე საქართველოს განაცხადის განხილვის პროცესი, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება და ევროკომისიის რეკომენდაციები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. დოკუმენტში საუბარია საქართველოში უკრაინელი ლტოლვილებისა და რუსეთის მოქალაქეების შემოდინებაზე, რასაც ქვეყნის პოლიტიკურ ტრაექტორიასა და დასავლეთში ინტეგრაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური პოლარიზაციის ზრდა მოყვა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქეების შემოდინებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოში ეკონომიკურ აქტივობაზე, თუმცა, ამასთანავე, შეშფოთება გამოიწვია ქვეყნის რუსეთზე დამოკიდებულების მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით.

USAID-ის ანგარიშის თანახმად, „მიუხედავად ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებისა, დემოკრატიისა და სამოქალაქო სივრცის მდგომარეობა საქართველოში 2022 წელს კვლავ გაუარესდა და დაბალ ნიშნულს მიაღწია 2023 წლის დასაწყისში, როდესაც მმართველმა პარტიამ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ინიცირება მოახდინა, რომელიც წარმოადგენს რეპრესიული რუსული კანონის ასლს და დღემდე ყველაზე აშკარა თავდასხმას წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებასა და გამოხატვის თავისუფლებაზე საქართველოში“. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში რუსული კანონის ინიცირებამ მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. თბილისში კანონპროექტის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა, ვინაიდან მან ავტოკრატიისკენ სვლის თაობაზე შეშფოთება გამოიწვია. საბოლოო ჯამში, მმართველმა პარტიამ, საზოგადოებისა და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, 2023 წლის მარტში კანონპროექტი უკან გაიწვია.  

ანგარიშში ასევე საუბარია 2022 წლის იანვარში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, რასაც ახალი უწყებების შექმნა მოყვა. დოკუმენტი იკვლევს ანტიდასავლური დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოში უკრაინის ომის დროს, რა დროსაც ვრცელდებოდა ნარატივები დასავლეთის სავარაუდო შეთქმულებების, საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნისა და რუსული სამხედრო შურისძიების თაობაზე. ამ ნარატივებს აქტიურად ავითარებდნენ სხვადასხვა ჯგუფები, მათ შორის ულტრამემარჯვენე ჯგუფები და მმართველი პარტიის ლიდერები.

2022 წელს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთში ვითარება კვლავ დაძაბული იყო. რუსულმა დეზინფორმაციამ „მეორე ფრონტის“ იდეა ამ რეგიონებშიც გამოიყენა, რამაც საქართველოს შესაძლო შეჭრის შესახებ შიშები გაამწვავა.

ზოგიერთი მიგნება სსო-ების მდგრადობასთან დაკავშირებით

„მიუხედავად რთული კონტექსტისა, სსო-ების მთლიანი მდგრადობა 2022 წელს უცვლელი დარჩა. როგორც სამართლებრივი გარემო, ისე ფინანსური მდგრადობა ოდნავ გაუარესდა წლის განმავლობაში, ხოლო სერვისების მიწოდება ოდნავ გაუმჯობესდა. ყველა სხვა კომპონენტი უცვლელი დარჩა. ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ქვეყნის ყველა ძირითად სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოვლენებში წინა პლანზე რჩებოდნენ და კლიენტთა ფართო წრეს შეფასებებს, მოსაზრებებს, მომსახურებას და გადაწყვეტილებებს სთავაზობდნენ. სექტორი აგრძელებდა აქტიურ ადვოკატირებას რეფორმების გატარებისა და ადამიანის უფლებების გაუმჯობესების კუთხით, მათ შორის ადამიანის უფლებების, ანგარიშვალდებული მმართველობისა და სხვა საკვანძო პოლიტიკის სფეროებში“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, 2022 წელს სსო-ების მუშაობის მარეგულირებელი სამართლებრივი გარემო გაუარესდა, რაც ქმნის წინაპირობას, რომ 2023 წელს ის კიდევ უფრო გაუარესდება. „მეწარმეობის შესახებ“ კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებები ააიპ სტატუსის მქონე ორგანიზაციებს ავალდებულებს ინფორმაციის განახლებას და, უმეტეს შემთხვევაში, ხელახალ რეგისტრაციას, ხოლო კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელ ფუნქციონირებას და სიცოცხლისუნარიანობას საფრთხეს უქმნიდა.  „მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, ზოგადად, მისაღებია ახალი რეგულაციების სულისკვეთება, ისინი ხელისუფლებას კანონპროექტის შემუშავების პროცესში საჯარო კონსულტაციების სრული უგულებელყოფისთვის აკრიტიკებენ. სსო-ების მიმართ მთავრობის მზარდი მტრობის გათვალისწინებით, ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა ბოროტად გამოიყენოს ახალი რეგულაციები, რათა შერჩევით უთხრას უარი ორგანიზაციებს რეგისტრაციაზე ან ხელახალ რეგისტრაციაზე“, – ნათქვამია ანგარიშში. 

