ჯანდაცვის რვეული

მენტალური ჯანმრთელობა: ეშმაკეულის განდევნიდან – თანადგომამდე

ტრავმა და მისგან გამოწვეული ფსიქიკური აშლილობები ადამიანთა ცხოვრების ნაწილი მუდამ იყო. მრავალი საუკუნე კი დასჭირდა იმის შეგნებას, რომ ასეთი ადამიანი „ეშმაკის შეპყრობილი“ კი არა, ჩვეულებრივი მოკვდავია, რომელსაც დახმარება და საზოგადოების თანადგომა სჭირდება.


ავტორი: ალექსანდრე ჩხიკვიშვილი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი, გაეროს ასოციაცია


მიდგომები ტრავმული გამოცდილებით გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემების მიმართ ნელ-ნელა ვითარდებოდა და აზროვნების კვალდაკვალ იცვლებოდა. დღეისთვის, დაგროვილი ცოდნის შედეგად მედიცინამ ამ საკმაოდ კომპლექსურ მდგომარეობას არაერთი გასაღები უპოვა. თუმცა თანამედროვეობამ და ციფრულმა ეპოქამ კაცობრიობას თავს მრავალი ახალი გამოწვევაც დაატეხა. ამ ყველაფერთან გამკლავებას კი დამატებითი ძალისხმევა სჭირდება, რაც მხოლოდ სამედიცინო ჩარევის ფარგლებს სცდება და მთლიანად საზოგადოების, ისევე როგორც ამ ადამიანების მეგობრების, ნათესავებისა და თანამშრომლების ყურადღებასა და გულისხმიერებას მოითხოვს.

პირველად იყო ღვთის რისხვა…

ძველად, ფსიქიკურ აშლილობებს სხვადასხვა მისტიკურ მიზეზს მიაწერდნენ ხოლმე. ზოგი მათ ღვთის რისხვად აღიქვამდა, ზოგს კი ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი „ეშმაკის შეპყრობილი“ ეგონა.  ამიტომაც, საზოგადოება ასეთ ადამიანებს ხშირად დევნიდა და რიყავდა, ზოგჯერ კი რელიგიური რიტუალებით მათ „განკურნებასაც“ შეეცდებოდა ხოლმე.

გვიანი რენესანსისა და განმანათლებლობის პერიოდში ფილოსოფიური მიდგომა შეიცვალა. დეკარტის მიერ შემოთავაზებულმა ფორმულამ „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“ სამეცნიერო მეთოდი და რაციონალური მიდგომა უპირველეს ღირებულებებად დასახა. ახალი ტალღის მეცნიერებამ ფსიქიკური პრობლემების მისტიკური მიზეზები უკუაგდო, თუმცა კი ზოგჯერ ზედმეტად ტექნიკური (ადამიანი, როგორც მანქანა) მიდგომით. მენტალური პრობლემის მიზეზების ძიება უკვე ადამიანის გონებაში დაიწყო, ხოლო ფილოსოფიურმა წიაღსვლებმა თანდათან ფსიქოლოგიური პრობლემების აღიარებასა და უფრო სიღრმისეულ კვლევას ჩაუყარა საფუძველი.

დიდი გარღვევები კი იწყება მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების მიჯნაზე, როცა ასპარეზზე ავსტრიელი ნევროლოგი ზიგმუნდ ფროიდი გამოდის. ფროიდის ნააზრევი ტრავმისა და მისი ფსიქოლოგიური შედეგების შესახებ უფრო ძირეულ კვლევას უდგამს სულს. იგი ქმნის ფსიქიატრიული მდგომარეობების ახსნის ახალ მოდელებს და მათი აღმოფხვრის მეთოდებსაც ავითარებს. სწორედ ფსიქოანალიზის შესახებ ფროიდის ნაშრომები იყო, ადამიანის ადრეული ტრავმული გამოცდილება მის შემდგომ მენტალურ მდგომარეობას მკაფიოდ რომ დაუკავშირა.

