ანგარიში აფასებს ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის მიყენებულ ზიანს
ანგარიშის მიხედვით, რომელიც ეხება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აღსრულებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებით, რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობას ზიანი მიადგა ყველა ასპექტში (მოძრავი, უძრავი და არამატერიალური).
ანგარიშში, რომელიც ერთობლივად მომზადდა ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის (GNCBS), კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში იუნესკოს თავმჯდომარის და ნიუკასლის უნივერსიტეტის მიერ, შეფასებულია 737 კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. აქედან, ნაწილის შეფასება სატელიტური სურათების არარსებობის გამო მხოლოდ თვითმხილველების და მედიის ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხერხდა.
737-დან მხოლოდ 36 ობიექტი არის კარგ მდგომარეობაში, ხოლო ობიექტების თითქმის 20% (1/5), რომლებზეც ხელმისაწვდომია ინფორმაცია, განადგურებულია.
ანგარიში ადასტურებს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის Human Rights Watch-ის ადრინდელ დასკვნებს, რომლებიც მიუთითებენ, საოკუპაციო და სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში ეთნიკურ წმენდაზე.
საომარი მოქმედებების დროს და მის შემდეგ დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უმეტესობა მუზეუმები და რელიგიური შენობებია. უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებების უმეტესი ნაწილი მდ. დიდი ლიახვისა და მდ. პატარა ლიახვის ხეობებში მოხდა. დანგრეული სოფლების ნაწილი ახლა სამხედრო პოლიგონად გამოიყენება.
კულტურული მემკვიდრეობის ორი ობიექტი სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობის შედეგად იქნა განადგურებული, 38 მათგანი სამხედრო ბაზიდან 500 მეტრშია, ხოლო 62 – ერთ კილომეტრში. თვითმხილველების თქმით, სამხედრო წვრთნები კიდევ 7 ობიექტზე მიმდინარეობს, რომლებიც სხვადასხვა სამხედრო ბაზებიდან 1 კმ-ზე ოდნავ დაშორებით მდებარეობს.
ციხესიმაგრეების, ეკლესიებისა და რელიგიური ნაგებობების დაახლოებით მეოთხედი დაზიანდა უყურადღებობისა და მოვლის ნაკლებობის გამო.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ექვსი მუზეუმიდან ერთი დაიხურა 1990-იან წლებში, ხოლო მისი კოლექცია კი ევაკუირებულ იქნა; კიდევ ორი დაზიანდა ბრძოლების დროს. ერთ-ერთი მათგანი კვლავ დაზიანდა 2004 წელს, როდესაც ის ოსი სეპარატისტების არტილერიის სამიზნე გახდა (ზოგიერთი კედელი და სახურავი ჩამოინგრა). 2008 წელს საბრძოლო მოქმედებების დროს ოთხი მუზეუმი სერიოზულად დაზიანდა ან განადგურდა (მათ შორის, 1990-იან და 2004 წლებში დაზიანებული მუზეუმები).
მოძრავ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული კიდევ ერთი გამოწვევაა ე.წ. „შავი არქეოლოგია“, რომელიც მოიცავს უკანონო გათხრებს, ძარცვას და უკანონო ტრაფიკინგს.
დეზინფორმაციული კამპანიები ასევე განიხილება, როგორც კრიტიკული საფრთხე. ეს მოიცავს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ტოპონიმების შეცვლას, რელიგიური ნარატივების შეცვლას და ალტერნატიული ისტორიების დამკვიდრებას სტატიებისა და წიგნების გამოქვეყნების მეშვეობით, რომლებშიც რეგიონის საქართველოსთან კავშირი არ იკითხება. ყოველივე აღნიშნული კიდევ უფრო მძიმდება იმ ფაქტით, რომ ბევრ ეთნიკურ ქართველს, განსაკუთრებით ახალგორში, არ აქვს მშობლიურ ენაზე რესურსებზე წვდომა.
აღსანიშნავია, რომ ზიანი მიყენებული იყო არა მხოლოდ საომარი მოქმედებების პერიოდში, არამედ მათ შემდგომაც და დღემდე გრძელდება. მიმდინარეობს ობიექტების ისტორიულ სტრუქტურაში უკანონო ჩარევა, მათ მახლობლად სამხედრო ნაგებობების და სხვა ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ზოგადი უყურადღებობა.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნელი ეროზია დანაკარგების უფრო ფართო პროცესის ნაწილია. იმ ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებიც ფლობდნენ და იყენებდნენ ამ მემკვიდრეობას ღრმად იმოქმედა კონფლიქტმა და არა მხოლოდ მათი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილების თვალსაზრისით. მათ არა მხოლოდ დაკარგეს წვდომა ამ კულტურული მემკვიდრეობის ადგილებზე, არამედ დაირღვა მათი ტრადიციები, წეს-ჩვეულებები და ცხოვრების წესი, რომლებიც გადაეცემა თაობიდან თაობას და რომლებსაც დაკარგვა ემუქრება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო აქტორების საქმიანობა ამ კუთხით ყველა დონეზე შეფერხებულია ოკუპირებულ რეგიონში წვდომის არარსებობის და გართულებული მონიტორინგის გამო.
ანგარიში იძლევა რეკომენდაციებს. მათ შორის:
კონფლიქტის ყველა მხარეს: პატივი სცენ და დაიცვან საერთაშორისო სამართალი, ასევე გადადგან ყველა შესაძლო ნაბიჯი საერთაშორისო ნორმების შიდა კანონმდებლობაში ასახვის მიზნით.
საქართველოს მთავრობას:
- პოტენციური გენერალური კომისრების იდენტიფიცირება: იუნესკოსთვის იმ ადამიანების სიის მიწოდება, რომლებსაც შეუძლიათ შეასრულონ კულტურული მემკვიდრეობის გენერალური კომისრის ფუნქცია;
- გენერალური კომისრების დანიშვნა: კონფლიქტის მონაწილე თითოეულმა მხარემ დანიშნოს გენერალური კომისარი კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში;
- კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში ეროვნული წარმომადგენლის დანიშვნა;
- სპეციალური დაცვა: ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე არსებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლების იდენტიფიცირება, მათი სპეციალური დაცვის უზრუნველსაყოფად;
- გაეროს ფორუმის გამოყენება ჰააგის კონვენციის განხორციელების ხელშეწყობისთვის;
- უკანონო ტრეფიკინგის პრევენცია (იგულისხმება ინფორმაციის გაზიარების გაუმჯობესება);
- ეროვნული კანონმდებლობის გაუმჯობესება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)