ახალი ამბები

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა

“გაუმართლებელმა დაპირისპირებამ ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი მოქალაქის – ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა” განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 31-ე წლისთავთან დაკავშირებით და პატივი მიაგო ომში დაღუპულთა ხსოვნას.

“ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები – ჩვენი ძირძველი მიწების დროებითი ოკუპაცია, ასეულობით ათასი ადამიანის დევნილობა საკუთარ სამშობლოში, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობა – კვლავ რჩება ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად, რომელზე პასუხიც მხოლოდ მშვიდობის განუხრელი დაცვით, ნდობის აღდგენით, ქვეყნის საერთო და საყოველთაო განვითარებითაა შესაძლებელი” ხაზი გაუსვა პრემიერმა.

მისი თქმით აფხაზებთან და ოსებთან ერთად მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფოს შენება საუკეთესო პერსპექტივას და საერთო საქმეს წარმოადგენს.”ღრმად მწამს, რომ გონივრული, ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვახორციელებთ, თანამიმდევრულად გვაახლოებს ამ მიზანთან” დასძინა მან. 

“31 წელია, რაც ქართულ სახელმწიფოს მოწყვეტილი აქვს თავისი ძირძველი მიწა. საქართველო აგრძელებს ბრძოლას საკუთარი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, თავისუფლებისა და წინსვლისთვის, ვაგრძელებთ განვითარებას, რათა მალე მივაღწიოთ სანუკვარ მიზანს – აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად ვაშენოთ ერთიანი ძლიერი საქართველო” წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით ეს არის ათასობით ადამიანის პირადი ტრაგედია, და “უმძიმესი რეალობა”, რომელსაც ვერასდროს შევეგუებით.

“მშვიდობით, სიყვარულით და პატიებით შევძლოთ ჩვენი სამშობლოსთვის იარების მოშუშება, ერთად სიარული და ერთად შენება, კვლავინდებურად ლაღი და ღირსეული თანაცხოვრება. ეს არის დღეს ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა” განაცხადა მან.

მისი თქმით, ჩვენი ვალია, ტრაგიკული ფურცელი გადავფურცლოთ, რათა მომავალ თაობებს აფხაზეთის ხსენებისას ტკივილის ნაცვლად გამარჯვებისა და აღმშენებლობის სიხარული ეუფლებოდეს და რომ 14 აგვისტო უნდა იქცეს “ჭკუის სასწავლებელ ფურცლად”.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

“საკმარისი დრო გავიდა იმისათვის, რომ დევნილმა საზოგადოებამ შეაფასოს და გაანალიზოს ბოლო 31 წლის მანძილზე მიმდინარე მოვლენები. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი საზოგადოების გაერთიანების მიზნით სრულყოფილად ჩავერთოთ მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესში.

მჯერა, რომ ჩვენ აფხაზ და ოს მეგობრებთან ერთად – ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ნდობის აღდგენას, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ თანაცხოვრებასა და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული მომავლის მშენებლობას.“- განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

საქართველოს მთავრობამ სამხედრო ძალები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1992 წლის 14 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის დაცვის მოტივით, გაგზავნა. თუმცა, სამთავრობო ძალებს 1993 წლის სექტემბერში რეგიონიდან გამოსვლა მოუხდათ. არსებული ინფორმაციით, 13-თვიანი შეიარაღებული კონფლიქტის დროს 12 000 ადამიანი დაიღუპა.

აფხაზეთის ომი მიმდინარეობდა 1992-1993 წლებში ერთი მხრივ, საქართველოს  ჯარებსა, ხოლო მეორე მხრივ აფხაზ სერპარატისტებსა, რუს სამხედრო შენაერთებსა და ჩრდილოეთ-კავაკასიელ ბოევიკებს შორის. ომი ხასიათდებოდა ადამიანის უფლებების სერიოზული და ფართოდ გავრცელებული დარღვევებითა და სისასტიკით, ძირითადად, საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. ICRC-ს შეფასებით კონფლიქტის შედეგად დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაახლოებით 10-15 ათასი ადამიანი (თუმცა შეფასებები განსხვავდება და აღწევს 30 ათას), 250 ათასზე მეტი ქართველი გაძევებულ იქნა აფხაზეთიდან ეთნიკური წმენდის შედეგად. ომის შედეგად და სოხუმის დაცემის შემდეგ, რომელიც სეპარატისტულმა ძალებმა 1993 წლის 27 სექტემბერს რუსული ჯარების დახმარებით აიღეს, საქართველომ  დაკარგა კონტროლი რეგიონზე. 2008 წელს რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთს საქართველოს სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button