ფიზიკური თუ ფსიქიკური

ფროიდამდე და მის დროსაც ფსიქოლოგიურ პრობლემას მეცნიერების უმრავლესობა ჯერ კიდევ მხოლოდ ბიოლოგიური ჭრილიდან უყურებდა. ფსიქიატრია ნევროლოგიასთან იყო შერწყმული და მენტალური პრობლემის საფუძვლად თავის ტვინის ნევროლოგიური დაავადება ან სხვადასხვა ანატომიური ცვლილება მიიჩნეოდა. ანუ თვლიდნენ, რომ ფსიქიკური პრობლემის საწყისი ფიზიკურად დამზერადი პრობლემა უნდა ყოფილიყო და პრობლემაც სწორედ ამ ფიზიკური ცვლილების აღმოფხვრით მოიხსნებოდა. ამიტომ, ფსიქიატრიული პაციენტის დახმარების მეთოდები არ სცდებოდა ზედაპირულ და ზოგჯერ ეთიკურად პრობლემურ მიდგომებს, იქნებოდა ეს პაციენტის ინსტიტუციონალიზაცია, მისთვის ფიზიკური გადაადგილების შეზღუდვა თუ ლობოტომია, ანუ თავის ტვინის წილის ქირურგიული ამოკვეთა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ფრონტიდან დაბრუნებული ჯარისკაცები ხშირად ავლენდნენ სხვადასხვა აქამდე ასეთი მასშტაბით უნახავ სიმპტომს

უკვე პირველი და მეორე მსოფლიო ომები იყო ის გარდამტეხი გამოცდილება, რამაც ტრავმისა და მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემების შესწავლა საგრძნობლად დააჩქარა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ფრონტიდან დაბრუნებული ჯარისკაცები ხშირად ავლენდნენ სხვადასხვა აქამდე ასეთი მასშტაბით უნახავ სიმპტომს. აგზნება, შფოთი, ღამის კოშმარები, არაპროვოცირებული შიში, დაუპატიჟებელი ფიქრები, დისოცირებული ქცევა – ამით შეწუხებული პაციენტები ექიმებს მიაწყდნენ. თავდაპირველად, ტრავმის ფიზიკური მიზეზებისა და შედეგების ძებნის კვალობაზე, ამ მდგომარეობას „shell shock” უწოდეს, ანუ ჭურვების აფეთქებისგან მიღებული სტრესის შედეგად განვითარებული შოკი.

თუმცა ამდენი პაციენტის არსებობამ დარგის წარმომადგენლებს უფრო მრავალმხრივი კვლევისკენ უბიძგა. თანდათან გაღრმავდა კვლევა ტრავმის ფსიქოლოგიური, ბიოქიმიური და სოციალური ფაქტორების გარშემო, გამრავალფეროვნდა ფსიქიატრიული პაციენტის დახმარების გზები და დაინერგა თერაპიის ახალი ფორმები. ახლად გაჩენილმა კლასიფიკაციის სისტემებმა შესაძლებელი გახადა ფსიქიატრიულ პაციენტთა ადეკვატური დაჯგუფება  სიმპტომების მიხედვით, ბოლო მოუღო ერთგვაროვან პრაქტიკებს და პაციენტებთან ინდივიდუალიზებულ მიდგომასაც დაუდო საფუძველი.  

“ჭურვების შოკის” ნაცვლად, 1980 წელს გაჩნდა ჩვენთვის უკვე ნაცნობი ტერმინი „პოსტტრავმული სტრესული აშლილობა“ (პტსა/PTSD). იგი სწორედ ამ დროს შეიტანეს „ამერიკის ფსიქიატრიის ასოციაციის“ სახელმძღვანელოში. დღეს პტსა ტრავმის შედეგად განვითარებული ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიაგნოზია.

ნაბიჯები წინ და ნაბიჯი უკან

ტრავმა ფიზიკური, ემოციური ან ფსიქოლოგიური სტრესის შედეგად მიღებული გამოცდილებაა, რომელმაც ეპიზოდური ან ხანგრძლივი ფსიქოლოგიური დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს. ტრავმის მიზეზები განსხვავდება და არაერთგვაროვნად ზემოქმედებს ადამიანებზე. სამწუხაროდ, დღევანდელ სამყაროში ტრავმული გამოცდილების პრევენციული მექანიზმები ბოლომდე ვერ მუშაობს, ამას კი თავისი მიზეზები აქვს.

ამ მიზეზებს შორისაა ტრავმის მაპროვოცირებელი ახალი ფაქტორები, რომლებიც დროსთან ერთად ჩნდება და რომელთა წარმოქმნასაც ციფრული ეპოქაც უწყობს ხელს. ეკონომიკური არასტაბილურობა… კიბერბულინგი… ინტენსიური ურბანიზაციის თანმხლები გარემო სტრესორები… წარუმატებელი ლტოლვა სოციალურ ქსელებში გაბატონებული ცხოვრების წესისა და დაწესებული სტანდარტების მიმართ… ეს თანამედროვეობაში არსებული განგრძობადი ტრავმული გამოცდილების არასრული სიაა.

საბედნიეროდ, ფსიქიატრიამ დღეისთვის უკვე გაიაზრა ტრავმული გამოცდილების სუბიექტური ხასიათი. ტრავმული ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებიც მუდმივად იხვეწება. თანამედროვე ეპოქაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პოსტტრავმული ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების ნაწილს მრავალი სტრესული ფაქტორის არსებობის ფონზე უჭირს იპოვოს კავშირი წარსულ ტრავმასა და მოგვიანებით განვითარებულ ფსიქოლოგიურ სიმპტომებს შორის. ეს, განსაკუთრებით, ბავშვობის პერიოდის ტრავმატულ გამოცდილებას ეხება. ამიტომ ტრავმის, როგორც ფსიქიკური აშლილობის გამომწვევის, აღმოჩენის ტვირთი ფსიქიატრსა და ფსიქოლოგზე გადადის ხოლმე.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა საგანგაშო სიმპტომები თავადვე ამოიცნოს და დახმარებაც დროულად ითხოვოს. თუ ასე არ მოხდა,  არადიაგნოსტირებული ტრავმის შემდგომი აშლილობა და სიმპტომების სიმძიმე დროთა განმავლობაში გაღრმავდება.

მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა საგანგაშო სიმპტომები თავადვე ამოიცნოს და დახმარებაც დროულად ითხოვოს. თუ ასე არ მოხდა,  არადიაგნოსტირებული ტრავმის შემდგომი აშლილობა და სიმპტომების სიმძიმე დროთა განმავლობაში გაღრმავდება. ამ დროს პაციენტი თავად ცდილობს ხოლმე მდგომარეობასთან გამკლავებას, შესაბამისი ცოდნისა და კომპეტენციის არქონა კი მას დისფუნქციური ქცევისკენ უბიძგებს. ასეთი ქცევაა, მაგალითად, საზოგადოებისგან იზოლაცია, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ჭარბი მოხმარება, ანდაც შეუსაბამო მედიკამენტების მიღება.

დამოკიდებულებაზე დამოკიდებული ბევრია

დღეს ხარისხიან ფსიქიატრიულ სამედიცინო დახმარებაზე წვდომა გლობალურ გამოწვევად რჩება. ეს პრობლემა კი განსაკუთრებით სუსტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების მქონე ქვეყნებს აწუხებთ. არადა, ფსიქიატრიული დაავადებების დიაგნოსტიკა, როგორც წესი, სულაც არ საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს. ის მეტწილად დამოკიდებულია პროფესიონალი ფსიქიატრის თუ ფსიქოლოგის მიერ დეტალურად შეკრებილ ანამნეზზე. ამიტომ, ამ გამოწვევის გადაჭრის საკვანძო ეტაპი დეცენტრალიზებული ხარისხიანი სამედიცინო სერვისის არსებობა იქნებოდა. მაგრამ…

მაგრამ როცა საქმე ფსიქიკურ აშლილობებს ეხება, სამედიცინო სერვისსაც თავისი საზღვრები აქვს. ამ საზღვრებს მიღმა კი უფრო ფართო ძალისხმევის საჭიროება ჩნდება. მაგალითად, როგორც ბევრ სხვა საკითხში, დამოკიდებულებაზე აქაც ბევრია დამოკიდებული. მართალია, წლების მანძილზე ტრავმული ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების მიმართ დამოკიდებულება მართლაც გაუმჯობესდა, მაგრამ ფსიქიატრიული პაციენტები სტიგმას ბოლომდე კვლავაც ვერ აღწევენ თავს. მაგალითად, ხშირად არის ხოლმე, რომ ნაკლებ ინფორმირებულ საზოგადოებებში ტრავმატულ ეპიზოდსა და მის ფსიქოლოგიურ შედეგებს პაციენტის არასწორ ქმედებას მიაწერენ ხოლმე. შედეგად, უკვე არსებულ რთულ მდგომარეობასთან ერთად, პაციენტს ბრალეულობის ტვირთის ზიდვაც უწევს.

