ახალი ამბები

ევროკავშირის წარმომადგენლობა: ევროკომისია გააგრძელებს მაუწყებლობის შესახებ კანონის მონიტორინგს

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში 26 ოქტომბერს „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა, რომ „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ სადავო ცვლილებების მიღებამდე საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციები გაიმართა. „როგორც წესი, ევროკავშირის დირექტივები არ კარნახობს ზუსტ წესს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ისინი, არამედ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს აქვთ თავისუფლება თავად გადაწყვიტონ, თუ როგორ უნდა ასახონ დირექტივები კანონმდებლობაში“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ ასევე აღნიშნა, რომ „რეგულაცია არასრულწლოვანთა დაცვისა და სიძულვილის ენის შესახებ აუდიოვიზუალური მედია სერვისების დირექტივის არსებითი ელემენტია, რომელთანაც საქართველო თანხვედრაში უნდა მოვიდეს“.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ აღნიშნა, რომ „სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხრიდან მოვისმინეთ მრავალი ავტორიტეტული აქტორის შეშფოთება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს მარეგულირებლის (კომუნიკაციების კომისიის) დამოუკიდებლობას“ და დასძინა, რომ ქართულ მხარესთან კონსულტაციების დროს, ევროკომისია ყოველთვის ხაზს უსვამდა მარეგულირებლის ეფექტურ დამოუკიდებლობაზე შემდგომი მუშაობის აუცილებლობას.

ევროკავშირის წარმომადგენლობა ასევე შეეხო ახალი კანონმდებლობის ცნებას „უხამსობის” შესახებ და განაცხადა, რომ „ეს დირექტივის ნაწილი არ არის“ და „არ არსებობს მისი რეგულირების საჭიროება დირექტივის მიხედვით“.

„ევროკომისია გააგრძელებს მაუწყებლობის შესახებ კანონის მჭიდრო მონიტორინგს და მზად იქნება საქართველოს გაუწიოს დახმარება“, – დასძინა წარმომადგენლობამ.

19 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებები მიიღო, რომლითაც კიდევ უფრო ფართოვდება კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება და მას მაუწყებლების პროგრამების შინაარსში ჩარევის უფლება ეძლევა. უფლებადამცველი ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს საქართველოში მედია ორგანიზაციების კონტროლისა და ცენზურის საფრთხეს ზრდის.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button