skip to content
მთავარი თემა

ფონ დერ ლაიენის მეორე ვადა?

ევროკომისია ახალი თავმჯდომარის მოლოდინში

2024 წელი ევროკავშირისათვის დატვირთული იქნება. ევროპარლამენტის არჩევას ახალი კომისიის და მისი თავმჯდომარის შერჩევა-დამტკიცება მოჰყვება. ევროპარლამენტის წინაშე მისი გამოსვლის შემდეგ, კიდევ უფრო გავრცელდა მოსაზრება, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით აპირებს დარჩენას.


გიორგი ქელბაქიანი “ევროპის მოამბის” მკვლევარია


რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

  • ევროკომისიის პრეზიდენტის როლი საკვანძოდ მნიშვნელოვანია ისეთ საკითხებში, მაგალითად როგორიცაა გაერთიანების პოლიტიკისა და კანონების ინიციირება, კომისიის საქმიანობის წარმართვა და ბრიუსელის სახელით გამოსვლა საერთაშორისო ასპარეზზე;
  • ურსულა ფონ დერ ლაიენის პირდაპირი კონტაქტი აქვს აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან და მისი მმართველობის განმავლობაში ევროკომისიის გეოპოლიტიკური როლი ვაშინგტონში სასაცილოდ აღარ ეჩვენებათ.
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი იყო მთავარი ფიგურა კოვიდ-19-ის პანდემიისა და უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთიანი ევროპული ძალისხმევის მობილიზების მიმართულებით. იგი ასევე დიდი მონდომებით ემხრობა კიევისათვის ევროპული მხარდაჭერის გაგრძელებისა და გაერთიანების დროული გაფართოების იდეებს;
  • ფონ დერ ლაიენის ხელახალმა არჩევა-არარჩევამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ევროკავშირის მწვანე პოლიტიკაზეც. უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, სწორედ ევროკომისიის პრეზიდენტის ბიძგითა და მხარდაჭერით დადეს წევრმა სახელმწიფოებმა ფიცი, რომ 2050 წლისათვის ევროპა კლიმატურად ნეიტრალური კონტინენტი გახდებოდა. უცნობია, რა მოხდება 2024 წლის შემდეგ, მით უმეტეს ულტრამემარჯვენეების მოძლიერების ფონზე;
  • 2019 წელს ფონ დერ ლაიენის შერჩევით ევროკავშირმა გადაუხვია ე.წ. Spitzenkandidaten პრინციპს, რომლის მიხედვითაც ევროკომისიის თავმჯდომარე გამარჯვებული პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი უნდა გამხდარიყო. გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების მეთაურებმა მიიღეს. მაშინ, როცა პარლამენტი მეტ უფლებას ითხოვს, 2024 წელს ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურა გვიჩვენებს, თუ რამდენად გაიზრდება არჩეული წარმომადგენლების როლი ევროკავშირში.

საიდან მოდის ევროკომისიის თავმჯდომარე?

ევროკომისიის თავმჯდომარე, ეროვნულ დონეზე მთავრობის მეთაურების დარად, ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ინიშნება. პრეზიდენტის კანდიდატურას კვალიფიციური უმრავლესობით წარადგენს სახელმწიფო და მთავრობის მეთაურებით დაკომპლექტებული ევროპული საბჭო, რომელიც ნებაყოფლობით უგდებს ყურს არჩევნების შედეგებს და ითვალისწინებს ახალ ევროპარლამენტართა ნებას. ეს იმიტომ ხდება, რომ სწორედ ევროპარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება ევროკომისიისა და მისი პრეზიდენტის საბოლოო აღსაყდრებას.

შესაბამისად, ევროკომისრებსა და მათ მეთაურს სასიცოცხლოდ სჭირდებათ როგორც ევროპარლამენტართა, ისე წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა.

ფონ დერ ლაიენის შანსები: ანალიზი

პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენის მომავლით დაინტერესებული საზოგადოება ყურადღებით ადევნებდა თვალს 13 სექტემბერს, ევროპარლამენტისადმი მოხსენების წარდგენას. მეტ-ნაკლებად ცხადია, რომ მისი გამოსვლის ფორმა და შინაარსი, წარსული საქმეებით თავმოწონება და სამომავლო შემართება მიუთითებს, რომ ფონ დერ ლაიენი პოლიტიკური სცენიდან წასვლას არ აპირებს.

პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი ნამდვილად წარმატებით უძღვება “გეოპოლიტიკურ” ევროკავშირს და თამამი პოლიტიკური ნაბიჯების მიუხედავად, მაინც ინარჩუნებს გავლენიან მხარდამჭერებსა და მოკავშირეებს გაერთიანების მმართველ რგოლებში.