ამიტომ, ფსიქიატრიული დაავადებების გარშემო არსებული სხვადასხვა ტიპის სტიგმის აღმოფხვრა მხოლოდ სამედიცინო საზოგადოების პრეროგატივა ვერ იქნება. საჭიროა ფართო საზოგადოებრივი თუ საგანმანათლებლო ჩართულობა, განსაკუთრებით კი ვიწრო სათემო დონეზე. და ეს არ არის ერთადერთი, რისი გაკეთებაც საზოგადოებას შეუძლია: ხშირად, ტრავმის შედეგად განვითარებული ფსიქიკური პრობლემები უშუალო გარემო ფაქტორებითაა ხოლმე ნასაზრდოები და მათი აღმოფხვრის გასაღებიც პაციენტის გარშემო მყოფი ადამიანების ხელში, ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის კაბინეტის მიღმაც უნდა ვეძიოთ ხოლმე.

ხშირად არის ხოლმე, რომ ნაკლებ ინფორმირებულ საზოგადოებებში ტრავმატულ ეპიზოდსა და მის ფსიქოლოგიურ შედეგებს პაციენტის არასწორ ქმედებას მიაწერენ ხოლმე.

მაგრამ, სამწუხაროდ, პირიქითაც ხდება. არის შემთხვევები, როცა პაციენტის გარემოცვა, თანადგომის ნაცვლად, მის მდგომარეობას პაციენტისავე საზიანოდ მიმართავს ხოლმე. მსგავსი მავნე პრაქტიკა მრავლად გვხვდება ისტორიაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ სრულად ისტორიაშივე არ დარჩენილა. ამას ცნობილი პოპვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის, თავს გადახდენილი ამბავიც მოწმობს. 

პოპვარსკვლავის გახმაურებულმა ამბავმა მსოფლიოს ყურადღება ორიოდე წლის წინ მიიპყრო, როდესაც ის, მრავალწლიანი სასამართლო დავების შემდეგ, როგორც იქნა, ცამეტწლიანი მეურვეობისგან გათავისუფლდა. ამბავი, რომელსაც ზოგი „21-ე საუკუნის ტრეფიკინგსაც“ უწოდებს, 2005-2008 წელს იწყება. ამ წლებში მოიპოვა ოჯახმა მომღერალზე სრული მეურვეობა, რაც მათ სპირსის ფინანსების, კარიერული საკითხებისა და პირადი ცხოვრების განკარგვის უფლებასაც კი აძლევდა. როგორ შეძლეს ეს? დიდწილად ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სოციალური სტიგმის დამსახურებით: ვარსკვლავის გარემოცვამ მარტივად მოიპოვა საზოგადოების მხარდაჭერა სპირსისთვის „უმართავისა“ და „არასტაბილურის“ იარლიყის მიწებებით. არადა, მომღერალს, უბრალოდ, კვალიფიციური მხარდაჭერა სჭირდებოდა.

“მაშინ ამდენს არ საუბრობდნენ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, როგორც ახლა. მე ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მქონდა პერინატალური მძიმე დეპრესიის თითქმის ყველა სიმპტომი”, იხსენებს ბრიტნი სპირსი 2023 წელს გამოცემულ მემუარებში.

მუსიკოსის მაგალითი ადასტურებს, რომ მგრძნობელობა, ემპათიასა და მიმღებლობაზე ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. მენტალური ჯანმრთელობის პროგრესზე საუბრისას კი მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის საკითხია: ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად შევქმნით ინკლუზიურ და ემპათიურ გარემოს.

Back to top button