ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი: არსად არ მივდივარ

7 სექტემბერს საღამოს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მისი იმპიჩმენტის თაობაზე „ქართული ოცნების“ გეგმების საპასუხოდ, განაცხადა, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

ორბელიანების სასახლის ფონზე გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტმა განაცხადა: „დღეს მინდა, მოგმართოთ თქვენ, საქართველოს საზოგადოებავ, რადგან მე მხოლოდ თქვენ წინაშე ვარ ანგარიშვალდებული. ვარ ანგარიშვალდებული, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და მე ამ არჩევანის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას“.

„მე ვიცი, რომ თქვენ ამირჩიეთ იმისთვის, რაც მე ვარ, რაც ვიყავი მთელი ცხოვრება, ანუ ევროპის მომხრე, საქართველოს ევროპული მომავლის მომხრე, ნაწილობრივ ევროპელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. „მე ვიცი, თქვენ როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, როგორი მომავალი უნდა მომავალ თაობას, ახლაგაზრდებს“.

მან აღნიშნა, რომ ყველა ის პრობლემა, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას, იქნება ეს კორუფცია, ადამიანების გადინება ქვეყნიდან, რუსების „სრულიად უკონტროლო შემოსვლა ამ ქვეყანაში“ ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვარდება მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება. „ეს არის ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„ამიტომ, მე არსად არ მივდივარ, ჩემი რაღაცა გადადაგომაზე ოცნება, მე მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ მე  ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება, რამეთუ მე ეს ფიცი დავდე იმ დღეს, როცა იყო ჩემი ინაუგურაცია, როგორც საქართველოს პრეზიდენტის და ვიქნები ბოლომდე ამ ფიცის ერთგული“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ კონსტიტუცია ავალდებულებს ყველა ქართულ ინსტიტუტს, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში. „მე ეს მიმაჩნია როგორც ჩემი უმაღლესი და უპირველესი ვალდებულება“.

ზურაბიშვილის თქმით, იგი განაგრძობს ვიზიტებს ევროპულ დედაქალაქებში და იგი ამაყია, რომ ამას საკუთარი სახსრებით აკეთებს. თუმცა „სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი, იმიტომ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს თავის სახსრებით ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ განაგრძობს ვიზიტებს, რათა საქართველოს მოქალაქეების ხმა და მისწრაფებები ევროპელებს მიაწვდინოს.

პრეზიდენტის თქმით, მის მიმართ ნდობა არის პირველ რიგში ქართველი ხალხის მიმართ ნდობა. „თქვენ რომ არ გამოსულიყავით და არ გეჩვენებინათ მთელი ევროპისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს პერსპექტივა, მაშინ ალბათ მეც არ მექნებოდა ასეთი ნდობა“, – განაცხადა მან.

თავისი გამოსვლის ბოლოს პრეზიდენტმა განაცხადა: „ყველამ იცის, რომ საქართველო არასდროს რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება, ეს არის ის, რაც ჩვენ გავქვს ერთად დასაცავი“. „ეს იქნება ჩვენი, ერთიანი, მუდმივი სვლა, სანამ ჩვენ არ გავალთ ფონს და არ მივალთ იქ, სადაც არის საქართველოს ადგილი. ამაში მე ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ვართ და თუ ხელისუფლება ამას გაიგებს და შეეგუება, ეს იქნება ძალიან კარგი. თუ არადა, ალბათ, მისი მომავალიც ამაზე არის დამოკიდებული. მე თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი იმედი გქონდეთ, ერთად წავალთ და გავალთ ბოლოს“, – დასძინა პრეზიდენტმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button