მართალია სსო-ები ხელისუფლების ჩარევის გარეშე მოქმედებენ, გარკვეული კანონები და პრაქტიკა მათ საქმიანობას ბარიერებს უქმნის. მაგალითად, „კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, რომელსაც მისი ბუნდოვანების გამო ხშირად აკრიტიკებენ, საშუალებას იძლევა „მასიური დარღვევების“ არსებობის შემთხვევაში, დაუყონებლივ შეწყდეს მიმდინარე შეკრებები, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რა წარმოადგენს ასეთ დარღვევას. ამგვარმა გაურკვევლობამ შესაძლოა თვითნებური დაკავება და მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება გამოიწვიოს.

ფინანსური მდგრადობა 2022 წელს ოდნავ გაუარესდა, რაც გამოწვეული იყო ადგილობრივი სსო-ებისთვის დაფინანსებაზე წვდომის შემცირებითა და ინფლაციის ზრდით. გარდა ამისა, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ინიცირებამ გააღრმავა უნდობლობა სსო-ებსა და სახელმწიფოს შორის, რამაც ნაკლებად სავარაუდო გახადა, რომ სსო-ები მომავალში სახელმწიფო დაფინანსებას მოითხოვენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სსო-ებს შეუძლიათ ფინანსური მხარდაჭერა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დონორებისგან მიიღონ, ფინანსური მდგრადობა ქართული სსო-ებისთვის მთავარ გამოწვევად რჩება, განურჩევლად მათი ადგილმდებარეობის ან ზომისა. „საზოგადოებრივი ორგანიზაციების უმეტესობა შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციისთვის იბრძვის და ბევრი მხოლოდ ერთ დონორზეა დამოკიდებული, რაც მათ გრძელვადიან მდგრადობას საფრთხეს უქმნის“, – ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოში სსო-ების ფინანსური მართვისა და შესაბამისობის სისტემები ხარისხობრივად განსხვავდება. უფრო დიდ და ჩამოყალიბებულ სსო-ებს, რომელთაც საკმარისი რესურსი გააჩნიათ, აქვთ შესაძლებლობა, რომ ფინანსური მართვის მოწინავე სისტემები ჰქონდეთ და გამოცდილი, კვალიფიციური კადრები ჰყავდეთ. თუმცა, გამოცდილი ფინანსური პერსონალის დაქირავება და შენარჩუნება, განსაკუთრებით დედაქალაქის გარეთ არსებული სსო-ებისთვის, სირთულეებთანაა დაკავშირებული. საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ზოგადად, ავრცელებენ ინფორმაციას დონორთა და პროექტების პრიორიტეტების შესახებ, თუმცა წლიურ აუდიტორულ შემოწმებებს ცოტა თუ ატარებს.  

2022 წელს საქართველოში სსო-ების ორგანიზაციული შესაძლებლობები უცვლელი დარჩა. თბილისში დაფუძნებულ სსო-ებს კვლავ ჰქონდათ უპირატესობა ორგანიზაციული სიძლიერის თვალსაზრისით და დონორების, ქსელებისა და რესურსების მეტი ხელმისაწვდომობით სარგებლობდნენ. თუმცა, ადგილობრივი სსო-ები, რომლებიც საკუთარი ღირებულებებითა და სამიზნე თემების მომსახურების ვალდებულებით ხელმძღვანელობენ, დონორებზე დამოკიდებულებისა და პროექტზე ორიენტირებული დაფინანსების გამო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. ამ გამოწვევებმა ბევრს, განსაკუთრებით მათ, ვინც დედაქალაქის გარეთ მუშაობენ, გაურთულა გრძელვადიან სტრატეგიულ დაგეგმვაზე მუშაობა.

