რუსულ-თურქული შეუთანხმებლობა
ფაქტიურად უშედეგოდ დასრულდა სოჭში გამართული რუსულ-თურქული მოლაპარაკებები. ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვერც “მარცვლეულის გარიგების” განახლებაზე შეთანხმდნენ და ვერც უკრაინის კონფლიქტის მოგვარების თემაზე. რუსეთის პრეზიდენტი “მარცვლეულის გარიგების” ხელახლა ამოქმედების სანაცვლოდ, რუსულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს. სამსაათიანი მოლაპარაკებებით გათანგულ ერდოღანს კი უთქვამს – მარცვლეულის ექსპორტის საქმეზე კიდევ შეიძლება რაიმე გამოვიდეს, მაგრამ უკრაინაში ომის დასრულებას ჯერ არაფერი მოასწავებსო. თურქეთის რთული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ეს პუტინი-ერდოღანის პირველი შეხვედრა იყო.
აკრძალული რუსული იმპორტი
გასულ კვირას, ევროკომისიამ გამოსცა რუსულ იმპორტზე დაწესებულ სანქციების განმარტებითი რეკომენდაციები, რომლის თანახმადაც, რუსეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ დაახლოებით 150 სახეობის საქონლის შეტანა ევროკავშირში, მათ შორის ისეთი პროდუქციის, როგორიც არის – პირადი ავტომანქანა, მობილური ტელეფონი, ნოუთბუქი, კოსმეტიკა თუ პირადი ჰიგიენის საშუალებები. ამ რეკომენდაციის დარღვევის შემთხვევაში, ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანას უფლება აქვს რუსეთის მოქალაქეს ჩამოართვას პირადი ავტომანქანა თუ სხვა ნივთი. მართალია, ევროკომისიის რეკომენდაციებს სავალდებულო იურიდიული ძალა არ აქვთ, თუმცა ზოგიერთი ევროკავშირის სახელმწიფომ უკვე თქვა – პერსონალური კომპიუტერებისა და ტელეფონების ჩამორთმევა ნამვილად უხერხული იქნება, მაგრამ რუსული მანქანებით შემოსვლას სიამოვნებით ავკრძალავთო. მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ რუსებს წინ უსიამოვნო შემოდგომა და ზამთარი ელით.
“მედეგი მცველი 2024″
მომავალი წლის თებერვალ-მარტში, ნატო მსხვილი სამხედრო სწავლების ჩატარებას გეგმავს. სამხედრო სწავლება სახელწოდებით – “მედეგი მცველი” გერმანიის, პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფოს 41 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. ამის გარდა, სამხედრო სწავლებაში ჩაერთვება 50-ზე მეტი სამხედრო-საზღვაო ხომალდი, ასევე დაგეგმილია 500-ზე მეტი საბრძოლო-საჰაერო მისიის შესრულებაც. ამბობენ, რომ ცივი ომის შემდეგ, ეს ნატო-ს ყველაზე მსხვილი სამხედრო სწავლება იქნება, რომელმაც ალიანსის ძალები რუსული შეტევის/შემოჭრის მოგერიებისთვის უნდა მოამზადოს. შესაბამისად, “მედეგი მცველის”, როგორც პირობითი, ისე რეალური მოწინააღმდეგე რუსეთი იქნება.
ძერჟინსკის მზერა
1991 წელს “ლუბიანკას” მოედნიდან დემონტირებული პირველი “ჩეკისტის” ფელიკს ძერჟინსკის ქანდაკების შემცირებული ასლი 2023 წელს, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის შტაბ-ბინის ტერიტორიაზე აღმართეს. ქანდაკების გახსნაზე, რუსული საგარეო დაზვერვის სამსახურის შეფს უთქვამს – ამ ფელიკსსაც მზერა სწორედ ჩრდილო-დასავლეთისკენ აქვს მიპყრობილი, სადაც პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები მდებარეობს და საიდანაც დღემდე საფრთხის მეტი არაფერი მოდისო. მოკლედ, პირველი “ჩეკისტი” კვლავ მოსკოვში დაბრუნდა და თურმე ისევ ჩრდილო-დასავლეთს გასცქერის. ალბათ, ძერჟინსკისთვის ჯერ არ უთქვამთ, რომ სამხრეთ-დასავლეთში რუსეთის “ჩეკისტური” ინტერესები ცეცხლის ალშია გახვეული, თორე ნამდვილად სხვა მიმართულებით მიმართავდა თავის გამჭოლ მზერას.
ცუდი მეზობელი მტერზე უარესიაო
ძერჟინსკის “ჩეკისტურ” მზერას გულხელდაკრეფილი არც ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი უცქერენ – ესტონეთისა და ლატვიის თავდაცვის მინისტრები გერმანელ კოლეგას ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის IRIS-T შეძენაზე შეუთანხმდნენ. ამ სამხედრო შესყიდვის შემდეგ, გერმანია ესტონეთის ყველაზე მსხვილი სამხედრო პარტნიორი გახდება და აშშ-ს ჩაანაცვლებს. დამოუკიდებელი ლატვიის ისტორიაში კი, ეს ყველაზე დიდი სამხედრო შენაძენი იქნება. ამასობაში, რუსეთის კიდევ ერთი მეზობელი პოლონეთი აშშ-ს 500 ერთეული სარაკეტო კომპლექსის “HIMARS” შეძენაზე გაურიგდა. ოფიციალური ვარშავას განუზრახავს, რომ რამდენიმე წელიწადში ევროპაში ყველაზე ძლიერი და კარგად აღჭურვილი შეირაღებული ძალები ჰყავდეს.
ბერბორკის მეოთხე სტუმრობა კიივში
კიივში გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანნალენა ბერბოკი, რომელმაც უკრაინა სამხედრო-პოლიტიკურად გაამხნევა და დამატებით 20 მილიონი ევროს დახმარებას დაპირდა. ეს ანალენას უკვე რიგით მეოთხე ვიზიტია რუსული ბალისტიკური რაკეტების სამიზნედ ქცეულ კიივში. მართალია, ჯერჯერობით ოფიციალური ბერლინი კიივისთვის “Taurus” გრძელი წვდომის რაკეტების გადაცემაზე თავს იკავებს, მაგრამ გერმანიის ხელისუფლებამ უკრაინისთვის კიდევ 40 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 100 ერთეული Mercedes-Benz-ის მაღალი გამავლობის სპეციალური სატვირთო მანქანა შეიძინა, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის მოგერიებაში უნდა წაეხმაროს. გერმანიამ უკრაინას საერთო ჯამში 22 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება აღმოუჩინა და აშშ-ს შემდეგ, უკრაინის ყველაზე მსხვილ დონორად ითვლება.
დაძაბულობა სამეზობლოში
საქმეს დენთის სუნი აუვიდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, თუმცა თითქოს ვაშინგტონმა მოახერხა ბოლო წამში ვითარების განმუხტვა. იქაური ამბების შესახებ დეტალური სტატია მოგიმზადეთ, როგორც ჩვენი გვერდის მთავარი თემა: