2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეგებ ღირდეს, „ქართული ოცნების“ ოპონენტებმა ამომრჩეველს საქართველოს უახლესი ისტორიის უფრო დამაჯერებელი ქრონოლოგია შესთავაზონ. 2003-2020 წლები რეფორმების 17 წლად შეიძლება იქნას წარმოჩენილი, როდესაც ხელმძღვანელი პირების უმრავლესობა ქვეყნის წინ წაწევას ცდილობდა.
ჰანს გუტბროდი რეგულარულად წერს სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებზე. Twitter-ზე მისი ანგარიშია https://twitter.com/HansGutbrod
ამ პერიოდში ბევრმა მიღწევამ გააუმჯობესა საქართველოში ადამიანების ყოველდღიური ყოფა. სახელმწიფოსთან საქმისწარმოების გამარტივებასთან ერთად, აღნიშვნის ღირსია ზოგიერთი ნაკლებად თვალშისაცემი მიღწევაც, რომელთაც ბევრი უკვე შეეჩვია: ქუთაისის აეროპორტის მშენებლობა; ევროპაში იაფად და მარტივად მოგზაურობის შესაძლებლობა; რამდენიმე ახალი მატარებელი და ახალი ავტობუსები; რესტორნებში მოწევის აკრძალვა; განახლებული მუზეუმები არა მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც; უკეთესი პარკები; და უფრო ჰუმანური პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით.
ამ 17 წლის მანძილზე მძიმე შეცდომებიც მოხდა. ზოგიერთი მათგანი კეთილი განზრახვით – მაგალითად, პარლამენტის ქუთაისში გადატანით ქალაქის აღორძინებისკენ მიმართული ძვირადღირებული ექსპერიმენტი. იყო შემთხვევები, როცა საქმე აშკარად არასწორ ადამიანებს ჩააბარეს. რამდენიმე მათგანი შესაძლოა კომპეტენტური მმართველიც გამოსულიყო, ოღონდ შეუზღუდავი ძალაუფლების პირობებში, ვეღარ შეძლეს საკუთარი მანკიერი ან შურისმაძიებლური იმპულსების შეკავება. ბევრჯერ, მთავრობა ზედმეტად მკაცრად გაუსწორდე საპროტესტო აქციებს – ყველაზე ნიშანდობლივი ეს 2007, 2011 და 2019 წლებში იყო, თუმცა სხვა არაერთი ძალადობრივი ინციდენტიც მოხდა წლების განმავლობაში. ამ ძალადობისთვის, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სათანადოდ პასუხი არავის უგია.
თუმცა, საერთო ჯამში, მნიშვნელოვანი წინსვლა სახეზეა. მინისტრების, მათი მოადგილეების და საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი ცდილობდა ამბიციური რეფორმების გატარებას. სირთულეების მიუხედავად, საქართველო თორმეტნახევარი წლის განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა იყო. ამან ხელშესახები სარგებელიც მოიტანა: უკიდურესი სიღარიბის რეალური შემცირება. ბევრი ოჯახი ძველზე ბევრად უკეთ ცხოვრობს, თუმცაღა, ამას შეიძლება სრულად ვერ აღიქვამდნენ, რადგან მათი მეზობლების ცხოვრებიც დონეც გაუმჯობესდა.
ბევრი მიღწევა იყო. ოღონდ ახლა, წინსვლის ამბიცია გაქარწლებულია.
წინსვლის იმპულსი 2021 წლის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დაბრუნების შემდეგ დასრულდა. მას შემდეგ საქართველოს სათავეში უდგას მცირე ჯგუფი, რომელსაც, საკუთარი თავისა და უახლოესი მეგობრების კეთილდღეობის გარდა, როგორც ჩანს, საერთოდ არ აინტერესებს, რომ ქვეყანაში სიკეთე ხდებოდეს. კვირა არ გავა, რომ ოპონენტებს თავხედი მოზარდივით არ დაესხან თავს.
ამასთან, იგივე ბანდა ცდილობს, დაანგრიოს ათწლეულებით ნაშენები ინსტიტუტები, როგორიცაა საქართველოს ეროვნული ბანკი, უამრავი კულტურული დაწესებულება, მათ შორის საქართველოს განთქმული კინემატოგრაფია. საჯარო სამსახურიდან კომპეტენტურ საჯარო მოხელეებს იშორებენ და მათ ნაკლებად კვალიფიციური და ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პირებით ანაცვლებენ. საითაც არ უნდა გაიხედო, ვითარება მსგავსია.