ტექნიკური განვითარება კვლავაც გამოწვევად რჩება სსო-ებისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში მოქმედი ორგანიზაციებისთვის. დივერსიფიცირებული დაფინანსების შესაძლებლობების არარსებობის გამო, რეგულარულად ახალი აღჭურვილობის შეძენა მხოლოდ ძალიან შეზღუდული რაოდენობის ორგანიზაციებს შეუძლიათ. ზოგიერთი ორგანიზაცია საოფისე ფართების შენარჩუნების თვალსაზრისითაც აწყდება სირთულეებს.

სსო-ების ადვოკატირება 2022 წელს უცვლელი დარჩა. სსო-ების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კანონით უზრუნველყოფილია. მონაწილეობის უფლება, სხვა ქმედებებთან ერთად, მოიცავს ლობირებას, პეტიციის წარდგენას, კანონების ინიცირებას, პარლამენტის სესიებზე დასწრებას, სამუშაო ჯგუფებსა და შეხვედრებში მონაწილეობას.

თუმცა, წლის განმავლობაში, სსო-ები კვლავ იდგნენ გამოწვევების წინაშე, რა დროსაც ადგილი ჰქონდა დეზინფორმაციისა  და სიძულვილის კამპანიას მათ წინააღმდეგ და ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შემცირებას. მიუხედავად ხელისუფლების მიერ დაწესებული ბარიერებისა პოლიტიკის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის კუთხით, სსო-ები კვლავ ახდენდნენ გავლენას ეროვნულ დისკუსიებსა და პოლიტიკურ დღის წესრიგზე როგორც ადგილობრივ, ასევე ეროვნულ დონეებზე.

განსხვავებით პოლიტიკურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას სამოქალაქო საზოგადოების გამორიცხვისა, მმართველი პარტია და აღმასრულებელი ხელისუფლება ძირითადად ღია იყო სსო-ებთან პროდუქტიული თანამშრომლობისთვის არაპოლიტიკურ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა, განათლება, ჯანდაცვა და ცხოველთა უფლებები. ადგილობრივ ხელისუფლებასთან პარტნიორობაც მხოლოდ არაპოლიტიკურ სფეროებშია პროდუქტიული, ვინაიდან ადგილობრივი ხელისუფლება გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თბილისზე. დეცენტრალიზაცია უკვე ორი ათეული წელია რაც საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება ჯერაც არ არის მიღწეული.

სსო სექტორის საზოგადოებრივმა იმიჯმა 2022 წელს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ცვლილებები განიცადა,  რის შედეგადაც მისი აღქმა მთლიანობაში უცვლელი დარჩა. სამოქალაქო საზოგადოების სექტორი მუდმივი თავდასხმებისა და დეზინფორმაციის სამიზნე იყო მისი დაფინანსების, მოტივებისა და ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობის გამო. თუმცა, საზოგადოების წინააღმდეგობამ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონთან მიმართებაში აჩვენა, რომ სსო-ების წვლილი საქართველოს სამოქალაქო ცხოვრებაში აღიარებულია. ადგილობრივმა სსო-ებმა მოიპოვეს სანდო საერთაშორისო აქტორების რეპუტაცია, რომლებიც შიდა თავდასხმების მიუხედავად, მოკავშირეებისგან, როგორიცაა აშშ და ევროკავშირი, მხარდაჭერას იღებენ.  

მედიის მიერ სსო-ების გაშუქება ძირითადად ფოკუსირებული იყო პოლიტიკურ დებატებზე, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციასა და სასამართლო რეფორმაზე. ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია ცდილობდა სსო-ებისგან ძირითად პოლიტიკურ პროცესებზე მოეპოვებინა კომენტარი, ხოლო ხელისუფლების მხარდამჭერი მედია წამყვანი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ ცილისწამებისა და დეზინფორმაციის კამპანიებში იყო ჩართული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button