2023 წლის 26 ივლისის დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ნიგერში სამხედროებმა გადატრიალება მოაწყვეს და ძალაუფლება ჩაიგდეს ხელთ. ამრიგად, შეიკრა სამხედრო რეჟიმების ჯაჭვი წითელი ზღვიდან გვინეის ნაპირებამდე, რომელიც ექვს აფრიკულ სახელმწიფოს აერთიანებს. დღესდღეობით გვინეას, მალის, ბურკინა-ფასოს, ნიგერს, ჩადსა და სუდანს ანტიამერიკული, ანტიევროპული (ანტიფრანგული) და კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი ხუნტები მართავენ, რომლებიც ხელისუფლებაში ბოლო სამი წლის განმავლობაში მოვიდნენ.
მომზადებულია The New York Times-ის მასალაზე დაყრდნობით
რატომაა ეს მნიშვნელოვანი?
- ნიგერი ბოლო ქვეყანა იყო, სადაც საფრანგეთს მნიშვნელოვანი სამხედრო კონტინგენტი ჰყავდა რეგიონში – ნიამეს საჰაერო ბაზაზე, საიდანაც ტერორისტულ აქტივობას აკონტროლებდა.
- აღნიშნული ქვეყნებიდან ყველა, სუდანის გარდა, “ფრანსაფრიკის” ნაწილი იყვნენ. საფრანგეთისა და მისი ყოფილი კოლონიების დრამატული ურთიერთობები მტკივნეულად სრულდება. აფრიკაში დასავლური და ევროპული გავლენა ძალიან სწრაფად მცირდება იმ ფონზე, ხოლო რუსეთი ამას ხელს უწყობს და შექმნილი ძალის ვაკუუმის შევსებას ცდილობს;
- უკრაინაში შეჭრის გამო იზოლირებული ვლადიმერ პუტინი ახალ მეგობრებს დასავლეთზე გულმოსულ არაკანონიერ აფრიკელ ლიდერთა შორის ეძებს. ჯერჯერობით კრემლს შთამბეჭდავი შედეგები არ აქვს, თუმცა მომავალში აფრიკული სახელმწიფოების ნაწილი შესაძლოა აგრესორი რუსეთის ხმაურიან ქომაგებადაც მოგვევლინონ;
- რუსეთის პოლიტიკური გაძლიერების საშიშროებაც რომ იქით იყოს, დასავლეთი მზარდი ტერორისტული საფრთხის წინაშე დგას. ცოტამ თუ იცის, რომ გლობალური ტერორიზმის შემთხვევების 40%-ზე მეტი სწორედ ამ, საჰელის რეგიონში ხდება. აქამდე ჯიჰადისტების შეკავებას აწ უკვე რეგიონის დატოვების გზაზე მყოფი ფრანგები და ამერიკელები ცდილობდნენ, ახლა კი ეს ტერიტორია სუსტი ადგილობრივი სამხედრო ძალებისა და აფრიკელთა ხოცა-ჟლეტაში მხილებული ვაგნერელების იმედად დარჩეს;
- დღესდღეობით ანტიდასავლური განწყობის სამხედროები იკავებენ უზარმაზარ აფრიკულ ტერიტორიებს, რომლებიც მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და უმნიშვნელოვანესია დასავლური ეკონომიკური ინტერესებისთვის. მაგალითად, კონკრეტულად ნიგერი გამოირჩევა ურანისა და ნავთობის მარაგებით.
გადატრიალებების რეალური მიზეზები და საფრანგეთი, როგორც განტევების ვაცი
საჰელის რეგიონში მიმდინარე გადატრიალებები ძირითადად ადგილობრივ ელიტებს შორის დაპირისპირების შედეგებია. ნიგერის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება ხუნტის ლიდერის პირადი ამბიციებით იყო განპირობებული და არა მაინცდამაინც ფრანგული გავლენის აუტანლობით.
მითუმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ ემანუელ მაკრონის პრეზიდენტობის პირობებში, საფრანგეთმა კოლონიური წარსულის შეცდომების აღიარება აქტიურად დაიწყო და აფრიკულ სახელმწიფოებთან თანასწორი ურთიერთობების შენების აღთქმაც დადო. ამის მიუხედავად, ნიგერში გავრცელებული ძალადობა, სიღარიბე და გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები – მათ შორის რუსული/ვაგნერული პროპაგანდის წახალისებით – პარიზს დაბრალდა, ამბოხი კი შესაბამისად დეკოლონიზაციის პათოსით წარიმართა.
არადა, მალის მაგალითზე გამოჩნდა, რომ საფრანგეთის უარმა ყოფილი კოლონიების საქმეებში აქტიურ ჩარევაზე პირიქით, შიდასახელმწიფოებრივი ძალადობის ზრდა გამოიწვია და სწორედ ის მოქალაქეები დააზიანა, რომლებიც ფრანგებისაგან “განმათავისუფლებელ” სამხედროებს სიხარულით ეგებებიან დედაქალაქებში.
მაშ რა ხდება და რა შუაშია რუსეთი?