ცოტა ხნის წინ განათლების სფეროში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მმართველის, როინ მეტრეველის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელად დანიშვნა რადიკალურად არასწორი მიმართულებით სვლის კარგი სიმბოლოა.
დიახ, მთავრობაში და საჯარო სამსახურში შემორჩენილია რამდენიმე კომპეტენტური ტექნოკრატი, მაგრამ ისინი გადაშენების პირას მყოფ სახეობას წარმოადგენენ.
მმართველ პარტიას, რომელიც დაბალ დონეზე ძირითადად თაღლითებისგან შედგება, უამრავ პატარა, აშკარა და აღმაშფოთებელ დარღვევაზე გადააქვს ყურადღება, ამასობაში კი საკუთარ ნათესავებსა და მეგობრებს სუბსიდიებს ურიგებს და მათთან კონტრაქტებს აფორმებს.
დამაჯერებელი და დამაბნეველი
თუკი ბოლო 20 წლის ამბავს ამგვარად მოვყვებით – 17 წლის განმავლობაში ამბიციური რეფორმები ტარდებოდა, თუმცაღა სერიოზული შეცდომებით, ხოლო უკანასკნელ ხანებში კი სწრაფი უკუსვლა ხდებაო – ეს ამბავო დამაჯერებლად ჟღერს, თუმცა გარკვეულწილად დამაბნეველიცაა, რადგანაც უჩვეულოა.
აქამდე, საქართველოში უახლესი პოლიტიკურ ქრონოლოგიას ორ ეტაპად ჰყოფდნენ: ნაციონალური მოძრაობის მმართველობა 2003 წლიდან და 2012 წლის შემდეგ კი – „ქართული ოცნების“ მმართველობა.
დროის ამგვარი ათვლა „ქართული ოცნების“ ამჟამინდელ ხელმძღვანელობას აწყობს. ისინი ხომ სულ იმას ამბობენ, რომ მათი პარტიიდან წასულები ნაციონალურ მოძრაობაში გადაბარგდნენ – ღიად ან ფარულად. არადა, უფრო დამაჯერებელია იმის თქმა, რომ იმ ხალხის უმეტესობა, ვინც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დატოვა, თავდაპირველად რაღაც იდეალებს მაინც ემსახურებოდა – და მათი წასვლა კი იმის ნიშანია, რომ პარტიაც და ჩვენც დღეს სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ ეპოქაში ვართ.
არის თუ არა ფორმილირება „რეფორმების 17 წლისა და ახლანდელი სწრაფი უკუსვლის“ თაობაზე ისტორიულად აკურატული? ამას ისტორიკოსები მოგვიანებით განსჯიან. თუმცა, ამბის ამგვარად მოყოლა პოლიტიკურად მიზანშეწონილად კი მოჩანს.
მაშინ, როცა ყველა კარგა ხანია ერთსა და იმავე გაცვეთილ ფრაზებს იმეორებს, პოლიტიკური დროის ახლებური ათვლის შესახებ საუბარი დაგვეხმარება, ავუხსნათ იმ ასიათასობით მოქალაქეს, ვინც თავდაპირველად „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, რომ როგორიც არ უნდა ყოფილიყო მათი არჩევანი წარსულში, დღეს „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემა სულ სხვა, დესტრუქციული პოლიტიკის მხარდაჭერას ნიშნავს.
ამგვარად ამომრჩეველთან საუბარმა შესაძლოა იმიტომაც იმუშავოს, რომ ის გარკვეულწილად მოულოდნელია. იმის აღიარებამ, რომ წარმატებებიც და შეცდომებიც ორი თავგადაკლული პოლიტიკური მოწინააღმდეგის ადმინისტრაციებს შორის იმაზე უფრო თანაბრად იყო გადანაწილებული, ვიდრე ისინი ამას ხშირად აღიარებენ, შესაძლოა პოლარიზებული ამომრჩევლის გაერთიანებაში თავისი წვლილი შეიტანოს.
ეს შექმნის სააზროვნო და ემოციურ სივრცეს იმისთვის, რომ მხოლოდ სხვების შეცდომების კრიტიკის მიღმაც გავიხედოთ. ფორმულირება „რეფორმების 17 წელი“ გვერდს აუქცევს იმ გამყოფ ხაზს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს. ის უკუაგდებს ნარატივს „სისხლიანი ცხრა წლის“ შესახებ, რომელსაც მმართველი გუნდი ყველა იმ ადამიანის გასაშავებლად იყენებს, ვინც 2003 წლის შემდგომ პერიოდს დადებითად აფასებს.
