ახალი ამბები

ირანის ელჩი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლას ითხოვს

ირანის ელჩმა საქართველოში, მაჰმუდ ადიბმა დაგმო საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისრაელის ელჩის, ჰადას მეიცადის გამოსვლა, საქართველოს ხელისუფლებას პალესტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და კომიტეტის სხდომაზე გამოსვლა მოითხოვა.

„კატეგორიულად ვგმობ სიონისტური რეჟიმის ელჩის მიერ საქართველოს პარლამენტში გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებს ირანის წინააღმდეგ. ირანი მხარს უჭერს პალესტინის უფლებებს, მაგრამ არ არის ჩართული მათ საპასუხო ქმედებებში, ვინაიდან ამ ქმედებებს თავად პალესტინელები განსაზღვრავენ“, – დაწერა ირანის ელჩმა Twitter-ზე 13 ოქტომბერს. მისი თქმით, ირანი ელის, რომ საქართველო, როგორც „ოკუპაციის ხანგრძლივი მოწინააღმდეგე, პალესტინელი ხალხის გვერდზე დადგება თავისუფლების, სამართლიანობისა და მათი მიწის ოკუპაციის დასრულების ძიების გზაზე“.

ირანის ელჩმა ასევე დაწერა, რომ „სამართლიანობისა და დიპლომატიური სულისკვეთებით“, მან პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს სთხოვა თანაბარი შესაძლებლობა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისთვის, ვინაიდან „აუცილებელია, განვმარტოთ ჩვენი პოზიცია ისრაელის რეჟიმის ელჩის მცდარი ბრალდებების შემდეგ“.  

საქართველოს პარლამენტმა ირანის ელჩს საჯაროდ არ უპასუხა.

ისრაელის ელჩს საქართველოში, ჰადას მეიცადს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე 12 ოქტომბერს მოუსმინეს. ჰადას მეიცადმა  „ჰამასის“ ტერორისტების მიერ 1300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლეების ტრაგიკულ დანაკარგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ჰამასის“ მიერ განხორციელებული ეს თავდასხმა მიმართულია ყველაფრის წინააღმდეგ, რისაც ისრაელს, საქართველოს, ამერიკასა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს სჯერა.

ისრაელის ელჩმა განაცხადა, რომ „ჰამასი“ ვერ შეძლებდა თავდასხმის განხორციელებას ირანის ფინანსური, ლოგისტიკური თუ სხვა სახის დახმარების გარეშე. მან ასევე განაცხადა, რომ „ჰამასის“ შესაძლებლობებსა და მათ გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button