ახალი ამბები

ევროპარლამენტარები პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარუმატებელ მცდელობას ეხმიანებიან

საქართველოს პარლამენტში 18 ოქტომბერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წარუმატებელ მცდელობას ევროპარლამენტარების გამოხმაურებები მოყვა.

ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა დაწერა Twitter-ზე: „საღი აზრის გამარჯვება, საქართველოს კონსტიტუციის გამარჯვება, საქართველოს ევროპული მომავლის გამარჯვება“.

კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა: „დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო მედეგი აღმოჩნდა, ვიდრე ოლიგარქიული“. მან პრეზიდენტს მიულოცა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ დიდი ზიანი მიადგა საქართველოს რეპუტაციას. კრამონის თქმით, ახლა გაორმაგებული ძალისხმევაა საჭირო ზიანის გამოსასწორებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველო დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდეს.

იმავე დღეს, 18 ოქტომბერს, ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ, რასა იუკნევიჩიენემ, ანდრიუს კუბილიუსმა და მირიამ ლექსმანმა ერთობლივი წერილი გაავრცელეს.

„ჩვენ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს უფლებამოსილება საკუთარი ქვეყანა საგარეო ურთიერთობებში წარმოადგინოს. პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას, საქართველოს ევროპულ გზაზე მხარდაჭერის მობილიზების მცდელობაში. ყოველგვარი მკაფიო და რაციონალური დასაბუთების გარეშე, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, არ მიეცა ოფიციალური თანხმობა მიმდინარე წლის დასაწყისიდან პრეზიდენტის ვიზიტებზე 10 სხვადასხვა დედაქალაქსა და საერთაშორისო ინსტიტუტში, მათ შორის ევროპარლამენტში“.

ევროპარლამენტარების შეფასებით, მთავრობის ასეთი ქცევა არის „პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების აშკარა უზურპაცია“, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციური დემოკრატიის ევროპულ პრინციპებს.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით, საქართველოს მთავრობა და პარტია „ქართული ოცნება“ აჩვენებენ, რომ საკუთარი განცხადებების საპირისპიროდ, ისინი მხარს არ უჭერენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. მთავრობა და მმართველი პარტია საფრთხეს უქმნიან თავიანთი ქვეყნის შანსებს, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს და ამიტომ, თავად მათ მიმართ უნდა დადგეს უნდობლობის გამოცხადების საკითხი“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიციატივა არის „მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კარგად მომზადებული თავდასხმა სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ მისი ძლიერი პროევროპული პოზიციის გამო“.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button