ახალი ამბები

ოპოზიციური პარტიები საჯარო მხილების ახალ პროექტს იწყებენ

პოლიტიკური პარტიები „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ 12 ოქტომბერს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან და მედიასთან ერთად ახალ პროექტს mona.ge იწყებენ, რომლის მიზანიც რუსეთის მსახურების საჯარო მხილებაა.

პროექტი მოიცავს ორენოვან ვებსაიტს და ფეისბუქის შესაბამის გვერდს, სადაც ინფორმაცია გამოვლენილ პირთა შესახებ ყოველდღიურად გამოქვეყნდება. გადაწყვეტილებას კონკრეტული პირების მხილების შესახებ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული სპეციალური საბჭო მიიღებს. ინფორმაცია ყოველკვირეული ბრიფინგების მეშვეობით გავრცელდება და ასევე მხილებული ადამიანების სია ყოველთვიურ რეჟიმში გადაეგზავნება საქართველოში აკრედიტებული დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსა და საემიგრაციო სამსახურებს.

ჟურნალისტებთან საუბრისას, „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ „რუსულ სისტემას სჭირდება სისტემატიური და სისტემური დაპირისპირება, არა მხოლოდ ერთჯერად ფაქტებზე ყვირილი, არამედ სისტემური მხილების მექანიზმის შექმნა და სწორედ ამ მხილების მექანიზმის შექმნაა mona.ge-ს საიტი“.

თავის მხრივ, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: „ყველას სახელსა და გვარს დავუტოვებთ შთამომავლობას და შევინახავთ უსასრულოდ და მომავალ თაობებს ეცოდინებათ, ვინ იყვნენ ქვეყნისთვის ამ კრიტიკულ მომენტში, როცა ჩვენ გვქონდა სერიოზული შანსი და გვაქვს ჯერ კიდევ, რომ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით წავიდეთ ევროპისკენ და ნატოსკენ, ვინ გვიშლიდა ხელს ამაში“.

Mona.ge-ს მიზანი

ვებგვერდი, რომელიც პროექტის ერთ-ერთ ელემენტს წარმოადგენს, იმ პირებს გამოავლენს, რომლებიც სხვადასხვა საქმიანობებში, მათ შორის თვალთვალში, საარჩევნო მანიპულირებში, დაშინებასა და ცრუ ჩვენების მიცემაში არიან ჩართულნი.

პროექტს სამი ძირითადი მიზანი აქვს:

1. დღეს საქართველოში არსებული რუსული რეჟიმის მონურ მორჩილებასა და სამსახურში მყოფთა მხილება და მათი ვინაობების გასაჯაროება

2. მხილებული ადამიანების ვინაობების შენახვა ციფრულ ფორმატში მომავალი თაობებისთვის როგორც ხალხის, რომლებიც ქვეყნის ისტორიის ამ მნიშვნელოვან და მძიმე პერიოდში, სხვადასხვა ფორმითა და ფუნქციით, იდგნენ რუსული რეჟიმის სამსახურში

3. ამ ადამიანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის დასავლეთის ქვეყნებში გაქცევისა და თავშესაფრის მიღებისთვის მაქსიმალურად ხელის შეშლა.

პროექტის სამიზნეები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც ბრძანებას გასცემენ ან მონაწილეობას იღებენ მშვიდობიანი, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ან რუსული გავლენის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავებაში, ყველა ვინც მონაწილეობას იღებს რუსული რეჟიმის პოლიტიკური ოპენენტების წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში, მოსამართლეები, რომლებიც ასრულებენ რუსული რეჟიმის დაკვეთებს, მოძალადე ჯგუფების ორგანიზატორები, დეზინფორმაციულ კამპანიებში ჩართული პირები, მედიის თანამშრომელი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ჩართულია ანტი-დასავლურ კამპანიაში ან ახალისებს ძალადობას პოლიტიკური ოპონენტების თუ საზოგადოებრივი ჯგუფების წინააღმდეგ, ,,ბიზნესის“ მფლობელები, რომლებიც კორუფციული გზებით იგებენ ტენდერებს და ფულის ნაწილს აბრუნებენ „ქართული ოცნების პარტიულ ყულაბაში“.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button