skip to content
ახალი ამბები

TI საქართველო მოუწოდებს დეპუტატებს არ დაუჭირონ მხარი პრეზიდენტის იმპიჩმენტს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 18 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული იმპიჩმენტის პროცედურა „პირდაპირ აზიანებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს,  მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე ევროკომისიის ანგარიშის მოლოდინშია“.

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საზოგადოებისათვის, მათ შორის ევროპელი პარტნიორებისთვის ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები ქვეყნის ევროინტეგრაციის მიზანს ემსახურებოდა. „იმპიჩმენტის პროცედურა შესაძლოა ამ პროცესის საბოტაჟის მცდელობად იქნას აღქმული, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მმართველ ძალას მიტაცებული აქვს თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და მათზე სრულ კონტროლს ახორციელებს“.

TI საქართველო მოუწოდებს პარლამენტის წევრებს „იმოქმედონ ქვეყნის და ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად, მხარი არ დაუჭირონ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას და საფრთხე არ შეუქმნან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მიმდინარე პროცესს“.

12 სექტემბერს 80-მა დეპუტატმა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე საჩივარი შეიტანა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე ევროპაში ვიზიტების განხორციელებით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button