დაწურულად

პოლონეთი გზაგასაყარზე: განახლებადი ბლოგი

შედეგები

15 ოქტომბერს პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამ დროისთვის ხმები სრულად დათვლილია. ისინი შემდეგნაირად ნაწილდება:

  • კანონი და სამართალი (PiS): 35.4% 
  • სამოქალაქო კოალიცია (KO): 30.7% 
  • მესამე გზა: 14.4%
  • მემარცხენეები: 8.6%
  • კონფედერაცია: 7.2%

ხმების დათვლა საარჩევნო უბნებზე 17 ოქტომბერს დამთავრდა. აღსანიშნავია, რომ საბოლოო მონაცემები არსებითად არ განსხვავდება ეგზიტპოლების პირველადი შედეგებისგან.

რას ნიშნავს ეს?

მმართველმა, კანონისა და სამართლის (PiS) პარტიამ ქვეყნის საკვანძო არჩევნებში პირველობა არ დათმო. დადასტურებულად, პოლონეთის 460-ადგილიან სეიმში PiS-მა მიიღო 194 მანდატი; KO-მ – 157; მესამე გზამ – 65; მემარცხენეებმა – 26; ხოლო კონფედერატებმა – 18.

კაჩინსკის პირველობის მიუხედავად, ოპოზიცია გამარჯვებას თავდაჯერებული ზეიმობს, რადგან იმედი აქვთ, რომ უმრავლესობისათვის საჭირო 231 მანდატს გვარიანად გადააბიჯებენ და 248 წარმომადგენელი მაინც ეყოლებათ სეიმში.

როგორც სამოქალაქო კოალიციის (KO) ლიდერმა, დონალდ ტუსკმა გამოაცხადა, “ბოროტების დროება დასრულდა, PiS-ის მმართველობა დასრულდა…ეს დღე პოლონეთის ისტორიაში ხელახლა დაბადების დღედ შემორჩება !”

პირველ ადგილზე გასულის დამარცხებულობა ნიშნავს, რომ კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის ბრძოლა გაგრძელდება. კაჩინსკის თქმით, “ბრძოლა და დაძაბული დღეები წინ გველოდება.”

კოალიციური მთავრობა – ახალი თავსატეხი

ახლა მთავარი სიტყვა იმ მომცრო პარტიებს ეთქმით, რომლებიც ან კაჩინსკის PiS-სთან, ან ტუსკის KO-სთან შექმნიან კოალიციას.

მოსალოდნელია, რომ მემარჯვენე-ცენტრისტული “მესამე გზა” თავისი 14.4%-ით და “მემარცხენეები” 8.6%-ით კოალიციას ტუსკთან შექმნიან. სწორედ ეს პარტიები – თუკი ამჟამინდელი მოლოდინები არ შეიცვლება – დაიბევებენ 248 მანდატს. 

ევროპა “პოლონეთის დაბრუნებას” ზეიმობს

“პოლონეთი დაბრუნდა,” “ევროპაში თამაშის წესები იცვლება,” “ევროკავშირში ძალაუფლება აღმოსავლეთით გადაიწევა,” – ევროპელმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც PiS-ის ნაკლებ დემოკრატიული მმართველობის მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი, საპარლამენტო არჩევნების შედეგებით კმაყოფილება არ დამალეს. მეტიც, მემარჯვენე პოპულიზმის მარცხი ზოგმა უნგრეთის თავკაცს, ვიქტორ ორბანსაც კი მიუსამძიმრა. 

ბევრს იმის რწმენაც დაუბრუნდა, რომ ოპოზიციის გამარჯვება პოლონეთის ბოლო წლების დემოკრატიულ უკუსვლას შეაჩერებს, რაც მათ შორის ადამიანთა უფლებებს: ქალების, LGBTQ+ თემის წევრებისა თუ უმცირესობათა – მდგომარეობას ქვეყანაში მნიშვნელოვნად გამოასწორებს. 

ისტორიული არჩევნები – ისტორიული ამომრჩეველი

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მოსახლეობის აქტიურობა – საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 72.9% გამოცხადდა, რაც პოლონეთის კომუნიზმისგან გათავისუფლების არჩევნებზე, 1989 წლის მაჩვენებელს აღემატება. სწორედ პოლონელების არნახულმა აქტიურობამ გაამარჯვებინა ოპოზიციას, რადგან PiS-ს წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვითაც და წინა არჩევნებიდან გამომდინარეც, 40%-ზე მეტი ხმის მიღების იმედი ვერ ექნებოდა.

თუმცა მოხდა ისე, რომ მოსახლეობის ჯგუფები, ვინც ადრე არჩევნებზე უხალისოდ მიდიოდა – განსაკუთრებით ახალგაზრდები – ამჯერად სახლში არ დარჩნენ და ამით, სავარაუდოდ, არჩევნების ბედიც განსაზღვრეს.

მსგავსი/Related

Back to top button