ის მომავლის პერსპექტივასაც სახავს და გვეუბნება, მოდით, დავუბრუნდეთ იმ წინსვლას, რომელიც ადრე შესაძლებელი იყო, გავერთიანდეთ და აღარ გავიმეოროთ ადრე დაშვებული შეცდომები. (ბუნებრივია, ამისათვის საგნობრივი პროგრამაა და ხედვაა საჭირო, რისი მაგალითიც აქ შეგიძლიათ იხილოთ.)
ამგვარი ფორმულირების კიდევ ერთი უპირატესობაა ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის ყველაზე უარეს ასპექტებზე ფოკუსირება და მათ მიერ შემოტანილი განხეთქილების მუხტის გაბათილება. დიახ, ამგვარმა მიდგომამ შეიძლება გადაიტანოს ყურადღება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისგან, თუმცა შესაძლოა მისი პარტიის მორალი კი შეასუსტოს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი ამომრჩეველი ფიქრობს, რომ ივანიშვილი ისეთი ოპონენტია, რომლსაც პირდაპირი შეტევით ვერ დაამარცხებ, მის ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით და იმიტომაც, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად საჯარო მმართველია.
დაყოფის იდეოლოგიის განმახორციელებელ პარტიას შიგნით განხეთქილების შეტანა შეიძლება იმიტომაც იყოს ღირებული, რომ მასზე შუბლით შესკდომა ნაკლებად პერსპექტიული ჩანს. თუკი მათ მფარველს “ორი ირაკლის” ტოქსიკური დუეტის ჩამოშორება მოუწევს, ეს ფუნდამენტურ პრობლემას არ გადაჭრის. თუმცა, მათი უკანა პლანზე გადაყვანა საქართველოს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.
დიახ, საკითხავია, რამდენად მოახერხებენ „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეები დისციპლინირებულად გაახმოვანონ “რეფორმების 17 წლის” გზავნილი, მასზე რომც შეთანხმნენ.
ოღონდ აქ ისიც ვახსენოთ, რომ ალბათ, თავი უნდა დავანებოთ “ოცნების” ყველა ოპონენტის ერთ ქვაბში მოხარშვას და რაღაც კოლექტიურ „ოპოზიციაზე“ საუბარს. პროცესში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებია ჩართული და ისინი საკმარისად მრავალფეროვანნი არიან იმისათვის, რომ ერთი სუბიექტად არ ვსახავდეთ.
ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებას მხოლოდ ერთ გზავნილზე ფოკუსირება ვერ მოიტანს. როგორც ცოტა ხნის წინ ლევან ცუცქირიძე წერდა, წარმატება გულისხმობს დამაჯერებელი, ავთენტური და რეალისტური მიდგომების მოძიებას.
მომავალში, მაგრამ როდის?
დროის აღქმა მნიშვნელოვანია წარსულის შესაფასებლად და მომავლის დასანახად. მომავალი არჩევნები უნდა დავსახოთ, როგორც უკუსვლის დასრულებისკენ შეუქცევად გზაზე ერთი ეტაპი – 2024 ხარისხობრივი ცვლილება უნდა იყოს სწორი მიმართულებით და არა გადამწყვეტი ბრძოლა.
როგორც ვიქტორ ფრენკელმა აღნიშნა, ოღონდ ბევრად უფრო დრამატულ კონტექსტში, პირველი ისინი იღუპებიან, ვისაც სჯერა, რომ მრუმე დღეების დასასრული კართანაა. როდესაც სიბნელე უკან არ იხევს, ისინი მორალურად ნადგურდებიან. შემდეგ ისინი იღუპებიან, ვისაც მიაჩნია, რომ სინათლე აღარასდროს დადგება – მათ ბრძოლის გაგრძელების ნება აღარ აქვთ.
სწორედ ამ ჭრილში შეიძლება გავიგოთ იმ ადამიანების დამარცხება, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებას აქამდე შეეცადნენ: ისინი ტოტალური გამარჯვების იმედით, ენთუზიაზმით წავიდნენ არჩევნებზე და მაშინვე განადგურდნენ, როგორც კი მათი მაქსიმალისტური მოლოდინები არ გამართლდა.
როცა განიხილავენ, როგორ დაუპირისდპირდნენ „ქართული ოცნების“ დომინირებას, მთავარი ყურადღებას იმაზე ამახვილებენ ხოლმე, თუ ვინ, რა და როგორ უნდა გააკეთოს. ვინ უნდა უხელმძღვანელოს? რა უნდა გააკეთონ მათ? როგორი კამპანია უნდა აწარმოონ?
ეგებ, თანაბრად მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმაზეც, თუ როდის რა მოხდა წარსულში და როდის რა უნდა გაკეთდეს მომავალშიც.
This post is also available in: English (ინგლისური)