ახალი ამბები

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან დღემდე დანაშაულში 139 პირი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც 2022 წლის 1 მარტიდან გაზრდილი უფლებამოსილებით ამოქმედდა, განაცხადა, რომ დაარსებიდან დღემდე 139 პირი ამხილა და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 139 პირიდან, 62  – სამართალდამცავია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა. 65 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში იქნა მხილებული, 12 პირი კი  ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობის, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარდა, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებსაც იძიებს.

სამსახურის წინამორბედი – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა. თუმცა, 2022 წლის 1 მარტს, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორებისა და მაშინდელი სახალხო დამცველის კრიტიკის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ჩამოაყალიბა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button