სალომე ზურაბიშვილი: „ევროკავშირი ვერ დაუშვებს საქართველოს დაკარგვას“
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 ივნისს CNN-თან ინტერვიუში ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებებზე, რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო მოვლენებსა და საქართველოში რუსეთის რბილ ძალაზე ისაუბრა.
ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მართალია ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ გზები „პარალელურად“ მიდის, ევროკავშირი ამჟამად უფრო ახლოს ჩანს, ვინაიდან უკრაინაში რუსეთის ომმა გაფართოების პროცესი დააჩქარა.
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს გამიზნული აქვს წლის ბოლოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირის პერსპექტივის მიღების შემდეგ.
პრეზიდენტის თქმით, „ევროკავშირი ვერ დაუშვებს საქართველოს დაკარგვას“, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე რეფორმები შესაძლოა სრულად არ აკმაყოფილებდეს ევროკავშირის მოთხოვნებს. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს შეუძლია კონსტრუქციული უკუკავშირი და დამატებითი რეკომენდაციები წარუდგინოს საქართველოს შესასრულებლად მას შემდეგ, რაც ის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
რუსეთი, უკრაინა
ზურაბიშვილის თქმით, იგი გაოცდა თუ რამდენად მარტივად განვითარდა ცოტა ხნის წინ „ვაგნერის“ დაჯგუფების ამბოხი რუსეთში. მას უცნაურად მოეჩვენა, რომ ევგენი პრიგოჟინი ენდო პუტინის დაპირებას უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე იმის გათვალისწინებით, თუ ისტორიულად როგორ ეპყრობოდნენ მეამბოხეებსა და სამხედრო ტყვეებს რუსეთში. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „როდესაც ან მეამბოხე ხარ, ან სამხედრო ტყვე, ამას არასდროს გპატიობენ“.
სალომე ზურაბიშვილმა ეჭვები გამოთქვა, რომ ბელარუსის პრეზიდენტს შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა იმ ფონზე, როდესაც „მას თავად ბელარუსის დამოუკიდებლობის დაცვა არ შეუძლია რუსეთისგან“.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთის გეგმები უკრაინაში მუდმივად წარუმატებლობას განიცდის, რასაც მოყვა დისკუსიები ევროპისა და ნატოს ერთობის, ასევე ევროკავშირის გაფართოების შესახებ, რაც, მისი თქმით, რუსეთისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ნატოს დისკუსიებში უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „უკრაინის ნებისმიერი წინსვლა საბოლოოდ საქართველოს გამოადგება“.
რაც შეეხება საქართველოში რუსეთიდან გამოქცეულ მოქალაქეებს, ზურაბიშვილმა რუსეთის მიერ რბილი ძალის ტაქტიკის გამოყენებასთან ასოცირებულ პოტენციურ რისკებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საჭიროა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინების კონტროლი, რათა ეს არ გახდეს რუსეთის ჩარევის საბაბი.
ასევე წაიკითხეთ:
- 03/06/2023 – სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ ტელეარხებს ესაუბრა
- 10/03/2023 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი Bloomberg-ს ესაუბრა
- 09/03/2023 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი CNN-თან საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)