სამშობლოს მხარდაჭერა

ხელახლა არჩევისათვის ფონ დერ ლაიენს აუცილებლად დასჭირდება საკუთარი სამშობლოს, გერმანიის მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლისაგან განსხვავებით, ახლა კანცლერის სავარძელში სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი ზის, ქრისტიან-დემოკრატ ფონ დერ ლაიენს ჩანს, შეუძლია ოფიციალური ბერლინის იმედი ჰქონდეს.

გერმანიას ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი თანამემამულის ხილვა სურს და ფონ დერ ლაიენი, გერმანულ პოლიტიკაში მისი გამოცდილების დამსახურებით, ნამდვილად სასურველი კანდიდატია. სოციალ-დემოკრატების მხარდაჭერა მოქმედი პრეზიდენტის მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დადგეს ეჭვქვეშ, თუ მემარცხენე-ცენტრისტული ძალები განსაკუთრებით გამოიჩენენ თავს მომავალი წლის ევროპარლამენტის არჩევნებში, რისი პირიც ჯერჯერობით არ უჩანთ.

ევროპის სახალხო პარტია

რაც უნდა პარადოქსულად ჩანდეს, აქამდე ფონ დერ ლაიენის სამომავლო შანსებს ყველაზე კრიტიკულად მისი პოლიტიკური ოჯახი, ევროპის სახალხო პარტია (EPP) უცქერდა. ალიანსის ლიდერი, ასევე გერმანელ მანფრედ ვებერს ვერ მოუნელებია, რომ 2019 წელს ის – მაშინ გამარჯვებული პარტიის ლიდერი – გზიდან ფონ დერ ლაიენის სასარგებლოდ ჩამოიცილეს. ვებერმა შესაძლო კანდიდატად ევროპარლამენტის ახლანდელი ხელმძღვანელი, რობერტა მეცოლაც კი ახსენა.

მეორე მხრივ, გერმანელი ქრისტიან-დემოკრატები ღიად უჭერენ მხარს ფონ დერ ლაიენის ხელახალ პრეზიდენტობას, რაც მიანიშნებს, რომ ვებერის მაქინაციებისდა მიუხედავად ძირითადად მსგავსი განწყობა სუფევს ევროპის სახალხო პარტიაშიც (EPP).

აქამდე მთავარ პოლიტიკურ პრობლემად კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით EPP-ს და ფონ დერ ლაიენის აზრთა სხვადასხვაობა რჩებოდა, თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტმა 13 სექტემბრის უკვე ნახსენებ სიტყვაში სიტუაციის განმუხტვა სცადა. ფონ დერ ლაიენმა პარლამენტის წინაშე დადო პირობა, რომ ევროკომისია ევროპულ ბიზნესს მხარს დაუჭერს მწვანე პოლიტიკის განხორციელებისას.

შესაძლოა, ამ გზით მან არამხოლოდ ბიზნეს წრეების გულის მოგება სცადა, არამედ მოწინააღმდეგე მემარჯვენეებს მისი პოტენციური კანდიდატურის საწინააღმდეგო არგუმენტიც გამოაცალა ხელიდან. ჩანს, 2019 წელს ურსულა ფონ დერ ლაიენის წარუმატებელ ალტერნატივას, EPP-ს ლიდერ მანფრედ ვებერს ან მის ხელდასხმულ მეცოლას არც 2024 წელს უწერია კომისიის პრეზიდენტობა.

რას ფიქრობენ სხვები?

ცხადია, კანდიდატურის წამოყენების შემთხვევაში, ფონ დერ ლაიენს სხვა დიდი ევროპული სახელმწიფოებისა და შესაძლოა, პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერაც დასჭირდება. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება პრეზიდენტის განცხადება, რომ კომისია ევროპაში შემოსული ჩინური ელექტრო მანქანების სუბსიდირების შესახებ გამოძიებას დაიწყებს. ჩანს, ფონ დერ ლაიენი დაჰყვა საფრანგეთის დაჟინებულ მოთხოვნას და იერიში მიიტანა ჩინეთზე, რომელსაც პარიზი არაკეთილსინდისიერ სავაჭრო პრაქტიკაში ადანაშაულებს. ემანუელ მაკრონის გულის მოგება აუცილებელია გაერთიანების უმაღლესი თანამდებობის დაკავებისათვის.

