skip to content
ახალი ამბები

შვეიცარია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან რუსული პასპორტების მფლობელებს შენგენის ვიზებს უზღუდავს

შვეიცარიამ განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლები ვერ მიიღებენ შენგენის ვიზას და ვერც შენგენის ზონის საზღვრებს გადაკვეთენ რუსეთის ხელისუფლების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტებით. ამის თაობაზე SchengenVisaInfo.com იტყობინება.

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს 16 აგვისტოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის 2008 წლის 26 აგვისტოს შემდეგ გაცემული პასპორტები, პირადობის მოწმობები და ნებართვები არ იქნება აღიარებული შენგენის ვიზის გასაცემად.

„რუსეთმა განაცხადა 2008 წლის აგვისტოში, რომ მან ოფიციალურად აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. იგივე ძალიან ცოტა ქვეყანამ გააკეთა. შვეიცარია ამ რეგიონებს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს“, – აღნიშნა ფედერალურმა საბჭომ.

შვეიცარიამ ასევე განმარტა, რომ მიუხედავად შემოღებული შეზღუდვებისა, ის მაინც გასცემს ვიზებს კონკრეტული მიზნებისთვის, როგორიცაა ჰუმანიტარული შემთხვევები, პირთათვის უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან.   

2022 წლის დეკემბერში ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება არ მიიღოს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტები და სხვა სამოგზაურო დოკუმენტები. გადაწყვეტილების თანახმად, „რუსეთის ფედერაციის სამგზავრო დოკუმენტები (რუსული სამგზავრო დოკუმენტები)“, რომლებიც გაიცა ანექსირებულ ყირიმში და დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე „საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც არ არის საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ“, არ არის აღიარებული „ან არაღიარების პროცესშია წევრი სახელმწიფოების, ასევე ისლანდიის, ნორვეგიის, შვეიცარიის და ლიხტენშტაინის მიერ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button