ჯერჯერობით ნიგერის სამხედრო გადატრიალებების მოწყობაში რუსეთის პირდაპირი მონაწილეობის სამხილები არ მოიპოვება. ამის მიუხედავად, საჰელის რეგიონის პროდასავლური მთავრობების დამხობისათვის ნიადაგის მომზადებაში რუსეთის კვალი მკაფიოდ ჩანს.
რამდენად ირონიულადაც უნდა ჟღერდეს, უკრაინაში დაპყრობითი ომის მწარმოებელი რუსეთი, კიევიდან სამხრეთით რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით, დეკოლონიზაციის მედროშედ გვევლინება. საჰელის რეგიონში ეფექტურად მუშაობს რუსეთის პროპაგანდა. შედეგად, მაგალითად მალის მოსახლეობის 80 პროცენტს სჯერა, რომ საფრანგეთის ბაზის დახურვა სახელმწიფოს მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას არ იქონიებს, ხოლო 69 პროცენტი აცხადებს, რომ რუსეთი შეძლებს მალის უსაფრთხოების დაცვას.
ხშირად რთულია რეალურ სამყაროში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე სოციალური მედიის გავლენის შეფასება. ამ კუთხით აფრიკაში ვითარება შედარებით მარტივია. ჩანს, რომ საჰელის რეგიონის მოსახლეობა აქტიურად უსმენს სოციალურ მედიაში შექმნილ რუსულ პროპაგანდისტულ ანგარიშებს, რომლებიც აქებენ პუტინსა და მუამარ კადაფს, აკრიტიკებენ “კოლონიზატორ” საფრანგეთს, ლანძღავენ “ნაცისტ” უკრაინელებს და აფრიკელთა იმედად ვაგნერელებს ასაღებენ. შედეგად, გასაკვირი არ არის, რომ ნიგერსა თუ ბურკინა-ფასოში საპროტესტო გამოსვლებზე ხშირად ვხედავთ რუსეთის დროშას, რომლის ენერგიულად ფრიალის პარალელურადაც მომიტინგეები საფრანგეთს სიკვდილს უსურვებენ.
საინფორმაციო ომში ჩართულია თავად რუსეთის პრეზიდენტიც. სწორედ აფრიკის სახელმწიფოების დასავლეთის წინააღმდეგ დარაზმვას ემსახურებოდა ივლისის ბოლოს პეტერბურგში ჩატარებული აფრიკის სამიტიც, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი მასპინძლობდა. პუტინმა ვერ მოახერხა სასურველ მასშტაბებზე გასვლა და მოუწია, 17 ლიდერთან აფრიკულ აუდიენციას დასჯერებოდა. ამის მიუხედავად, ჩანს, მან მაინც შეძლო საჰელის ზოგიერთი სამხედრო ლიდერის გულის მოგება. მაგალითად, კმაყოფილების გამოსახატად, ბურკინა-ფასოს ახალგაზრდა ლიდერმა სამიტზე რუსეთს გულმხურვალედ აღუთქვა “მეგობრობა და მხარდაჭერა.”
“ვაგნერის ჯგუფი” აფრიკაში
ნიგერში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ, ერთი შეხედვით, შუალედური პოზიცია დაიკავა. კრემლმა მხარეებს თავშეკავებისაკენ მოუწოდა და სახელმწიფოში კანონის უზენაესობის აღდგენის სურვილი გამოთქვა.
თუმცა, ალბათ რუსეთის რეალური განწყობა მეტად ჩანს თითქოსდა განდეგილი ვაგნერელი პრიგოჟინის განცხადებაში, რომელმაც მყისვე მიულოცა ნიგერის ხუნტას და დახმარებასაც კი დაჰპირდა.
ნიგერის მმართველი ხუნტა უკვე დაყაბულდა ვაგნერის შეთავაზებას.
კრემლის წინააღმდეგ ბოლოდროინდელი გალაშქრების მიუხედავად, პრიგოჟინის დაქირავებული მეომრები პუტინის მთავარი დასაყრდენია აფრიკაში, განსაკუთრებით საჰელის რეგიონში.
მათი პირდაპირი კავშირი კრემლთან იმითაც დადასტურდა, რომ რუსეთში ვაგნერის “აჯანყებით” შეფიქრიანებული აფრიკულ კლიენტ რეჟიმებს ლავროვმა ტელევიზიით აცნობა, სადარდებელი არაფერი გაქვთ და ვაგნერელები კვლავაც გააგრძელებენ თქვენს დაცვა-მხარდაჭერასო.
2021 წლის მალის აჯანყების შემდეგ, ვაგნერმა – ოფიციალურად ჯიჰადისტებთან ბრძოლის საბაბით – ათასამდე მეომარი გაგზავნა ამ ქვეყანაში. მანამდეც, პრიგოჟინის ჯგუფი აქტიურად მუშაობდა რეგიონში. ის მონაწილეობდა აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში, წარმართავდა პროკრემლისტურ საინფორმაციო ოპერაციებს და მოკავშირეებს სამხედრო წვრთნით უზრუნველყოფდა. მალის გარდა, ვაგნერი აქტიურობს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სადაც ბუნებრივი რესურსების ძარცვას მფარველობს. არსებობს საფრთხე, რომ შესაძლოა დომინანტური უცხოური ძალის პოზიცია ბურკინა-ფასოშიც დაიკავოს.