მეორე მხრივ, 13 სექტემბერს მიგრაციის პოლიტიკის რეგულირებისა და მწვანე შეთანხმების მიმართულებით გაკეთებული განცხადებებით ევროკომისიის პრეზიდენტმა ესპანელი სოციალისტების გასახარი ნაბიჯიც გადადგა, რითაც შესაძლოა ნიადაგს იმზადებდეს ესპანეთის პრემიერის, პედრო სანჩესისათვის დახმარების სათხოვნელად.

ამ ყველაფრის ფონზე, განსაკუთრებით აღსანიშნავია ურსულა ფონ დერ ლაიენის დიპლომატია მისდამი არცთუ მეგობრულად განწყობილი სახელმწიფოების მიმართაც. პრეზიდენტმა პირდაპირ არ გააკრიტიკა პოლონეთი და უნგრეთი ადამიანის უფლებების მიმართულებით ამ სახელმწიფოებში არსებული მდგომარეობის გამო. არადა, ევროკომისიისა და ამ ორი ქვეყნის დაპირისპირებამ ფონ დერ ლაიენის პრეზიდენტობის პერიოდში მიაღწია პიკს და ყველასათვის ცნობილია, რომ ვარშავასა და ბუდაპეშტს იგი დიდად გულზე არ ეხატებათ.

თუმცა, ერთია პრეზიდენტის მცდელობა, და მეორე მისი დიპლომატიის გავლენა ვიქტორ ორბანსა და პოლონეთის მმართველ პარტიაზე. მიუხედავად მოზომილი და დიპლომატიური რიტორიკისა, პოლონეთის, უნგრეთის ან თუნდაც იტალიის მხარდაჭერა ფონ დერ ლაიენს ნამდვილად არა აქვს გარანტირებული და ჯერჯერობით არ არის ცხადი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

იქნებ სულაც ნატო…

მართალია, ჯერჯერობით ფონ დერ ლაიენის მომავალი საზოგადოებისათვის ბუნდოვანია, თუმცა ერთი რამ უკვე ვიცით, რომ დასავლეთს გამოცდილი პოლიტიკოსისა და უაღრესად მშრომელი ადმინისტრატორის სახლში გაშვების ფუფუნება არა აქვს და არც სურს.

რამდენიმე თვის წინ ხმა გავარდა, ევროკომისიის პრეზიდენტი შესაძლოა ბრიუსელის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გადაბარგდეს, ნატოს თავმჯდომარის სავარძელში გადაჯდესო. მედია იმასაც იუწყებოდა, თეთრი სახლი დაჟინებით ცდილობს ფონ დერ ლაიენისთვის ალიანსის ჩაბარებას და არც ემანუელ მაკრონი და გერმანია არიან წინააღმდეგიო.

თუმცა ამ საუბრებს თითქოს ბოლო თავად ფონ დერ ლაიენმა მოუღო, როდესაც განაცხადა, რომ დიდი პატივისცემით მიუხედავად, ნატოში მუშაობას არ ვეშურები და ჩემი ადგილი ევროპაშიაო. სურვილი სურვილად, მაგრამ თუკი ევროკავშირის კულუარებში მისთვის ვითარება აირია, ნატო სათადარიგო ვარიანტად შეიძლება კვლავაც დარჩეს.

რას უნდა ველოდეთ?

საარჩევნო განრიგი ფონ დერ ლაიენს აიძულებს, მსოფლიოს საკუთარი გადაწყვეტილება ამცნოს. იმ შემთხვევაში, თუ იგი დარჩენას გადაწყვეტს, დიდი შანსია, რომ საჭირო მხარდაჭერასაც მიიღებს. ამის მიუხედავად, გარანტირებული არაფერია და ცხადია, მომავალი წლის ევროპარლამენტის არჩევნებს შესაძლოა ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვეს, რაც ურსულა ფონ დერ ლაიენის თანამდებობაზე დარჩენას გაართულებს.

არც ისაა არის გამორიცხული, რიგმა ქვეყნებმა ფონ დერ ლაიენის ხელახალი წარდგენა არადემოკრატიულად ჩათვალონ და ევროპელებთან პირდაპირი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მოტივით, ევროკომისიის პრეზიდენტად რომელიმე ევროპული პოლიტიკური ჯგუფის ლიდერის ხილვა ისურვონ და თავისიც გაიტანონ.

ერთი რამ ცხადია, ფონ დერ ლაიენი ევროპული პოლიტიკისგან განშორებას ჯერ არგეგმავს და მისი საარაკო შრომისმოყვარეობის იმედი კვლავაც შეიძლება გვქონდეს.

მსგავსი/Related

Back to top button