ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი გრანადაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრო

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით 5-6 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტს დაესწრო.

სამიტს 47 ევროპული ქვეყნის მეთაურები და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაში, სახელწოდებით „მულტილატერალიზმი უსაფრთხოებისა და გეოსტრატეგიული საკითხების ჩათვლით“ და შეხვედრები გამართა კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნებიდან. ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსაც შეხვდა.

ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროპულ გზაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ევროინტეგრაციის გზაზე „საქართველოს წარმატების და წლის ბოლოს ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა როგორც რეგიონალურ, ისე გლობალურ კონტექსტში“.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, რობერტ გალობს შეხვდა და საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების ყველა ეტაპზე სლოვენიის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. ღარიბაშვილმა რობერტ გალობს სლოვენიის რესპუბლიკის გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად არჩევა მიულოცა.

ანალოგიური გზავნილები გაკეთდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის შეხვედრაზე. ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის განხილვის შემდეგ, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს.

ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, პეტერი ორპოსთან შეხვედრაზე, ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ექნება ფინეთის „მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც დაეხმარება საქართველოს, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადავიდეს“. მხარეებმა ასევე განიხილეს, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი საქართველოსა და ფინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით. ირაკლი ღარიბაშვილმა პეტერი ორპოს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ნაყოფიერი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლაი დენკოვთან შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველო განიხილავს ბულგარეთს, როგორც მეგობარ ქვეყანას და საიმედო პარტნიორს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წლების განმავლობაში ვაჭრობა და ეკონომიკა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროდ რჩება, რადგან ბულგარეთი მუდმივად რჩება საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button