დღეისათვის, ვაგნერის აფრიკული გავლენა საჰელის რეგიონს ნაკლებად სცდება და ეს დაჯგუფება კონტინენტის დემოკრატიულ სახელმწიფოებში მკვეთრად ანტაგონისტურ განწყობებს იწვევს. ამის მიუხედავად, ოკეანიდან ოკეანემდე საჰელის ხუნტების სარტყლის შეკვრა დასავლეთის სახელმწიფოებს იმითაც აშინებს, რომ თავზეხელაღებული ვაგნერელები კიდევ უფრო გაძლიერდებიან როგორც სამხედრო, ისე ფინანსური თვალსაზრისით, რაც გაამყარებს კრემლის პოზიციებს მოწყვლად აფრიკაში.
რას უნდა ველოდეთ?
დემოკრატიული რევოლუციების მსგავსად, სამხედრო გადატრიალებებიც გადამდებია და ეს ძალიან კარგად ესმით რეგიონში არსებულ არასამხედრო რეჟიმებს. საჰელში ნიგერის გადატრიალება რიგით მეექვსე იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში და ცხადია, ტენდენციის გაგრძელების შიში ბუნებრივია.
სწორედ ამიტომ, ნიგერის გადატრიალების კვალდაკვალ, დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკურმა თანამეგობრობამ (ECOWAS) დაგმო ხუნტის ქმედებები და მათ ძალადობრივად გადაყენებული პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანამეგობრობა სამხედრო ჩარევით იმუქრება.
დღეს რეგიონში ვითარება ძალიან დაძაბულია. ნიგერიამ პროტესტის ნიშნად ნიგერს ელექტრომომარაგება შეუწყვიტა (მანამდე ნიგერი ელექტროენერგიის 70 პროცენტს სწორედ ნიგერიისგან იღებდა). ხუნტამ ECOWAS-ის გაფრთხილება უგულებელყო და საჰაერო სივრცე ჩაკეტა. ასევე აქტიურად მიმდინარეობს დასავლეთის სახელმწიფოების მოქალაქეების ევაკუაცია. ჩანს, რომ რეგიონში სახელმწიფოთაშორისი სამხედრო დაპირისპირება უფრო და უფრო რეალური ხდება.
ევროპის მომავალი თავისტკივილი
კოლონიური წარსულის გამო, ევროპის სახელმწიფოებს აფრიკის ქვეყნებთან ურთიერთობის აწყობა უჭირთ. საფრანგეთი ბოლო ევროპული ქვეყანა იყო, რომელიც კონტინენტზე სამხედრო ძალებით ჩარევას არ ერიდებოდა. ახლა ეს ეპოქაც ისტორიას ბარდება.
ევროკავშირი აფრიკის ქვეყნებთან მისთვის ტრადიციული, ეკონომიკური და ექსპერტიზით დახმარების გზას ადგა. კერძოდ საჰელთან დაკავშირებით “უსაფრთხოებისა და განვითარების” ჩარჩო 2011 წელს შეიქმნა და მისი გავლით რეგიონში ექსტრემიზმის შეკავებასა და კარგი მმართველობის წახალისებას ლამობდა. თუმცა ეს ძალისხმევა ახლა წყალში ჩაიყარა.
ევროკავშირის აფრიკასთან თანამშრომლობის მთავარი პოლიტიკური ვექტორი აფრიკის კავშირთან (African Union) ურთიერთობაზე გადის, მაგრამ გარკვეული წარმატებების მიუხედავად, ეს ძირითადად დიპლომატიური არხია.
არადა, ევროპას რომ მიგრაციული პრობლემები აწუხებს, მათი სათავე ხშირად სწორედ ისეთ გადატრიალებებში იმალება, რომელიც ახლა ნიგერში მოხდა. ჯიჰადისტებისა და ვაგნერი გავლენის ზრდა ბევრ გაუბედურებულ ადამიანს დააყენებს ნაღდ სიკვდილსა და ევროპისკენ რისკიანი მოგზაურობის არჩევანის წინაშე.
დღეს, ბრიუსელის თვალი თავად ევროპასი მიმდინარე დიდი ომისკენაა მიპყრობილი, მაგრამ აფრიკაში მომხდარი ამბები მომავალი დიდი თავისტკივილის მაუწყებელია. სავარაუდოდ ევროპულ დედაქალაქებს მალევე მოუწევთ, გაუმკლავდნენ არამხოლოდ რადიკალურად გაზრდილ ტერორისტულ საფრთხეს, არამედ ადგილზე შექმნილ ჰუმანიტარულ კატასტროფასა და მიგრაციის დიდ ტალღასაც.
მიმოხილვა მოამზადა გიორგი ქელბაქიანმა.